ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი გამოყენება მოუძებენეს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც დიდი ხანია იქცნენ ერთ-ერთ მთავარ იარაღად რუსეთ-უკრაინის ომში. ახლა მოწყობილობები, რომლებიც ადრე ექსკლუზიურად სამოქალაქო იყო, ატარებენ არა მხოლოდ ბომბებს და ნაღმებს, არამედ ჩაშენებულ ყუმბარმტყორცნებს, ტყვიამფრქვევებს და "ცეცხლის წვიმასაც" კი.
სექტემბრის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებში გამოჩნდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაც "დრაკონი დრონები“ უწოდეს.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს კვადკოპტერი, რომელიც ტრიალებს ტყის თავზე და ასხამს აალებად ნარევს რუსი სამხედროების პოზიციებზე.
როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ეს არის თერმიტული ნაერთი, რომელიც რკინის ჟანგისა და ალუმინის ფხვნილის ნარევს წარმოადგენს.
გაცხელებისას რეაქცია ხდება ძლიერ ეგზოთერმული. ნარევების უმეტესობა არ არის ფეთქებადი, თუმცა წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურა. რეაქცია ჰგავს დენთის წვას, ისევე, როგორც სხვა საწვავ-მჟანგავი ნარევებისას.
ნივთიერების წვის ტემპერატურა დაახლოებით 2200 გრადუსია. ამიტომ, რამდენიმე წამში მას შეუძლია არა მხოლოდ მცენარეული საფარის განადგურება, არამედ ლითონის დაწვა და ადამიანების მძიმედ დაზიანება.
ერთი პატარა FPV დრონს შეუძლია ამ ნარევის დაახლოებით ნახევარი კილოგრამი გადაიტანოს. მიზანთან მიახლოებისას უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი დისტანციურად აანთებს თერმიტს და იწყება მისი გაფრქვევა მტრის პოზიციებზე.
მაშინაც კი, თუ სამხედრომ მოახერხა დაზიანებული ტერიტორიიდან გაქცევა, მისი ზოგიერთი ნივთი, იარაღი ან საბრძოლო მასალა შეიძლება განადგურდეს ხანძრის შედეგად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ტყის მასივში ხანძარი ვეღარ იქნება ქვეითთა საიმედო თავშესაფარი. აღსანიშნვია, რომ ამგვარი ხანძრის ჩაქრობა ძალიან რთულია.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თერმიტის გამოყენება შესაძლებელია სამხედრო ოპერაციების დროს, მაგრამ არა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. მთავარი მიზეზი არის მძიმე დამწვრობა - Human Rights Watch-ის ცნობით, ამ ტიპის ცეცხლგამჩენმა ნარევმა შეიძლება გამოიწვიოს მეოთხე ან მეხუთე ხარისხის დამწვრობა. აზიანებს კუნთებს, მყესებს, ნერვებს, სისხლძარღვებს და ძვლებსაც კი.
ამ ახალი იარაღს სხვა შესაძლებლობები უცნობია.
რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ბოლო დღეებში გამოჩნდნენ ნაღმი-დრონებიც, როდესაც კვადროკოპტერებზე კუსტარულად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მტრის ზურგში გზაზე თავსდება, სადაც მოწინააღმდეგე არანაირად არ ელის გზის დანაღმვას...
ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ნიკოლას დრამონდმა CNN-თან კომენტარში განაცხადა, რომ თერმიტის დრონების გამოყენების მთავარი მიზანი "შიშის ატმოსფეროს“ შექმნაა.
უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულმა ექსპერტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, გააკრიტიკა "დრაკონი დრონების" გამოყენების იდეა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ზაფხულში უკრაინელ სამხედროებს მწვავე პრობლემა შეექმნათ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავების, კერძოდ, Zala-ს და Orlan-10-ის გამო, რომლებიც უკრაინელთა ზურგში შორს მიფრინავდნენ, შედეგად კი რუსები მათი საშუალებით უმიზნებდნენ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა თუ აღჭურვილობის საწყობებს.
ყველაზე ცნობილი ასეთი დარტყმებია მირგოროდში სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა, სადაც, რუსული მხარის ცნობით, განადგურდა შვიდი უკრაინული თვითმფრინავი, ასევე დონეცკის რეგიონში "პატრიოტის“ გამშვები დანადგარის აფეთქება.
ასეთი დრონების წინააღმდეგ საზენიტო რაკეტების გამოყენება საკმაოდ ძვირი და ირაციონალურია, რადგან უკრაინა მათ დეფიციტს განიცდის. მაგრამ უკრაინელებმა შეიმუშავეს და უკვე დაიწყეს საზენიტო დრონების აქტიური გამოყენება. მათ მიერ განადგურებული რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა უკვე რამდენიმე ათეულია. ყველაზე ხშირად, ასეთი თავდასხმა ასე გამოიყურება: უკრაინული "საზენიტო" თვითმფრინავი მიფრინავს რუსულთან და ფრთაში ან კუდში ურტყამს.
"რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ტექნოლოგიური რევოლუცია მწიფდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელებმა ჩამოაგდეს დაახლოებით იმდენივე მტრის სადაზვერვო დრონი, რაც მანამდე მთელი ომის განმავლობაში“, - ამბობს უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი და უპილოტო საფრენი აპარატების განყოფილების ყოფილი მეთაური იგორ ლუცენკო. მისი აზრით, უახლოეს მომავალში უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ სრულად გაანეიტრალონ ცაში რუსი "მზვერავები“ და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირონ მტრის რაკეტებისა და მართვადი ბომბების საფრთხე.