ისრაელის სადაზვერვო სამსახური მოსადი, როგორც ისრაელის სხვა სპეცსამსახურები, საიდუმლო ორგანიზაციაა, თითქმის მითური. ისრაელის დაზვერვაზე ლეგენდები აქამდეც მრავლად გვსმენია, თუმცა ის, რაც 17 სექტემბერს მოხდა ლიბანში, ერთი შეხედვით, მართლაც დაუჯერებელია და დიდი ალბათობით, ორგანიზაციის ისტორიაში მართლაც ლეგენდად დარჩება.
მოსადი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA), ბრიტანულ MI-6-თან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) ერთად, მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი სპეცსამსახურების სიაში შედის.
17 სექტემბერს, ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდრულად აფეთქედა "ჰეზბოლას" წევრთა პეიჯერები. დაიღუპა, სულ მცირე, 9 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორის არის ირანის ელჩი ლიბანში.
სააგენტოს ინფორმაციით, ტაივანის მიერ წარმოებულ 5000 პეიჯერში, რომლებიც "ჰეზბოლას" მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
ლიბანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობასაც Reuters-ი არ ასაჯაროებს, ისრაელის ჯაშუშურმა სამსახურმა მოწყობილობები "წარმოების დონეზე" შეცვალა. "მოსადმა მოწყობილობაში ჩაუშვა დაფა ასაფეთქებელი მასალით, რომელიც იღებს კოდს. ძალიან რთულია მისი აღმოჩენა ნებისმიერი საშუალებით. თუნდაც ნებისმიერი მოწყობილობით ან სკანერით“, - აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.
მისი თქმით, პეიჯერებიდან 3 000 აფეთქდა, როდესაც მათ კოდირებული შეტყობინება გაუგზავნეს, რის შედეგადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ერთდროულად გააქტიურდა.
ჩვენს აქრივში ინახება სტატია მოსადზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ:
პატარა ისრაელში დიდ პატივს სცემენ თავიანთ სპეცსამსახურებს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე აგდებულად საუბრობდეს მათზე. "თუ შენ პატარა ტერიტორია გაქვს, შენ თვითონ უნდა შექმნა ოპერატიული სივრცე, რომელიც საჭირო ტერიტორიის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამიტომაც გვჭირდებოდა ჩვენ კარგი და ძლიერი დაზვერვა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მეირ ამიტმა, რომელიც "მოსადის" დირექტორი გახლდათ 1963-1968 წლებში.
ადამიანი, რომელიც ისრაელის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი გახდა, ძველი იერუსალიმის ორთოდოქსალურ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი რაბინი იყო და რა თქმა უნდა, სურდა, მისი შვილიც რაბინი გამხდარიყო. საუბარია რეუვენ შილოაჰზე - ადამიანზე, ვინც ისრაელის დაზვერვა შექმნა. თავდაპირველად "მოსადი" განლაგებული იყო თელ-ავივში, ბენ იუდას ქუჩაზე მდებარე პატარა ორსართულიან სახლში, შესავლელ კარზე პატარა წარწერით: "საკონსულტაციო მომსახურებები".
... ისრაელის პირველ პრემიერ-მინისტრს დავიდ ბენ-გურიონს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა: ის ისრაელს აშშ-სა და დასავლეთის მოკავშირედ ხედავდა. საამისოდ მას სჭირდებოდა შანსი, რათა დაემტკიცებინა, რომ ისრაელი სანდო პარტნიორი და მოკავშირეა. ამაში მას დაეხმარნენ ებრაელი წარმოშობის ახალგაზრდა პოლონელი ჟურნალისტი და "მოსადის" აგენტები, რომლებმაც იღბალი ხელიდან არ გაუშვეს. შემდგომში, "მოსადის" ამ ოპერაციას "XX საუკუნის ყველაზე გახმაურებულ გაჟონვას" უწოდებენ. ამ ოპერაციის შემდეგ ისრაელის ახალგაზრდა სპეცსამსახური, "მოსადი" მსოფლიოს აღიარებას მიიღებს.
ეს ისტორია 1956 წლის 25 თებერვალს დაიწყო. სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ბოლო დღე. ნიკიტა ხრუშჩოვმა უცხოელ სტუმრებსა და პრესას სხდომის დატოვება მოსთხოვა. ის მოხსენებით გამოვა სტალინის კულტის შესახებ. ებრაული წარმოშობის პოლონელი ჟურნალისტი ვიქტორ გრაევსკი იხსენებს: "პოლონეთში გავიგე, რომ ამერიკელები ნიკიტა ხრუშჩოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტისთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარს იძლევიან და ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდება სურთ".
ვიქტორ გრაევსკი იმ დროს პოლონეთის პრესის სააგენტოში სსრკ-ს განყოფილების მთავარი რედაქტორი იყო. "მე მყავდა მეგობარი გოგო, ლუცია ბარანოვსკაია, რომელიც პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პარტიის გენერალური მდივნის რეფერენტად მუშაობდა" - იხსენებს გრაევსკი. აქედან გამომდინარე, გრაევსკის თავისუფალი წვდომა ჰქონდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის მეგობარ გოგოს სამსახურში მიაკითხა და შემთხვევით დაინახა მის სამუშაო მაგიდაზე წითელი ბროშურა, რომელსაც რუსულ ენაზე ეწერა: "Совершенно секретно". ეს ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ეგზემპლარი იყო, განკუთვნილი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის გენერალური მდივნისთვის. ლუცია ბარანოვსკაიას არც კი ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტი ედო სამუშაო მაგიდაზე. ამიტომაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რამდენიმე საათით ეს დოკუმენტი თავის მეგობარს, ვიქტორ გრაევსკის გაატანა.
"ვიცოდი, რომ ყველას სურდა ამ მოხსენების ხელში ჩაგდება, გაეგოთ თუ რა ეწერა მანდ. შემეძლო წავსულიყავი ამერიკელებთან და 1,5 მილიონი აშშ დოლარი ამეღო, მაგრამ გადავწყვიტე ისრაელის საელჩოში წასვლა", - იგონებს პოლონელი ჟურნალისტი, რომლის მშობლები იმ დროისთვის უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ, თვითონაც აპირებდა საცხოვრებლად ისრაელში გადასვლას და ამ დოკუმენტის ისრაელისთვის გადაცემა, მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა მისი მომავალი სამშობლოსთვის...
ისრაელის საელჩოში ვიქტორ გრაევსკი ნიკიტა ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ასლს ვინმე ბარმორს გადასცემს ("მოსადის" ოფიცერი), რომელიც შემდგომში დაუყოვნებლივ გაემგზავრება ვენაში, სადაც აღნიშნულ დოკუმენტს ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს ამას მანორს გადასცემს. ისრაელის ხელისუფლებამ არ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი. მათ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: ნიკიტა ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენება აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) გადასცეს. ამით ისრაელმა სსრკ-სთან ურთიერთობა არ გაიფუჭა და ამავდროულად, აშშ-სთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობებს საძირკველი ჩაუყარა.
გრაევსკი იგონებს: "ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ვიღაც დაბალი მამაკაცი მოვიდა, რომელიც ჩემთან ცოტათი ივრითზე და ცოტათი პოლონურ ენაზე საუბრობდა. მან მითხრა: "ბატონო გრაევსკი, ჩვენ არ დავივიწყებთ თუ რა გააკეთეთ ისრაელის სახელმწიფოსთვის". ჯილდოს სახით, მან გულის ჯიბიდან კალამი გამოიტანა და გადმომცა. თუ არ ვცდები, "მონბლანის" კალამი იყო".
ჟურნალისტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს დაბალი მამაკაცი, ხელში "მონბლანის" კალმით, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი - მოსადის ლეგენერალური დირექტორი, ისერ ჰარელი იყო.
"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა". გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: