ავტორი:

"ამიტომაც ამოგეჩხირეთ თვალში, ღამე ვერ დავიძინებ, თუ რაიმე სათქმელი მაქვს... ვიღაცებისთვის ალბათ უფრო მისაღებია, მიწებებული წამწამები ვაფახულო" - რას ამბობს ცნობილი მოდელი ნათია მაქაცარია

"ამიტომაც ამოგეჩხირეთ თვალში, ღამე ვერ დავიძინებ, თუ რაიმე სათქმელი მაქვს... ვიღაცებისთვის ალბათ უფრო მისაღებია, მიწებებული წამწამები ვაფახულო" - რას ამბობს ცნობილი მოდელი ნათია მაქაცარია

ცნობილი ქართველი მოდელი ნათია მაქაცარია ათ წელზე მეტია, რაც ოჯახთან და სამ შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მაქაცარიამ სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც ძირითადად მიმდინარე მოვლენების ანალიზს აკეთებდა და არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

  • ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ის ამბობს, რომ საერთო ნაცნობებით "შეუთვალეს“ და ჰკითხეს, რატომ ჩაერთო პოლიტიკაში. მისი თქმით, პოლიტიკაში არ ჩაერთო. უბრალოდ სოციალურად აქტიური გახდა და ამას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ხსნის

ნათია მაქაცარია:

- ვიღაცები მეკითხებიან, ზოგმაც საერთო ნაცნობებით შემომითვალა - რა უნდა ნათიას, რატომ აკეთებს ამ ვიდეოებს, რატომ ჩაერთო ასე პოლიტიკაშიო. ჯერ ერთი, მე პოლიტიკურად აქტიური არ ვარ, სოციალურად აქტიური ვარ. მოქალაქეობრივი ვალი მაქვს და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ამიტომაც ჩავერთე ვიდეოებით და გამოგეჩხირეთ თვალში. ღამე ვერ დავიძინებ, თუ რაიმე სათქმელი მაქვს და არ ვთქვი. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ყველამ ხმამ უნდა ამოიღოს. ვიღაცებისთვის ალბათ ის უფრო მისაღებია, რომ მიწებებული წამწამები ვაფახულო, რაღაც მივითხაპნო და მსგავსი ვიდეოები დავდო, ასევე ბიკინების სურათები, ზაფხულში როგორ მაგრად დავისვენე.

ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რაც უნდა ის აკეთონ, მაგრამ მე გამკვირვებია, როცა გეუბნებიან, მოგმართავენ ოფიციალურად ქვეყნის პირველი პირები, რომ თურმე ბოდიში უნდა მოუხადო ოს ძმებსა და დებს იმისათვის, რომ ტერიტორია წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამის შემდეგ ეს ფრაზა მაინც როგორ არ გახდა ვიღაცებისთვის მდუმარე, ნეიტრალური ელექტორატისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა არის მოქალაქეობრივი ვალის შესრულება.

როგორ არ მივიდა, იმათ ტვინთან და გულთან რაღაც წერტილამდე, რაც გაძლევს სიგნალს, რომ უნდა აფეთქდე. ეს უკვე ის დროა, როდესაც აღარ შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ახერხებენ ამას და მე მეკითხებიან, რატომ ვარ ასეთი აქტიური.

  • როგორ შემიძლია პასიური ვიყო ასეთ დროს?! ბავშვები ქუჩაში ათენებდნენ და აღამებდნენ, რომ რაღაცისთვის მიეღწიათ "რუსული კანონის" მიღების პერიოდში და სხვებს მიტინგზე გასვლითაც კი არ შეუწუხებიათ თავი, ერთი "სთორი“ არ დაუდიათ ამ თემაზე სოციალურ ქსელში. ამხელა ინფლუენსერია ზოგი და პოზიტიური ვაიბები რომ არ მოკლას, ნეგატიური ხომ ისედაც ბევრია.

ოსებს ბოდიში? როგორ გგონიათ, რამდენი დრო სჭირდება "ქართულ ოცნებას" იქამდე, თუ მოიგო, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსებისთვის გვახდევინოს ბოდიში?! ბოლოს რუსული კანონი რომ გავაპროტესტეთ მაგაზე გვახდევინებს ბოდიშს.

საქართველოში სპორტსმენს წარმატებას რომ მიაღწიოს, ერთი წიგნის წაკითხვა არ სჭირდება. ამერიკაში სპორტსმენები განათლებას იღებენ, საქართველოში კი ეს არ სჭირდებათ. რას მეუბნებით, რადგან ვიღაცამ შტანგა აწია, მაგიტომ მე მაგას ქვეყნის ბედი უნდა ვანდო?! რა იცის, იმან რა არის კარგი და რა არის ცუდი. დადუმებულები სხედან და მე მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი ადგილი არ ვიცი.

მე რომ ნაციონალებს ვაპროტესტებდი, იმაზე ხელი არ მომიწერია, რომ ქოცები უნდა ყოფილიყვნენ 12 წელი და მეოთხედ მოსასვლელად ამდენი ებრძოლათ, თან ასეთი საზიზღარი მეთოდებით", - ამბობს ნათია მაქაცარია.