ავტორი:

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის ოფისში მისი მეუღლის მისვლისას სროლა ატყდა - დაშავებულებს შორის კავკასიელი სპორტსმენები არიან: რა არის ცნობილი სკანდალურ წყვილზე?

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის ოფისში მისი მეუღლის მისვლისას სროლა ატყდა - დაშავებულებს შორის კავკასიელი სპორტსმენები არიან: რა არის ცნობილი სკანდალურ წყვილზე?

მოსკოვის ცენტრში, Wildberries-ის მთავარი ოფისის მახლობლად, სროლა მოხდა. კომპანიის ხელმძღვანელმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ოფისების დაკავებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

"დღეს ადამიანთა ჯგუფმა, ვლადისლავ ბაკალჩუკის, სერგეი ანუფრიევისა და ვლადიმირ ბაკინის ხელმძღვანელობით, სცადა მოსკოვში Wildberries-ის ოფისების დაკავება" – განაცხადა რუსეთში უდიდესი ონლაინ-რიტეილერის დამფუძნებელმა და ქვეყნის უმდიდრესმა ქალმა (Forbes-ის შეფასებით მისი ქონება 7,4 მილიარდ დოლარს შეადგენს).

"სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ესენი იყვნენ Wildberries-ის ოფისის დაცვის წევრები" - წერენ "ინტერფაქსი" და ТАСС თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, მათ შორის ორმა სამართალდამცველმა.

გამოძიება აღძრულია სხვადასხვა მუხლებით: „მკვლელობა“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), „ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა“ (30-ე მუხლის 3-ე ნაწილი, 105-ე მუხლის 2-ე ნაწილი), „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა“ (317-ე მუხლი), „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა“ (222-ე მუხლი) და „თვითნებობა“ (330-ე მუხლის 2-ე ნაწილი), წერს უწყების ტელეგრამ-არხი.

„ინტერფაქსის“ ცნობით, სროლის შემდეგ პოლიციაში დაახლოებით 30 ადამიანი გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლისას დაშავებულებს შორის მინიმუმ სამი კავკასიელი MMA-ის მებრძოლია.

  • Wildberries-ის ხელმძღვანელის ქმარმა, ვლადისლავ ბაკალჩუკმა, განაცხადა, რომ ის ოფისში კოლეგებთან ერთად მივიდა და "დაცვა და უცნობი პირები თავს დაესხნენ, რამაც შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია". მისი თქმით, სროლის დროს ერთ-ერთი მისი კოლეგა დაიჭრა.

ბაკალჩუკის ვერსიით, ის "ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე“ მივიდა, რათა "ახალი საწყობების მშენებლობის საკითხი განეხილა.“

"ვიცოდი, რომ პროვოკაციების შესაძლებლობა იყო, ამიტომაც მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ჩემს ხალხს არ ჰქონდათ იარაღი, ჩვენს უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა. პირველი გასროლები შენობის შიგნიდან, Wildberries-ის ოფისის მინის გავლით გაისმა,“ – ნათქვამია ვლადისლავ ბაკალჩუკის განცხადებაში.

მისი ცოლის, ტატიანა ბაკალჩუკის თქმით, მომხდარი წარუმატებელი მცდელობა იყო ბიზნესის მიტაცების.

"განცხადება იმის შესახებ, თითქოს მოლაპარაკებებზე მივიდა შეიარაღებული ჯგუფი, აბსურდულად ჟღერს, რადგან არანაირი მოლაპარაკება დაგეგმილი არ ყოფილა,“ – წერს ტატიანა ბაკალჩუკი.

ტელეგრამ-არხ „Осторожно, Москва“-ს ცნობით, მომხდარის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც რომანოვის შესახვევში მდებარე ბიზნეს-ცენტრის თანამშრომელია, განაცხადა, რომ შენობაში, სადაც Wildberries-ის მთავარი ოფისი მდებარეობს, შუადღეს ექვსი ან მეტი სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანი მივიდა. ისინი კაფეში ისხდნენ და თქვეს, რომ ვლადისლავ ბაკალჩუკს ელოდებოდნენ.

  • "დაახლოებით 12 საათზე, უცებ დაიწყეს სირბილი, კარისა და ლიფტის დამტვრევა. ყველაფერი მთავარ შესასვლელში ხდებოდა. შემდეგ სროლა დაიწყო, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული, ჩვენ დავიმალეთ, ხოლო როცა სიტუაცია დაწყნარდა, დაახლოებით 3-4 წუთის შემდეგ, სათადარიგო გასასვლელიდან გავედით,“ – იხსენებს თვითმხილველი.

ТАСС-ის ცნობით, Wildberries-ის ოფისთან სროლის დეტალების გამოსაკვლევად საქმეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჩაერთო.

ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკებს შორის კონფლიქტის შესახებ ცნობილი ივლისში გახდა, ჩეჩნეთის მეთაურის სტატუსიდან. მაშინ რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მასთან მივიდა რუსეთში ყველაზე მდიდარი ქალის, Wildberries-ის დამფუძნებლის ტატიანა ბაკალჩუკის ქმარი და უთხრა, რომ მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა როგორც ოჯახში, ასევე ოჯახური ბიზნესის მართვაში. ვლადისლავ ბაკალჩუკი ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი „უცნობ კომპანიასთან იყო დაკავშირებული, რომელიც გაერთიანების მიზნით ბიზნესს ართმევდა.“

კონფლიქტი დაკავშირებულია Wildberries-ის გაერთიანებასთან გარესარეკლამო ოპერატორ Russ Outdoor-თან.

Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანების შესახებ 18 ივნისს საღამოს განაცხადეს.

Forbes-ის ცნობით, ამ გარიგებამ გაურკვევლობაში ჩააგდო ბაზრის მონაწილეები: ვერავინ ხვდებოდა, რა სურდათ მხარეებს.

"Агентство“-ს ინფორმაციით, ეს გაერთიანება დაკავშირებული იყო ტატიანა ბაკალჩუკისა და Russ-ის დირექტორ რობერტ მირზოიანის რომანთან. მედიის ინფორმაციით, Wildberries-ისა და Russ Outdoor-ის გარიგებას პუტინი დათანხმდა.

ტატიანა ბაკალჩუკმა, მისი ქმრის რამზან კადიროვთან მიმართვის შემდეგ, განაცხადა, რომ ეს გარიგება არ წარმოადგენდა ბიზნესის მიტაცებას და შეთანხმებული იყო ვლადისლავ ბაკალჩუკთან, რომელთანაც ის განქორწინების პროცესში იმყოფებოდა. იმ დროისთვის მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი პირადად ესწრებოდა გაერთიანებული კომპანიის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას.

წყარო