რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ცხოვრების ბევრ სიკეთეს მოკლებულები არიან. ხელი თითქმის არ მიუწვდებათ ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა თუ ობიექტებზე.
"ჩემი სოფელი კასპიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. 25 კილომეტრის რადიუსში არცერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე აქამდე აქ არ არსებობდა. ასეთ პირობებში გავიზარდე მეც და ჩემი მეგობრებიც. გვინდოდა ვარჯიში, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ გვევარჯიშა, არც ისეთი ინვენტარი გვქონდა, რომლითაც სხეულს ვავარჯიშებდით... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სოფელში ახალგაზრდებისთვის სპორტდარბაზი შემექმნა.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს დროის სწორად გამოყენებაში, განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ფიზიკური ვარჯიში ადამიანს ეხმარება, ჩამოსცილდეს ქუჩას, უარი თქვას მავნე ჩვევებზე. გვჭირდება კონკურენტუნარიანი ჯანსაღი და ძლიერი თაობა. მწამს ფიზიკური ვარჯიშის, მჯერა, რომ ვარჯიშს შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანი", - ამბობს ზურა ბეჟიტაშვილი.
- სასირეთი პატარა სოფელია, მაგრამ დიდი ისტორია აქვს. ანტიკური ხანიდან არსებობს. მდებარეობს მდინარე თეძამის ხეობაში - თეძამისა და მტკვრის შესართავთან.
ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფლის საჯარო სკოლა, რაც დღეს არსებობს, 1919 წელს გენერალმა მაზნიაშვილმა დააარსა, რის გამოც სკოლას მოგვიანებით მისი სახელი მიენიჭა. გენერალმა ბიბლიოთეკაც ააშენა. გიორგი მაზნიაშვილი სკოლის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისი სახსრებით უმაღლეს სასწავლებელშიც გზავნიდა.
სასირეთი თბილისთან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 40 წუთის სავალზე და მოსახლეობა სამუშაოდ უფრო ქალაქში დავდივართ. ჩვენთან ჩინებული ღვინო მოდის, კარგი ვაზის მოსავალი გვაქვს.
- საინტერესოა ეს ყველაფერი... ზურა, ზოგადი ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ხართ, მწვრთნელი, დამთავრებული გაქვთ სპორტის უნივერსიტეტი. ეს სპორტის მიმართ თქვენმა დიდმა სიყვარულმა განაპირობა?
- კი, ასეა... ბავშვობაში და მოზარდობაში ვარჯიში რომ მინდოდა, არ გვქონდა სპორტდარბაზი და არც შესაბამისი ინვენტარი. ამიტომ დავიწყე ბრძოლა, არ დავნებდი, - ავასხი გირები, არმატურებით, ბეტონით, ბლოკებით აივანზე კუსტარული ტრენაჟორები შევქმენი, რომ სპორტი გამევითარებინა.
- ე.ი. სპორტულ წრეზე ვერსად დადიოდით?
- ვერა. ჭიდაობის დარბაზი გვერდით სოფელში კი იყო, მაგრამ რაღაცების გამო იქ ვერ ვიარე. არადა, ვარჯიში მომწონდა, მინდოდა, ძლიერი, ჯანსაღი ვყოფილიყავი. ამის პარალელურად სოფელში რა ხდებოდა - მიდიოდა ლუდის სმა, რაში გარევაც არ მინდოდა... უმეტესად ფიტნესი, კრივი მიზიდავდა. აქ რომ მქონოდა იმის საშუალება, რომ კრივით, ან ფიტნესით დავკავებულიყავი, შეიძლება ბოდიბილდერი, ან მოკრივე გამოვსულიყავი.
- ქალაქში რომ წამოსულიყავით და თბილისში გაგეკეთებინათ ის, რაც გინდოდათ?
- პირველ წელს ვერა და მეორე წელს ჩავაბარე, მერე ჯარი გავიარე, ამასობაში ასაკიც მომემატა, რის გამოც რწმენა დავკარგე, - ჩავთვალე, რომ სპორტისთვის უკვე დიდი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ასე მჯეროდა... მეორე ის იყო, რომ - ფინანსებიც არ მქონდა - არანაირი სახსარი, რომ იმ ასაკშიც კი სადმე მივსულიყავი... მამა 14 წლისას დამეღუპა... მოკლედ, ხელი არ შემეწყო. ახლა უკვე 27 წლის ვარ.
- სოფელს სპორტდარბაზი დღეს კიდევ არ აქვს?
- 2 თვეა, რაც სპორტდარბაზი გვაქვს. ტრენაჟორებიც არის და ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ვარჯიში უფასოა. არანაირი გადასახადი არ არის და ახლა იქ ვმუშაობ. მაქვს უნარი, ადამიანში სპორტული ტალანტი თუ მონაცემი დავინახო. შემიძლია ბავშვს შევხედო და ვუთხრა, რა შეუძლია, მაგალითად, კრივის სფეროში წარმატებას მიაღწევს თუ ვერა. გამოვცადო მკლავჭიდში და მერე თბილისში შესაბამის სპეციალისტებს შევაფასებინო. სულ მინდოდა, დავხმარებოდი ახალგაზრდებს, ეს სურვილი ავისრულე და ახალგაზრდების დახმარებას მომავალშიც ვაპირებ.
- კარგ მაგალითს აძლევთ მოზარდებს...
- 14 წლის დისშვილი მყავს. მე მიყურებს და ისე იზრდება, მბაძავს, რაც ბუნებრივად ხდება. ეს რომ შევნიშნე, ჩემს თავს კიდევ ერთხელ ვუთხარი, - მხოლოდ კარგის კეთებაა ჩემი მოვალეობა-თქო, რადგან ბავშვისთვის მაგალითი აღმოვჩნდი. ვარჯიშობს, ადრე ვარჯიშისკენ გახედვა არ უნდოდა. მისი სპორტული აქტივობა ჩემთვის დიდი სიხარულია.. საერთოდ ბევრი ბავშვი დადის ჩემთან და ვარჯიშობს. ისინი მანამდე სოფელში იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ.
თავიდან შეიძლება დარბაზში სათამაშოდ შემოვიდნენ, მაგრამ მერე სურვილი უჩნდებათ, რომ ივარჯიშონ. შეხედავენ თუ არა ტრენაჟორებს, ვარჯიშს იწყებენ.
- ამ დარბაზის გაკეთებაში გვერდით ვინ დაგიდგათ? როგორ შეძელით ეს?
- USAID "ორბელიანი მეტი“ - პლატფორმას იდეების კონკურსი ჰქონდა, რომელსაც USAID აფინანსებს. გამგეობამ ფართი მომცა და ასევე მთელი სოფელი გვერდით დამიდგა. მიდი, არ გაჩერდე, კარგი საქმეაო. მეგობრებიც დამეხმარნენ. ამ პროექტისთვის აუცილებელი იყო, რომ საწყისი თანხა 3900 ლარი შეგვეტანა და პროექტს ამის შემდეგ გიფინანსებდნენ. აღნიშნული თანხა მოსახლეობაში უნდა შეკრებილიყო. მოკლედ მეგობრების, ახლობლების დახმარებით, ეს საუკეთესო პროექტი განვახორციელეთ. ბავშვები ჩვენთან სხვა სოფლებიდანაც დადიან.
სავარჯიშოდ დადიან ასევე წარმატებული სპორტსმენებიც. ჯანმრთელობა ხომ ყველაზე ძვირფასი რამ არის, სპორტი კი ამისთვის საუკეთესო წამალი. უძველესი გამონათქვამია - "თუ გინდა იყო ძლიერი - ირბინე, გინდა იყო ლამაზი - ირბინე, გინდა იყო ჭკვიანი - ირბინე“. ასე რომ, ყველაფერი უკავშირდება სპორტს და სპორტულ აქტივობას. ევროპაში ხომ ასეა ყველა - მოხუცი თუ ახალგაზრდა - ფეხით, ველოსიპედით დადის.
სურვილი მაქვს, რომ სოფელში ცხოვრება მეტად გახალისდეს. ჩვენს შექმნილ სივრცეში პოეზიის საღამოების გამართვასაც ვაპირებთ, ასევე სხვადასხვა საინტერესო შეკრებას, რომ უფრო ფერადი გავხადოთ აქაური ყოფა. გაჩერებებზე ბიბლიოთეკები დავკიდეთ, რომ ტრანსპორტის მოლოდინში მგზავრები უქმად არ იყვნენ. ზოგმა იქიდან წიგნები საახლში კი წაიღო, მაგრამ ზოგმა მოიტანა... არაუშავს ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობთ.