"ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი] ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის, ბიზნესის ძარცვით და ახლა, უკვე ევროპაში შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს კანონის დარღვევაც არის, რაც აქვს პირდაპირი ფორმით აღიარებული, მაგალითად: არსად არ ჩანს, არსად არ არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის ძარცვით, ბიზნესის ძარცვით და ახლა უკვე ევროპაში შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ამაზე კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რაზეც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის 26 ოქტომბერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ადამიანი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულად ამ პიროვნებას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს საზოგადოებს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.