დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, აშშ-ის ფინანსური დახმარების შეჩერება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრს არ შეეხება.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დამატებითი განმარტება მივიღეთ, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება, რადგან აშშ -ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვ ქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.
ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ”, - წერს სოციალურ ქსელში თეა გოდოლაძე.