მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ გორში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, გიორგი ანწუხელიძის შვილისთვის თვალებში ჩახედვის სცხვენია.
როგორც ჭოხონელიძემ თქვა, ეროვნული გმირის გოგონა მისი მოსწავლეა.
"ჩვენ თქვენთვის ვიბრძვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ხვალ ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და მინდა გითხრათ, რომ თვალებში ჩახედვის მრცხვენია.
მრცხვენია, მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მამამისმა, იმ გმირმა კაცმა, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს, ამის გამო ჩვენ ბოდიშები უნდა ვუხადოთ მის მკვლელებს. არა, ასე არ იქნება, გამორიცხულია.
ჩვენ ყველა ერთად ვიტყვით ჩვენს სათქმელს, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და საქართველოს მომავლისთვის" - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა "შენი დილის" ეთერში.
ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.
წაიკითხეთ ასევე: