რამდენიმე წელია რაც, მოპარული ჩვილების საქმე საქართველოში რეზონანსულ თემად იქცა. თითქმის ყოველ კვირას ვიგებთ, როგორ იპოვეს გაყიდულმა ან გასხვისებულმა ჩვილებმა ბიოლოგიური მშობლები. ცისნამი საყვარლიშვილი წლების წინ, ბიოლოგიურმა დედამ ნებით დატოვა სამშობიაროში. გოგონა გურჯაანის რაიონში უსინათლო წყვილმა იშვილა და გაზარდა.
წლების შემდეგ მან ბიოლოგიური დედა იპოვა, თუმცა მათი დედა-შვილური ურთიერთობა თითქოს ვერ შედგა. ახლა უკვე მამაც იპოვა, რომელსაც ძალიან გაუხარდა, რომ კიდევ ერთი გოგონა ჰყავს. უფრო დეტალურად თუ როგორ გაიცნო ამერიკაში მცხოვრებმა წარმატებულმა ქართველმა გოგონამ ბიოლოგიური მამა, თავად მოგვიყვება
- ცისნამი, მახსოვს, რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში გვიამბეთ, როგორ იპოვეთ დედა, თუმცა თქვენი შეხვედრა არც ისე თბილი იყო. მაშინ გვითხარით, რომ მალე მამასაც პირადად გაესაუბრებოდით. როგორ დაუკავშირდით მამის ოჯახს?
- გაბრაზებული ადამიანი გინახავთ? - ჰოდა მაგრად გავბრაზდი და საჯაროდ დავწერე მისი სახელი. მეორე დღეს ეგრევე ჩემი ნახევარდები: ქეთი, მადონა და ნინო კაპანაძეები გამომეხმაურნენ. ქეთიმ მომწერა ფეისბუქზე. მითხრა, რომ მამამისზე ვსაუბრობდი. ძალიან თბილი და ლამაზი წერილი იყო. ჩემი გული მოიგო. მე საერთოდ ყველაფერს გულით ვაკეთებ. გულს ვუსმენ ხშირად, გონებას არა. ჯერ გოგოებს ვესაუბრე. ეგრევე საერთო ენა გამოვნახეთ. მამასთან გუშინ მქონდა პირველი საუბარი. ერთი დიდი ოჯახია. მყავს ბევრი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. ჩემი და ირაკლის ჩათვლით 60 გამოვდივართ. ყველას ერთი სული აქვს როდის გაგვიცნობენ მე და ირაკლის (ცისნამის ვაჟი).
- როგორი იყო თქვენი ონლაინ შეხვედრა, რა ინფორმაცია ჰქონდა მამას თქვენ შესახებ?
- ონლაინ შეხვედრა იყო ძალიან თბილი. თითქოს წლები ვიცნობდი ამ ხალხს. კარგი მეგობრებივით ვსაუბრობდით. მე მგონი, მამამ იცოდა, რომ ვარსებობდი. იმდენად ემოციებში ვარ ამაზე აღარ გამიმახვილებია ყურადღება. ამიერიდან მხოლოდ დადებითზე მინდა ვფოკუსირდე. ჯერ მითხრეს, მამამ არ იცოდაო, შემდეგ გუშინ საუბარში მან თქვა, კი ვიცოდი და ნანას ვუთხარი ერთად მოვძებნოთო და ნანამ ანუ დედაჩემმა თქვა, არა უნდა გავთხოვდეო. აი ეგ საკითხი ვერ გავიგე კარგად, მაგრამ მოკლედ, იცოდა თუ არ იცოდა, უკვე წარსულია! აწმყო ასეთია, იცის, რომ მე მისი შვილი ვარ და ერთი სული აქვს როდის მნახავს. აეროპორტში დაგხვდებიო, ასე მითხრა.
- აღმოჩნდა, რომ გყავთ ძალიან დიდი ოჯახი, მათ შორის სამი და. თქვენს დებზე მოგვიყევით, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ ღიად გესაუბრათ?
- ქეთი, მადონა და ნინო ძალიან კარგი გოგოები არიან. ქეთი და მადონა თბილისში ცხოვრობენ, მიიღეს უმაღლესი განათლება, მუშაობენ და შვილები ჰყავთ. მადონა ჩემნაირი ხალისიანია, უყვარს ცხოვრება და გართობა. ეგრევე შევატყვე, რომ მე ვიყავი. ჩემნაირი ფერადია. ქეთი ძალიან მგრძნობიარე და სერიოზულია. ბევრი უტირია და უდარდია. ნინო საჩხერეშია გათხოვილი და იქ ცხოვრობს. ძალიან მშრომელი და ერთგულია. სახეზე ეტყობათ ყველაფერი.
- ცისნამი, მუდმივად გვესმის, რომ ადამიანებმა ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად გენეტიკური ტესტი გაიკეთეს, თქვენს შემთხვევაში თუ არ ვცდები, ეს არ გახდა საჭირო.
- ჩემს შემთხვევაში გენეტიკური ტესტის გაკეთება არ იყო საჭირო, რადგან მე დედას უკვე ვიცნობდი და მან მითხრა მამაზე. ნანას და ბადრის სასიყვარულო ისტორია მთელმა საჩხერემ იცოდა და ახლა ყველამ გაიგო, რომ მე მათი შვილი ვარ.
- როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და მამის პირადად გაცნობას?
- ჩემი პირველი წიგნი, “წითელთმიანი გოგონას დღიური” და მე წარდგენილი ვართ, ლიტერატურულ პრემია “საბაზე”, როგორც დებიუტანტი ავტორი. თუ ფინალისტებში დამასახელებენ, “საბას” დაჯილდოების ცერემონიაზე ჩამოვალ და მამასაც მაშინ ვნახავ. თუ "საბასთვის" ვერ ჩამოვედი, მაშინ როგორც კი უნივერსიტეტიდან არდადეგები მექნება. ეგრევე ჩამოვალ. ხომ იცით. ისევ ვსწავლობ. პირველი კურსის სტუდენტი ვარ და სწავლას დიდი სერიოზულობით ვეკიდები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული და ევროპული დიპლომის შემდეგ, ამერიკულიც მქონდეს. ამაში დედას ვგავარ. წლები აბარებდა სამედიცინო უნივერსიტეტში და საუკეთესო სტუდენტი იყო. სწავლის სიყვარული მისგან გამომყვა.
- დედის რეაქცია როგორი იყო, როდესაც გაიგო, რომ მამას დაუკავშირდით?
- დედის რეაქცია როგორი იყო, არ ვიცი. დედის მხრიდან დის რეაქცია ვიცი. ძალიან გაბრაზდა რომ ეს ყველაფერი საჯარო გავხადე. მითხრა, ჩემი ფოტო ფეისბუქზე არ დადო და ჩემი სახელი არ ახსენოო. ალბათ, დედაც გაბრაზებულია და ნაწყენი ჩემზე. 2011 წლიდან ვიცნობ და უკვე 13 წელია მიცნობს და 13 წელია მე ჩუმად ვიყავი. დავიღალე ფარდის ქვეშ ყოფნით. მე მაქვს უფლება არ ვიყო დამალული. მე დავიღალე ტყუილებითა და დამალვით. ამხელა ქალი დასამალი ვარ?!
- თუ არ ვცდები, დედის მხრიდან დასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- მქონდა, ოღონდ ფარული ურთიერთობა. არავინ არ იცოდა რომ დები ვიყავით. ახლა ამ ამბის შემდეგ კიდევ მექნება მასთან ურთიერთობა თუ არა, არ ვიცი. დამალული არაფერი არ მინდა. მე ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი ვარ. გულში არაფერს ვიტოვებ. ეგ მშველის და მათავისუფლებს განცდებისგან, ტკივილებისგან. ცხოვრება ხანმოკლეა, ვერ დავიმძიმებ გულს. მინდა ბედნიერი გული მქონდეს.
- თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ ამბავს. ვფიქრობ, რაც ერთად ხართ, სულ ყურადღების ცენტრში ხართ, მუდმივად რაღაც ხდება თქვენს თავს, ამაზე როგორ რეაგირებს?
- ალექსანდრეს ჩემზე მეტად უხარია ეს ამბავი. ახლავე წადი და მამა ნახეო მეუბნება, მაგრამ ახლა დაიწყო სემესტრი და ვერ მივატოვებ სწავლას. ალექსანდრეს მამის ისტორია ცალკე სტატიაა და ეგ რომ მოგიყვეთ მერე მიხვდებით რომ ჩემი ისტორია მის ისტორიასთან შედარებით არაფერია.
ცოცხალი ადამიანების თავს მუდმივად რაღაც ხდება, ეს არის ცხოვრებისეული პროცესი. ყველა სიახლეს ღირსეულად ვხვდებით ერთად და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ განვითარებაში. შემდეგში ალექსანდრეს ბიოლოგიური მამის ისტორიას მოგიყვებით და შემდეგ გაიგებთ, თუ რამდენი რამ გვაქვს საერთო მე და ალეს და თუ ასე როგორ ვუგებთ ერთმანეთს და ვგულშემატკივრობთ. პირი ღია დაგრჩებათ ისეთი ამბავია. მანამდე კი მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვინც მე მგულშემატკივრობს. ყველა განსაცდელს, სიხარული და ბედნიერება მოსდევს. წინა კვირას პასუხებს რომ გცემდით ვტიროდი, ახლა სიხარულისგან გული მიცემს. ასეთია ცხოვრება, ხან გვატირებს, ხან გვაცინებს. მიყვარხარ საქართველო!
წაიკითხეთ ასევე: