ავტორი:

"რედბულის" ათლეტის რეკორდი მოვხსენი"... შიში მქონდა, ტექნიკას არ ეღალატა" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც მოტოციკლით ზღვაზე "დადის"

"რედბულის" ათლეტის  რეკორდი მოვხსენი"... შიში მქონდა, ტექნიკას  არ ეღალატა" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც მოტოციკლით ზღვაზე "დადის"

თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველია, ვინც მოტოთი ზღვის ზედაპირზე "დადის". ის ასევე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც 11 აგვისტოს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი გაიარა. ამით კი ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა.

გიორგიმ 2023 წლის მაისში კი ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი თბილისის ზღვა 80 კილომეტრ საათი სიჩქარით გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია.

მის სახელს უკვე არაერთი გასაოცარი ექსტრემალური თავგადავალი უკავშირდა. AMBEBI.GE გიორგი გახელაძეს ესაუბრა:

- იდეა კი მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებს და რიკებს უკავშირდებოდა. შესაძლებელი იყო, ძვირადღირებული მოტოციკლეტი დაზიანებულიყო, რომელიც ცხადია, ჯერ თავად უნდა შემეძინა. ამის რესურსი მარტოს არ მქონდა, ამას ფინანსურად რომ გავმკლავებოდი. ასევე საჭირო იყო, სამაშველო გუნდის დაქირავებაც. ამიტომ, ჩემს სპონსორთან, „ვისოლთან“ მივედი და საკუთარი იდეა შევთავაზე. კომპანია დამთანხმდა, გაუხარდა, მენდო, შესაბამისი ფინანსები, გუნდი გამომიყო და ამ ყველაფრის დაგეგმვა დავიწყეთ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მოტოციკლი იმ კომპანიას შევუკვეთეთ, რომელიც საქართველოში ამ სპორტისთვის აუცილებელი მოტოციკლეტების ოფიციალური შემომყვანია. ერთ თვეში ჩამოვიდა, ვნახეთ, შევამოწმეთ. რაღაცები ტექნიკურად ჩვენ გემოზე გადავაკეთეთ და კუსტარულად დამზადებული თხილამურიც მოვარგეთ.

- რატომ კუსტარულად დამზადებული?

- ჩვენი ქვეყანა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შესაბამისი თხილამური მსუბუქი მასალისგან დავამზადოთ, ამიტომ ალუმინის ნაჭრები ავიღეთ და მისგან თხილამური მივიღეთ. შემდეგ სატესტო გავლა თბილისის ზღვაზე შედგა. პირველად 3 კილომეტრი გავიარე, მეორე სატესტოზე თბილისის ზღვა სიგრძეზე გადავკვეთე (7 კილომეტრი) და უკანვე გადმოვკვეთე. ამით დავრწმუნდი, რომ ტექნიკა ფორმაში იყო. ერთი კვირის წინ კი სატესტო გავლა უკვე შავ ზღვაზე მქონდა. ამისთვის იდეალური ამინდი შევარჩიეთ, რადგან ზედმეტი ტალღაც კი ჩვენთვის დამანგრეველი იქნებოდა, - მოტოციკლეტს დიდ პრობლემას შეუქმნიდა.

- ისეთი დღე გჭირდებოდათ, როცა ზღვაზე ნაკლები სიმძლავრის ტალღები იქნებოდა...

- კი და ასეთი ორი დღე ამოვარჩიეთ. პირველ დღეს კიდევ ერთი სატესტო გარბენი გვქონდა. შემდეგ უკვე სტარტისა და ფინიშის ადგილები გამზადდა. მოვიწვიეთ რეკორდების ოფიციალური წარმომადგენელი, ჯერ საქართველოს რეკორდების ფედერაცია და მერე საქართველოს ფედერაციამ შედეგი "გინესებში" გადააგზავნა... ერთ კვირაში პასუხი დაგვიბრუნდება -ამ ყველაფერს დაგვიდასტურებენ და გადმოგვცემენ შესაბამის სიგელსა და მედალს.

- რომ მსოფლიო რეკორდი დამყარდა?

- დიახ. მსოფლიო რეკორდსმენის, ავსტრალიელი სპორტსმენის "რედბულის" ათლეტის რობი მედისონის რეკორდი მოვხსენი. მას 2019 წელს 31 კილომეტრი ჰქონდა ბოსფორის სრუტეზე გავლილი.

- როგორი იყო შენი ემოციები, სანამ ამ გარბენს განახორციელებდი?

- საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მხოლოდ იმის შიში მქონდა, ტექნიკას, მოტოციკლს ამხელა მანძილზე იმ დიდი დატვირთვისას არ ეღალატა. მინდოდა, იმ ყველაფრისთვის გაეძლო, რადგან ძრავა ძალიან დიდ დატვირთვაზე მუშაობდა. 33 წუთის განმავლობაში ბოლო ბრუნზე იმუშავა. მოკლედ, არ გამოვრიცხავდი იმას, რომ შეიძლებოდა გაფუჭებულიყო, მაგრამ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი. ჩემს თავს ვეუბნებოდი, - მე ამ ყველაფერს გავაკეთებ!

- ის მონაკვეთი, რაც გაიარე სახიფათო იყო?

- ხიფათი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, დამცავი ჟილეტი მეცვა, პარალელურ რეჟიმში 2 სამაშველო კატერი მომყვებოდა. იმის რისკი, რომ ვინმეს ჯანმრთელობა დაზიანდებოდა, 100-დან 1% იყო. ერთადერთი რისკი იყო, რომ მოტოციკლეტი წყალში დაგვეკარგა, რასაც რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ფსკერიდან ამოვიტანდით. ძირითადად საშუალო სიღრმეზე, სადღაც 25 მეტრზე მივდიოდი. სტარტი ციხისძირიდან ავიღეთ და ფინიში ფოთი-მალთაყვის სანაპიროზე იყო.

- რაზე ფიქრობდი გარბენის დროს?

- ღმერთს ვთხოვდი, რომ მშვიდობით დამთავრებულიყო ყველაფერი.

- როგორი იყო შენი მშობლების განწყობა და დამოკიდებულება ამ ყველაფერის მიმართ?

- ოჯახის განწყობა ძალიან დადებითი იყო, მამხნევებდნენ, ასევე გვერდში მედგა ჩემი შეყვარებული, ძმა, - ოჯახის ყველა წევრი... ცდილობდნენ, ყველანაირი დეტალი, თუნდაც ტექნიკური, ნებისმიერი პრობლემა, რაც პროექტში გვქონდა, თვითონ მოეგვარებინათ და ჩემამდე არ მოსულიყო. ხელი კარგად შემიწყვეს, რადგან იმ პერიოდში ჩემი გონება 100%-ით მხოლოდ მოტოციკლთან და მსოფლიო რეკორდთან იყო დაკავშირებული. მთლიანად ჩემს საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული - ერთი მიზანი მქონდა და გონებაში მხოლოდ მისი შესრულება მიტრიალებდა.

- ექსტრემალური სპორტის მიმდევარი ხარ, ენდურომოტოსპორტსმენი. ენდრუ ოფროუდ ტიპის მოტოციკლით გადაადგილებაა ისეთ რელიეფზე, სადაც დაბრკოლებები როგორც ბუნებრივად, ისე ხელოვნურადაა შექმნილი. ამ ყველაფრით შენს დაინტერესებას ალბათ ხელი იმან შეუწყო, რომ მამა ოფროუდერია, რამაც საბოლოოდ მსოფლიო რეკორდამდე მიგიყვანა... პირველი მოტოციკლიც, 14 წლისას მამამ გაჩუქა...

- კი, ამ ისტორიაში მამა გმირია, მის გარეშე არაფერი იქნებოდა. ის სამოყვარულო დონეზე ახლაც აგრძელებს ოფროუდს. მე ოფროუდერობა არ მინდოდა, რადგან ავტოსპორტში უმეტესი ნაწილი შენს ტრანსპორტზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, რასაც მართავ. მოტოსპორტში ასე არ არის, აქ 20% მოტოციკლზეა დამოკიდებული, დანარჩენი - 80% შენს ფიზიკურ მომზადებაზე. ეს უფრო სამართლიანი მგონია, ვიდრე ის, თუ მეტი ფული გაქვს, მაგარ მანქანას იყიდი და სხვას, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, დიდ კონკურენციას გაუწევ. ამიტომ ჯობს ისეთ სპორტში წახვიდე, სადაც ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული, შენს ფიზიკაზე და მომზადებაზე.

- გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევდი ახალგაზრდებს, ვისაც მოტოსპორტი აინტერესებს?

- პირველ რიგში, ვისაც მოტოზე სიარული უნდა, მაქსიმალურად მოერიდონ ქალაქში სწრაფად სიარულს. მოერიდონ საერთო მოხმარების გზაზე სპორტულ მანევრებს, სიჩქარის გადაჭარბებას. ბევრი რამ გამოვიარე და ვიტყვი, რომ დიდი საფრთხის წინაშე დგანან, ვინც ფიქრობს, რომ ქალაქში სპორტული მოტოს მართვა უსაფრთხოა. უდიდეს საფრთხეს შეიცავს. თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინოს, ამისთვის არსებობს შესაბამისი ასოციაცია, სადაც უნდა მივიდეს, დარეგისტრირდეს და შეჯიბრებაში მიიღოს მონაწილეობა. ეს ადგილი არის ტრეკი, დახურულ ტერიტორია, სადაც მათ სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება.

რა თქმა უნდა, იქაც არის რისკები, რომ წაიქცნენ, რაღაც დაიზიანონ, მაგრამ ის ყველაფერი იმის რისკს გამორიცხავს, რომ იქ ვინმე დაიღუპოს, ან ვინმეს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეექმნას. ტრეკზე ბევრი რამ გათვალისიწნებულია, არსებობს სპეციალური ზონები, რომელიც გაჩერებს, იქამდე არ გიშვებს, რომ პირდაპირ დაეცე, რაღაცას შეეჯახო. ეკიპირებასაც ყუადღება უნდა მიაქციონ. ფული ამის შეძენისას არ უნდა დაზოგონ. მნიშვნელოვანია, როცა კარგი ჩაფხუტი და კარგი მოტო გაქვს, ასევე კარგი დამცავი ჟილეტი. ეს ყველაფერი შენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია... ცხოვრებაში უმთავრესი ხომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, სხვა ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანია.

- სპორტული, ე.წ. ცხარე მოტოებით ქალაქში ბევრი ბაიკერი სიჩქარეს აჭარბებს, რაღაც ტრუკებს აკეთებს. ალბათ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქიოს, თუ ამით რისი დემონსტრირება უნდა?

- ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდათ და ამისთვის მარტივ ხერხს ნახულობენ. სამწუხაროა, რომ ასეთ დროს ბევრი ადამიანი იღუპება. ჩემი საახლობლო წრიდანაც ბევრი დაზიანდა... მართლა დიდი რისკია, მოსალოდნელია შენც დაშავდე და სხვასაც შეუქმნა პრობლემა. ამ ყველაფრად, ასეთი აქტივობა არ ღირს. ცუდია, რომ იმ მომენტში იმაზე არ ფიქრობენ, ასეთ საქციელს რა შეიძლება მოჰყვეს. როცა უკვე მძიმე შედეგი დგება, ყველაფერი გვიანია და გამოსწორების შანსი აღარ არის. სამწუხაროდ თბილისში იმის კულტურა არ არსებობს, რომ სხვამ გზა დაგითმოს, გაგითვალისწინოს.

ამიტომ მუდმივად მოსალოდნელია ის, რომ ვიღაცამ შეიძლება უაზროდ მოგიჭრას, ქვეითმა გზაზე უშნოდ გადაგირბინოს, ან ვიღაცას უბრალოდ, სპორტული მანევრის გაკეთება მოუნდეს. გარდა ამისა, სულ რომ ფრთხილად იარო, საფრთხე ისედაც არსებობს. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იარო, მოძრაობის წესები უნდა დაიცვა, შუქნიშანი და ქვეითები არ უნდა დაგავიწყდეს. მოტოციკლზე დაჯდომა და ქალაქში გასვლა არ არის ადვილი, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მოტოციკლი იმხელა სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, რომ სხვა დანარჩენი ავიწყდებათ. თავი არ უნდა დაკარგო და არც კონტროლი საკუთარ თავზე, რადგან ყოველთვის არ გაგიმართლებს. ყველას წარმატებას ვუსურვებ!