ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩში გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველ ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლებოდა დიდ ხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებულ ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.
B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებას.
ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი“.
კომენტარი გააკეთა ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომაც:
"ეს უკრაინისგან სრულიად განსხვავებული მატჩი იყო. ორივე გუნდისგან ბევრი ტაქტიკური ბრძოლა ვნახეთ. მინდა, მათი ნაკრები და მწვრთნელი შევაქო, რომლებიც საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება შეხვედრას, ნელ ტემპში მიმდინარეობდა. როდესაც ბურთს ვფლობდით, ისინი, ისევე, როგორც ჩვენ, ყველანი თავს კარგად იცავდნენ. ძალიან ტაქტიკური თამაში გამოვიდა. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლი ჩვენ გავუშვით.
შეცდომები? ჩემს ფეხბურთელებზე აუგს ვერ ვიტყვი, მინ და შევაქო. ორი მძიმე მატჩი ჩავატარეთ, ბალანსირებული და ძლიერი გუნდი გვყავს. ფიზიკურად დამღლელი დაპირისპირება გახლდათ, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მუდამ, როდესაც ვიგებთ, ამბობენ, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, თუ წავაგეთ... ნული დარტყმა კარში? ნუ ნერვიულობთ, ფეხბურთი ასეთია. საქართველოსთან რთულ შეხვედრას ველოდით, მათ ჩეხეთს 4:1 სძლიეს, ეს ვიცოდით. ევროპირველობაზე მერვედფინალიდან ესპანეთმა გამოაგდო, პორტუგალიას მოუგეს, მაგარი გუნდია. ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა, "ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი, საბედნიეროდ, დღეს არ დასრულებულა, ოქტომბერში გაგრძელდება და ვნახოთ, ნოემბერში რა მოხდება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანია - ჯგუფის მოგებას შევეცადოთ“.
ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს:
Whoscored: მამარდაშვილი 6.7, კაკაბაძე 7.0, კაშია 7.1, გველესიანი 6.8, დვალი 7.1, ლოჩოშვილი 7.3, ქოჩორაშვილი 8.1, კიტეიშვილი 7.6, ჩაკვეტაძე 7.4, კვარაცხელია 6.7, მიქაუტაძე 6.5, დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე 6.0, ალთუნაშვილი (შეფასების გარეშე).
Sofascore: მამარდაშვილი 6.9, კაკაბაძე 7.1, კაშია 7.5, გველესიანი 7.1, დვალი 7.5, ლოჩოშვილი 7.2, ქოჩორაშვილი 8.1, კიტეიშვილი 7.4, ჩაკვეტაძე 7.3, კვარაცხელია 6.7, მიქაუტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, ზივზივაძე 6.5, ალთუნაშვილი (შეფასების გარეშე).
Flashscore: მამარდაშვილი 6.4, კაკაბაძე 7.2 კაშია 7.3, გველესიანი 6.9, დვალი 7.3, ლოჩოშვილი 7.1, ქოჩორაშვილი 8.1, კიტეიშვილი 7.6, ჩაკვეტაძე 7.5, კვარაცხელია 7.0, მიქაუტაძე 6.8 დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე (შეფასების გარეშე), ალთუნაშვილი (შეფასების გარეშე).
მომზადებულია sportall.ge -ს მასალების გამოყენებით
იხილეთ ასევე: