ავტორი:

"თუ გინდა გაიგო, როგორია ესა თუ ის ერი, ერთი რეისი ამ ერის წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად საკმარისია" - ახმეტელი ბორტგამცილებელი დიდი ავიაციიდან

"თუ გინდა გაიგო, როგორია ესა თუ ის ერი, ერთი რეისი ამ ერის წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად საკმარისია" -  ახმეტელი ბორტგამცილებელი დიდი ავიაციიდან

ქეთი ძარღუაშვილი 25 წლის ბორტგამცილებელია, რომელიც გვესაუბრება საკუთარი პროფესიის ყველა დადებით თუ უარყოფით მხარეზე.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ...

- მე ვარ ქეთი ძარღუაშვილი, დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ახმეტაში, 25 წლის ასაკში დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტურიზმის განხრით.

- ბორტგამცილებლობა საკმაოდ შრომატევადი დართული პროფესიაა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და გვიამბეთ, რა ნაბიჯები გადადგით, ვიდრე დასაქმდებოდით?

- ამჟამად ვარ "ემირატების" ბორტგამცილებელი. სიმართლე რომ ვთქვა, წამოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის ბორტგამცილებელი ვარ და ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი. როგორც კი გავიგე ღია კარის დღეზე, რამდენიმე დღეში უკვე დუბაიში გადმოვედი საცხოვრებლად. და ამ მოკლედ, რომ გიამბოთ ღია კარის დღის შესახე, ის მიმდინარეობს ერთი დღის განმავლობაში და თუ ყველა ეტაპს გადალახავ, დაგირეკავენ და ყველანაირი ხარჯის დაფარვით, წაგიყვანენ, გასწავლიან და შემდეგ უკვე იწყებ ფრენას.

- ადამიანები ხშირად ვერ იაზრებენ ამ პროფესიის სირთულეს და შრომატევადობას, როგორი წარმოგედგინათ თავიდან თქვენი პროფესია და როგორი აღმოჩნდა რეალურად?

- თავიდან მხოლოდ კარგ მხარეს ვხედავდი, ვიდრე რეალობა არ ვნახე. თვეში 4-5-6 ქვეყანა, მოგზაურობა, ახალი ადამიანები, სხვადასხვა კულტურის გაცნობა, ჩემი ოცნება იყო, ეს სამსახური კი ზუსტად ამას მპირდებოდა. თუმცა მარტივი არაფერია და ამასთან ერთად, დიდი შრომაც გვიწევს. მთავარი გამოწვევა ალბათ ღამის ფრენები და უძილო ღამეებია, ასევე უკულტურო ადამიანები... მუშაობისას უამრავი განსხვავებული კულტურის ადამიანს ხვდები, რომლებსაც შეიძლება ვერ გაუგო, თუმცა როგორც კი უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, ყველაფერი მავიწყდება და ერთი სული მაქვს ხოლმე ვნახო ყველაფერი, რასაც მოვასწრებ. ასევე გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები უსაფრთხოებაზე, მართალია ავიაცია ერთ-ერთი უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა, თუმცა მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, ამიტომაც ფრენის დაწყებამდე საკმაოდ ინტენსიურ მომზადებას გავდივართ.

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელი იყო ყველაზე დიდხნიანი მგზავრობა რომელშიც ყოფილხართ? გიწევთ ოჯახისგან და მეგობრებისგან შორსყოფნა, რაც ძალიან რთულია, როგორ შეხვდნენ ისინი თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- წელიწად ნახევარში ვნახე 35 ქვეყანა. აქედან ყველაზე გრძელი გზა იყო დუბაიდან ახალი ზელანდიამდე ფრენა, რომელიც პირდაპირ სრყულება და 17 საათს გრძელდება, თუმცა უნდა აღვნიშნო, მგზავრი რომ ვყოფილიყავი, უფრო გამიჭირდებოდა, ვიდრე ბორტგამცილებელს, რადგან როცა ვმუშაობ, მარტივად გადის დრო.

საბედნიეროდ, ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა, ყველა დიდი სიხარულით შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. ათასობით ადამიანი ოცნებობს ამ პროფესიაზე და მადლიერი ვარ, რომ მომეცა ეს შანსი და მეც კარგად გამოვიყენე. ვფიქრობ არცერთი სამსახური არ მოგცემს ამდენ შესაძლებლობას ერთად, რამდენსაც "ემირატები" მაძლევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფასად. ჩემი განრიგიდან გამომდინარე, თითქმის ყოველ თვე ვახერხებ საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსვლას, თუ ვერ ვახერხებ, ოჯახის წევრები ჩამომყავს დუბაიში. თუმცა მენტალურად მარტივი არ არის უმეტესად ყველასგან შორს ყოფნა, სულ უცხო ადამიანებთან ერთად ფრენა, რის გამოც არაერთი ადამიანი მინახავს, ამ სამსახურს რომ ძალიან მალე ტოვებენ...

- ფრენისას არაერთი სახიფათო მომენტი შეიძლება შეიქმნას, შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ? როგორ უმკლავდებით შიშს და მსგავს მომენტებს და რა არის მნიშვნელოვანი, რომ მგზავრებში პანიკა არ დაიწყოს?

- ფრენის შიში არასოდეს მქონია. ავიაცია ისე არის განვითარებული, ტურბულენტობა თვითმფინავს ვერ ჩამოაგდებს, ჩვენთან უამრავი წლის გამოცდილებაა საჭირო, რომ პილოტი გახდე, ამიტომ თუ ღვედი შეკრული გაქვს, არაფერია საშიში. მცირეოდენი განათლება ავიაციის შესახებ, ჩემი აზრით, შიშის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. თუმცა ბორტზე უამრავი ადამიანია, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, ვეუბნები ხოლმე საშიში რომ იყოს, აქ ხომ არ ვიმუშავებდი-მეთქი?! ასევე დიდი გამოწვევაა სამედიცინო შემთხვევები. პირველადი დახმარების აღმოჩენის ტრენინგები გავლილი გვაქვს, თუმცა ჩემთვის ყველაზე სახიფათო მომენტებად მაინც ბორტზე ვინმეს ცუდად გახდომაა. საბედნიეროდ, სავალალო შედეგებით ჩემი არცერთი ფრენა არ დასრულებულა, იმედია, ასე იქნება მომავალშიც.

- აბეზარ მგზავრებზეც გვიამბეთ, მათ როგორ უმკლავდებით?

- აბეზარი, უზრდელი, უხეში მგზავრები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. არის მიმართულებები, სადაც მგზავრების უმეტესობა ასეთია ან პირიქით. უკვე იმდენად კარგად ვიცი, რომელი ერი როგორია, რომ ფრენის დაწყებამდე მზად ვარ ხოლმე მენტალურად. ადამიანს ბევრი რამის კადრება შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე სარგებელი მიიღოს, ან შეიძლება უბრალოდ. ცუდ ხასიათზე გაიღვიძოს და გადაწყვიტოს, ყველას დღე გაუფუჭოს.

დღეის მონაცემებით, ჩვენი ავიაკომპანია 136 მიმართულებით დაფრინავს, ყველანაირი ადამიანია ხოლმე ბორტზე, ჩვენი თვითმფრინავები იტევს 300-400 და 600 ადამიანსაც კი, რეისებზე ადგილები სულ სავსეა, ამიტომ გამოცდილებით, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვარ ხოლმე. ჩვენი გუნდიც დიდია, ენის ბარიერი იშვიათად გვაქვს, შეიძლება 24 ვიყოთ ბორტზე და 24-ივე სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ ინგლისურის გარდა, ამიტომ რაც შეგვიძლია, ვუმკლავდებით ასეთ რთულ ადამიანებს, უკიდურესი შემთხვევები კი, რომელიც, საბედნიეროდ, მე არ მქონია, საქმესი ერთვება პოლიცია, რომელიც დაჯდომისთანავე დახვდება მგზავრს, რომელიც შემდგომში "ემირატებით" და მისი პარტნიორი კომპანიებით ვეღარ იფრენს.

დაბოლოს, თუ თვითმფრინავი იგვიანებს, ეს ჩვენი ბრალი არ არის, უმეტესად არც პილოტების. ჩვენ თქვენზე მალე გვინდა გავფრინდეთ, დავჯდეთ და დავისვენოთ. რაც აქ ვმუშაობ, მივხვდი, რომ თუ გინდა გაიგო რამდენად კულტურული, ზრდილობიანი და მოწესრიგებულია ესა თუ ის ერი, ერთი რეისი ამ ერის წარმომადგენლებთან ერთად საკმარისია, სრულად გაგაცნობს თავს ყველა.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი