ნეკრომაგია ანუ სასაფლაოს მაგია - ასე უწოდებენ ეზოტერიკაში ძალზე სახიფათო მოვლენას, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და მისი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენასთან გვქონდა საქმე, როცა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს დამლაგებელი სხვადასხვა საფლავთან, ახალგაზრდა ქალის ფოტოს პოულობდა. ეს ამბავი სოციალური ქსელით გამჟღავნდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დაახლოებით იგივე მოხდა რამდენიმე თვის წინ ქობულეთში - ახალგაზრდა კაცის საფლავში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ამ ფოტოებში ზოგიერთმა თავისი თავი ან ახლობელი ამოიცნო, ზოგმა თქვა, რომ ფოტო სოციალური ქსელიდან იყო წამოღებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჯადოს, წყევლის და ავი თვალის უარყოფით ზემოქმედებას ქართული ეკლესიაც აღიარებს.
სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი შალვა კეკელია:
- არავინ უარყოფს, რომ ჯადო არსებობს. უბრალოდ, ძალზე სამწუხაროა, რომ ადამიანები ჯადოს აკეთებენ და ცდილობენ მეორე ადამიანი დააზიანონ. ზოგი მსხვერპლი ცდილობს მჩხიბავს მიმართოს და ჯადო მოიხსნას, მაგრამ დავფიქრდეთ: დავუშვათ, ვიღაცამ ჯადო ერთხელ გაგიკეთა და მოგიხსნეს, მას არ შეუძლია იგივე მეორედაც ჩაიდინოს? - რასაკვირველია, შეუძლია! ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა ადამიანის ეკლესიური ცხოვრებაა - აღსარება, ზიარება, მარხვა - ამ ყველაფერს დიდი ძალა აქვს.
როცა ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს მარხვა, ლოცვა და ზიარება, ჯადო მის ცხოვრებაში ვერაფერს შეცვლის. ჯადო იმ ადამიანზე მოქმედებს, რომელიც ეკლესიისგან შორს დგას და შესაბამისად, დაუცველია.
- ამ ბოროტებისგან ყველა მორწმუნეა დაცული?
- მე ისეთ მორწმუნეს არ ვგულისხმობ, რომელიც ყველაფერს რიტუალების დონეზე ასრულებს, ვგულისხმობ იმას, ვინც რწმენის ერთგულია და ვისთვისაც ქრისტიანობა ცხოვრების წესია.
- მთელი საქართველო შეაშფოთა რამდენიმე შემთხვევამ, როცა საფლავებში ცოცხალი ადამიანების ფოტოები აღმოაჩინეს. რამდენად სახიფათოა ეს?
- არსებობს კეთილი ძალა, მაგრამ არსებობს ბოროტიც, რომელიც სულ ცდილობს ადამიანი დააზიანოს და ბოროტების გავლენაში მოაქციოს. როცა უფლის მოძღვრებას სწავლობ, შენ ამ ძალისგან დაცული ხარ, როცა ადამიანი ეკლესიის წიაღშია, დედამიწის ყველა ჯადოქარი რომ შეიკრიბოს და ლოცვა ყველამ ერთად წაიკითხოს, ერთი კი არა, შენი ათასობით ფოტო ან ფიტული რომ მიწაში ჩამარხონ, მაინც არაფერი დაგემართება, რადგან ყველაზე დიდი დაცვა გაქვს და მშვიდად ხარ. სიმშვიდე ხომ უფლის წიაღშია? მე ეკლესიაში იმიტომ კი არ დავდივარ, რომ თავი ჯადოსგან დავიცვა, იმიტომ დავდივარ, რომ ქრისტე მიყვარს და მასთან ყოფნა მსურს. ცხადია, თუ ადამიანი ბოროტი ძალის ზეგავლენის ქვეშ მოექცევა, ის მოერევა და მისი ჯანმრთელობაც დაინგრევა, მაგრამ თუ ეკლესიაში ხარ, იმ განსაცდელებსაც მშვიდად მიიღებ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდება. ყველამ ვიცით იობის მაგალითი, რომელსაც ღმერთმა ჯერ ქონება წაართვა, მერე კი მთელი ოჯახი დაუხოცა და მძიმე სენი შეჰყარა, მაგრამ ის მაინც მადლიერი იყო. თუ უფალი გიყვარს, ყოველთვის მისი მადლობელი ხარ - ჯანმრთელიც და ავადმყოფიც, წარმატებულიც და წარუმატებელიც, ბედნიერიც და უბედურიც...
- სასულიერო პირები ამბობენ, რომ 200-ზე მეტი ჯადო არსებობს.
- ზუსტ რაოდენობას ვერავინ დაასახელებს, მაგრამ ჯადო ბევრნაირია, ამიტომ, ადამიანმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს, დედამიწაზე რამდენნაირი ჯადოა, ან ვინ და როგორ აკეთებს ამ საშინელებას, ჩვენი საფიქრალი ის უნდა იყოს, რომ სწორი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ...წაიკითხეთ ასევე