"ახლახან აღმოვაჩინე ჩემი თავი კონკრეტულ ჟანრში და მაინც ალბათ ახალ ნამუშევარს "ყურძენს" გამოვარჩევდი. სამომავლოდ კი ბევრ ნამუშევარს შემოგთავაზებთ" ამბობს მხატვარი შოთიკო გაგნიძე, რომლის ნამუშევარსაც სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია....
მხატვარი თავად გვიამბობს, თუ როგორია მისი დღევანდელობა და სამომავლო გეგმები...
- თელავში დავიბადე და გავიზარდე, ხატვა ბავშვობის ასაკიდანვე დავიწყე, ხატვის ნიჭი გენეტიკურია, რადგან დედაც ხატავდა. ბავშვობაში თელავის ერთ-ერთ სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, იქიდან საოცარი ხედები იშლებოდა და იმ ასაკიდანვე განსაკუთრებულად მიტაცებდა მისი სილამაზე.
თელავის სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. იქ გავიცანი ძალიან ბევრი ნიჭიერი და ძლიერი მხატვარი, თუმცა ყველაზე მეტად გივი თოიძეს გამოვარჩევდი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ლექტორმა და როგორც პიროვნებამ.
- კონკურსებში, გამოფენებში მონაწილეობდით?
- ბავშვობაში რამდენიმე კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ვფიქრობ, როგორც ხელოვანმა ახლახან აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მომავალში ძალიან ბევრ გამოფენაში ვგეგმავ აქტიურად ჩართვას.
- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?
- რაც შეეხება ჟანრს, ბოლო დროს ფოტორეალიზმი მიტაცებს და ვცდილობ მაქსიმალურად განვავითარო ჩემი შესაძლებლობები და ასე რომ ვთქვათ ამოვწურო საკუთარი თავი ამ მიმართულებით რომ შემდგომ სხვა ჟანრმაც გამიტაცოს.
- დიდი აღფრთოვანება გამოიწვია თქვენმა ნამუშევარმა - "ყურძენი". ბევრს ნახატი ფოტო ჰგონია... ამ კონკრეტულ ნახატზე რომ გვითხრათ, რამდენად დიდი დრო დაგჭირდათ და რამდენად რთული იყო?
- ეს კონკრეტული ნამუშევარი ზეთის საღებავით არის შესრულებული. მოგეხსენებათ, დრო სჭირდება მასალას რომ შეშრეს და საშუალება მოგცეს განაგრძო. თუმცა ხატვის პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ გაცილებით მოკლე დროში დავასრულე, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში. მიყვარს ნამუშევარზე სრულფასოვნად მუშაობა, თითოეულ დეტალზე ყურადღებით დაკვირვება, ეს დიდი სიამოვნებას მანიჭებს.
- თქვენთვის გამორჩეულ ნამუშევრებზე რომ გვიამბოთ...
- დიდი ხანია პორტრეტებზე ვმუშაობ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ადამიანის ხასიათი, მისი შინაგანი სამყარო რაც ნამუშევარშიც აისახება, გამოხედვაში, ნაკვთებში. შესაბამისად შეკვეთებსაც ვიღებ. რაც შეეხება შემოქმედებას პეიზაჟი იყო ის ჟანრი, რომელიც მიტაცებდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე ახლახან აღმოვაჩინე ჩემი თავი კონკრეტულ ჟანრში და მაინც ალბათ ახალ ნამუშევარს "ყურძენს" გამოვარჩევდი. სამომავლოდ კი ბევრ ნამუშევარს შემოგთავაზებთ.
- ქართველი, მსოფლიო მხატვრებიდან განსაკუთრებულად ვინ გიყვართ?
- ქართველი მხატვრებიდან თანამედროვე, ჩვენი დროის მხატვარს ბრუნი ვეფხვაძეს გამოვარჩევდი. მისი ნამუშევრები, სტილი და ასევე წარმატებაც ჩემთვის სტიმულის მომცემია, რომ უფრო და უფრო მეტი შევძლო. ვფიქრობ ეს ადამიანი ქართველების სიამაყეა. ასევე ძალიან მიყვარს უცხოელი მხატვარი ლუციანო ვენტრონე, საოცარი ნამუშევრები აქვს, რომელიც ასევე დიდ მოტივაციას მაძლევს რომ განვითარდე. მსოფლიო მხატვრობაში რენესასნსის ეპოქას გამოვარჩევდი.
- გარდა ხატვისა რას საქმიანობთ?
- ხატვის გარდა კიდევ ძალიან მიყვარს ფიზიკური აქტივობა, ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული და ახლაც ყოველთვის ვცდილობ თავისუფალ დროს ვივარჯიშო. ალბათ ხატვის შემდეგ ეს მიყვარს ყველაზე მეტად. რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების ფასს, ყველაზე ძვირად ჩემი ნამუშევარი 1000 ლარად გაყიდულა.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს, უამრავი იდეა და ინსპირაცია რასაც აუცილებლად განვახორციელებ და ეს ჩემს ნამუშევრებშიც აისახება. ვგეგმავ ბევრ გამოფენაში მონაწილეობის მიღებას შესაბამისად ქართველ და არამარტო ქართველ დამთვალიერებელს შეეძლება ჩემი ნამუშევრების ნახვა .