არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი.
„მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.