ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება ისრაელმა მოახერხა.
Alhadath-ის საინფორმაციო არხის თქმით, დაშავებულთა შორის არიან ჰეზბოლას ლიდერები და მათი მრჩევლები. ასევე დაღუპულია 9 წლის ფატიმა ჯაფარ აბდულა. ლიბანური მედიის ცნობით, პეიჯერი მისი მშობლების სახლში აფეთქდა.
შემთხვევამდე რამდნეიმე საათით ადრე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ჩრდილოეთში ჰეზბოლას თავდასხმების შედეგად დევნილი 60,000 მოსახლის უსაფრთხო დაბრუნება ომის ოფიციალურ მიზნად აქცია.
”უსაფრთხოების კაბინეტმა განაახლა ომის მიზნები: ჩრდილოეთის მაცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება სახლებში”, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრის ოფისში - "ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას ამ მიზნის განსახორციელებლად."
ისრაელმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ ჰეზბოლას "საზღვრიდან" განდევნის მიზნით, სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. 7 ოქტომბერს, ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების დღიდან, საზღვარზე თითქმის ყოველდღიური ცეცხლის გაცვლა ხდება. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრიდან მოყოლებული სულ მცირე 589 ადამიანი დაიღუპა - მათი უმრავლესობა ჰეზბოლას მებრძოლია.