ავტორი:

გახარია-ხაზარაძის აუდიენცია პრეზიდენტთან ორბელიანების სასახლეში წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა - რა განცხადებები გააკეთეს ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ?

გახარია-ხაზარაძის აუდიენცია პრეზიდენტთან ორბელიანების სასახლეში წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა - რა განცხადებები გააკეთეს ლიდერებმა  შეხვედრის შემდეგ?

ორბელიანების სასახლეში "გახარია - საქართველოსთვის" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე წუხელ, გვიანობამდე მართავდნენ კონსულტაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

  • "მადლობა პრეზიდენტს და გიორგის [გახარიას] რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში, ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

"მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.

ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ . რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები, პენსიები, სტუდენტების დასაქმება და რაც მთავარია, ემიგრაციის შეჩერება. ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე.

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში. ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა. 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მხარეებს შორის კონსულტაციები დღეს გაგრძელდება.

  • გიორგი გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია.

"მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

მე გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს. სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო, ისე ვერ დალაგდა, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც იმედი მაქვს, რომ ხვალ დღის განმავლობაში დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: