ავტორი:

"გაუსაძლისმა სიცხეებმა ჯაბას ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად იმოქმედა... მკურნალობა გაორმაგებულად სჭირდება" - შვილის გადასარჩენად მამის ბრძოლა გრძელდება

"გაუსაძლისმა სიცხეებმა ჯაბას ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად იმოქმედა... მკურნალობა გაორმაგებულად სჭირდება" - შვილის გადასარჩენად მამის ბრძოლა გრძელდება

"ეს ზაფხული ჯაბას საშინელი სიცხის გამო მართლა სერიოზულად გაუჭირდა. მისთვის იმდენად დამთრგუნველი იყო ეს მაღალი ტემპერატურა, რომ გამუდმებულად კრუნჩხვები ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლეც გამუდმებულად შიშის ქვეშ ვიყავით, რაიმე ფატალური შედეგი არ დამდგარიყო“ - გვეუბნება შშმ პირის ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც თავადაც შშმ პირია. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე ათეული წელია, შვილის ჯანმრთელობისთვის და მისი სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. გოგიტა მურცხვალაძე:

- ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ჩემს მეუღლეს მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს. ჯაბა უკვე 32 წლის არის, ამ ხნის მანძილზე სულ მას უწევდა მისი აწევა, დაწევა, დაბანა, ჩაცმა, რაც ბოლო დროს მის ჯანმრთელობაზეც აისახა. თირკმელი მთლიანად გაუჩერდა. მოსალოდნელი იყო ორგანიზმის მოწამვლა და ოპერაცია მამა-შვილმა ხვადაგიანებმა გაუკეთეს. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, მეუღლეს ხელი შევუწყო, რომ მწყობრში დროზე ჩადგეს. ამ პერიოდში მეც ინსულტმა გამიმეორა, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადავრჩი. მეუღლეზე ვიფიქრო, შვილზე თუ საკუთარ თავზე - უკვე აღარ ვიცი. ძალიან დამთრგუნველი წელი მქონდა. ამასთან ვიყავი ლეჩხუმში და ყველა წმინდა ადგილი და ტაძარი მოვილოცე, სადაც ყველა ის ადამიანი შევავედრე, ვინც წლებია, მხარში გვიდგას და ჩვენთვის თითო თეთრს არ ინანებს. მათი ჯანმრთელობისთვის, ოჯახების კეთილდღეობისთვის ვილოცე. თითოეულს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ხალხის, საზოგადოების თანადგომა რომ არ იყოს, ოჯახს სერიოზულად გაუჭირდებოდა.

- აღნიშნეთ, რომ ჯაბას ცხელი ზაფხულის გადატანა გაუჭირდა. ახლა როგორ არის?

- კი, გაუსაძლისი სიცხე იყო, ამან მის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად იმოქმედა. ამიტომ გამოკვლევები, თუ მკურნალობა გაორმაგებულად სჭირდება. ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რომ მის ცხოვრებაში ფატალური შედეგი არ დადგეს. შვილი დიდხანს უნდა მყავდეს ცოცხალი... არადა, ხომ ვამბობ, ამ ზაფხულს უძლიერესი კრუნჩხვები ჰქონდა და ძალიან შეგვაშინა, კინაღამ გამოვიტირეთ. ერთიც არის, სისხლისდენა ამ ეტაპზე არ ჰქონია. ადრე „სალმის ტიპის“ გულყრა დღეში 20-25-ჯერ რომ ემართებოდა, მკურნალობაში ხალხური მედიცინაც ჩავრთეთ, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. გულყრის რაოდენობა შეამცირა, მაგრამ მძიმე ფორმის გახდა. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა. ასე რომ, საზოგადოებას ისევ დახმარებას ვთხოვ. მათი დამხმარეებით, მხარდაჭერით გვიდგას სული და მათგან ახლაც იმავეს მოველი. უფალს კი იმას ვთხოვ, რომ ქველმოქმედი ადამიანები კარგად იყვნენ, რომელთა დახმარებით იქნებ კიდევ დიდხანს ვაცოცხლო ჩემი შვილი.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ, დაეხმაროთ ჯაბას: საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი.

მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.

ანგარიში: GE57TB7080645064300028 ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000