ავტორი:

"დედინაცვალმა ჩემს ნახატებს ცეცხლი წაუკიდა, მითხრა, შენ კი არ ხატავ, თამაშობო... 35 წელი არ დამიხატავს" - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის დაბრუნება დიდი პაუზის შემდეგ

"დედინაცვალმა ჩემს ნახატებს ცეცხლი წაუკიდა, მითხრა, შენ კი არ ხატავ, თამაშობო... 35 წელი არ დამიხატავს" - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის დაბრუნება დიდი პაუზის შემდეგ

"უნდა ვიცნობდეთ შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს გარეთ საქართველოს აცნობენ" - ამ წარწერით ავრცელებს მაია კიკაბიძე ფოტოს. ფოტოზე კი მხატვარი მანანა ბაბიჩია. ის საფრანგეთში ცხოვრობს და თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებს მთელი მსოფლიო იცნობს.

მაია კიკაბიძე ბაბიჩის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:

- მიუხედავად იმისა, რომ მანანა ბაბიჩს ვიცნობდი, არ ვიცოდი რომ ხატავდა. როდესაც მისი ერთ-ერთი ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვნახე, დავინტერესდი მისი მხატვრობით, აღმოჩნდა, რომ ბევრი ნამუშევარი ჰქონია, ორიგინალები არ მინახავს, რადგან დღესდღეობით საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ სოც-ქსელით თითქმის ყველა ნამუშევარი დამათვალიერებინა... მანანა არის თვითნასწავლი მხატვარი, ერთიანობაში მისი ნამუშევრები ძალიან თბილია, გულწრფელი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ყველა მხატვარი გულწრფელია, მაგრამ მანანას ნამუშევრებში გულწრფელობა წინა პლანზე იხატება, იმდენად ხატოვნად გადმოსცემს ფერს და ფორმას რომ ბუნებრივი ხასიათი, არა ფოტოგრაფიული, არამედ ინდივიდუალურად აღქმული, ნატურალური ატმოსფეროს იდენტურია.

გული მწყდება დღესდღეობით მანანა საფრანგეთში რომ მოღვაწეობს, საქართველო არ უფრთხილდება ნიჭიერ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, გავა დრო და მანანა ბაბიჩის ნამუშევრები საფრანგეთის გალერეებს დაამშვენებს. იმედი მაქვს, მის გამოფენას საქართველოშიც ვიხილავთ, იქამდე კი სოციალური ქსელით თვალი უნდა ვადევნოთ მის შემოქმედებას, რადგან საზღვრების გარედან საქართველოს სახელი ჩანს, განსაკუთრებით მის საქართველოს თემებში, რომლებიც ძალიან თბილი და უცნაურად დანახულია, სხვა ახალი თვალით და ფერით.

ნიჭიერებით გამორჩეულ თვითნასწავლ მხატვარს მანანა ბაბიჩიას სასაუბროდ საფრანგეთში დავუკავშირდით. ამბობს, რომ მისი საყვარელი მხატვარი პიკასო და გუდიაშვილია:

- უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში დავიბადე, ძალიან პატარა ასაკიდან საქართველოში გავიზარდე, მამამ წამომიყვანა... მამას ორი ძმა ყავდა - ბორია და ვალოდია ბაბიჩები. ვალოდია სამამულო ომში დაიკარგა, შემდეგ გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა... ვალოდია უნიჭიერესი იყო, შესანიშნავად იცოდა ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, გერმანულად ისევე ბრწყინვალედ საუბრობდა, როგორც ქართულად. ამავდროულად გენიალური თვითნასწავლი მხატვარი იყო. მას ვეფხისტყაოსნის წიგნი ჰქონდა დახატული. სამწუხაროდ მისი ნახატები თბილისში მომპარეს. ბავშვობაში მის ნახატებს რომ ვუმზერდი, ძალიან მინდოდა მეც მეხატა, ხატვამ მიმიზიდა. ასე დავიწყე ხატვა, თავდაპირველად ადამიანებს, ყვავილებს ვხატავდი. წიგნებიდან, გაზეთიდან ვიხატავდი, მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა... შემდეგ იდეები მომდიოდა, რაღაცებს ჩემით ვხატავდი. ხატვა 17 წლის ასაკში დავიწყე, 19 წლისას მინდოდა, მოსე თოიძის სასწავლებელში ჩამებარებინა... დედამ (დედინაცვალმა) შენ კი არ ხატავ, თამაშობო, ძალიან გაბრაზდა, გაიტანა ჩემი ყველა ნახატი, დახია და ცეცხლი წაუკიდა. ასე გამინადგურა პირველი ნახატები, რამაც ძალიან გული მატკინა და ხატვა შევწყვიტე.

- რატომ მოიქცა ასე?

- მას არ სურდა აღიარებული ადამიანი ვყოფილიყავი, რადგან მისი გერი ვიყავი, ყურადღებას დიდად არ მაქცევდა... 35 წლის მანძილზე ფანქარი ხელში აღარ ამიღია... შემდეგ ისე მოხდა, რომ ანტალიაში ვიყავი შვილთან, შვილიშვილთან ერთად და ერთ დღეს ხელში ფანქარი ავიღე და როგორც თავდაპირველად, ისევ ისე ხატვა დავიწყე. ეტყობა ხატვა ძალიან მენატრებოდა, ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი გოგო ძალიან მეხმარებოდა. მეგობრები ფულს ამერიკიდან, საბერძნეთიდან მიგზავნიდნენ, ოღონდაც ხატე და ყველანაირად გვერდით დაგიდგებითო... შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოდან წამოვედი და ჩემი ყველა ნახატი ჩემს დასთან, დისშვილთან დავტოვე. ძალიან ვნანობ, თან რომ არ წამოვიღე. იმედი მქონდა, რომ გამომიგზავნიდნენ, მაგრამ დღეს იმ ნახატების გამოგზავნა ძალიან რთულია. საფრანგეთში სპეციალურ სასტუმროში ვცხოვრობდით, სადაც ხატვა ისევ გავაგრძელე...

სოციალურ მუშაკებს არ სჯეროდათ, თუ ჩემი ნახატები იყო, მაგრამ მთელი კედლები რომ ჩემი ნახატებით სავსე ნახეს, თვითონაც მოინდომეს ეს ნახატები მათაც ჰქონოდათ. ვაჩუქე მათაც და მერიის თანამშრომლებსაც. დღეს ზოგიერთს სახლში აქვს კედელზე განთავსებული, ზოგს კაბინეტში... შემდეგ სოციალურმა მუშაკმა ყველა ჩემს ნახატს ფოტო გადაუღო და მერიაში წაიღო. ქალაქის მერი დაინტერესებულა, ეს ქალბატონი ვინ არისო და როდესაც მოახსენეს, მთავრობის გადაწყვეტილებით ჩემი ნახატების გამოფენა მოეწყო... ორი ნახატი განსაკუთრებულად მოეწონათ, ორივე მერიას ვაჩუქე.

მალე საქართველოში წიგნი იბეჭდება, სადაც ჩემს შესახებ იქნება შეტანილი... სულ ვხატავ, არ გავჩერებულვარ. ხატვა ჩემთვის ყველაფერია, ღამეებიც კი გამითენებია. სანამ ნახატს არ დავამთავრებ, მოსვენებას ვერ ვპოულობ, რადგან წინასწარ ვიცი, რომ ძალიან კარგი გამოვა. მუზა როცა მომდის, ჩანახატებს ვაკეთებ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ სამომავლოდ მსურს, ძალიან აღიარებული მხატვარი გავხდე. ამას ყველგან ვამბობ, რადგან იმ დონეზე ვხატავ, საინტერესო შემოქმედება მაქვს. მსურს ძალიან დიდი ტილო ვიყიდო, რომელიც მთელ კედელს დაფარავს... მინი საქართველო ხომ უკვე დახატული მაქვს და ამჯერად ტილოს რუკის ფორმა უნდა მივცე და მთელი საქართველო დავხატო.