ავტორი:

"ჩემი ახალი საქმიანობა გამომუშავებაზეა... არ ვზივარ ოფისში და დიდი სამუშაო სივრცე მაქვს" - რას საქმიანობს ზურიუს ბალანჩივაძემ "იმედიდან" წასვლის შემდეგ?

"ჩემი ახალი საქმიანობა გამომუშავებაზეა... არ ვზივარ ოფისში და დიდი სამუშაო სივრცე მაქვს" - რას საქმიანობს ზურიუს ბალანჩივაძემ "იმედიდან" წასვლის შემდეგ?

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ზურა, ზურიუს ბალანჩივაძემ ტელეკომპანია "იმედი"დატოვა. ამ თემაზე მას მედიასთან არ უსაუბრია. რას საქმიანობს ახლა, ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და ენატრება თუ არა მისი პროფესია, ამაზე AMBEBI.GE-ს ვრცლად ესაუბრა.

"ჩემი დღევანდელი საქმიანობა არის ექსკურსიამძღოლობა, ანუ გიდობა, ასევე კონტენტის შექმნა ინტერნეტსივრცეში. ამასთან, თბილისში არსებული ისტორიული ადგილების, უბნების, შენობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოების ინფორმირება. ამ ყველაფერს სხვადასხვა დამკვეთს ვთავაზობ... ჩემი საქმიანობა ძირითადად თბილისისა და ტურიზმის გარშემო ტრიალებს" - ამბობს ზურიუსი.

- პროფესიით ჟურნალისტის ცხოვრებაში გიდობა, როგორ მოვიდა?

- 2016 წელს ჩემმა მეგობარმა, ლევან გიორგაძემ თავისთან გიდობა შემომთავაზა. მაშინ ჩემთვისაც და ზოგადად ქართული ტურიზმისთვისაც ახალი ხილი იყო თბილისში საფეხმავლო ტურები. ეს არის ტურები მოჭრილი ანაზღაურების გარეშე, რომელსაც ჰქვია Tbilisi Free Walking Tours. ეს აპრობირებული მეთოდია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად ყველაზე მეტი დაინტერესებული ადამიანი ამ ქვეყნებიდან გვყავს... არაფიქსირებული ფასის მქონე ტურები ისეთი სპეციფიკაა, სადაც გიდს კონკრეტულ თანხას არ უხდიან, - ტურისტს რამდენიც მოეპოვება, იმდენს ტოვებს. როცა გიდმა არ იცის, ტურიდან რამდენი დარჩება, უფრო მოწადინებულია, ტურისტს მეტად მოაწონოს თავი, მთელი თავისი რესურსი ჩართოს და ტური უფრო დინამიკური გახადოს.

- ამ საქმეში შენთვის მთავარი რა არის?

- პირველი ის, რომ ეს პროფესია, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, სულ ტონუსში ვარ, რადგან საქმიანობა გამომუშავებაზეა. მეორე ისაა, რომ თავისთავად ძალიან საინტერესო სპეციფიკაა, რადგან არ ვზივარ ოფისში და დიდი სამუშაო სივრცე მაქვს. მესამე, რაც ჩემთვის ასევე მთავარია, მრავალფეროვნება და ხალხია. კომუნიკაცია ტურისტებთან ძირითადად ინგლისურად, ქართულად და გამონაკლის შემთხვევებში - რუსულად მიწევს. რუსულენოვანი ტურები იმ რუსებისთვისაა, რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქვთ ანტიპუტინური განწყობა, ან ის უკრაინელები, ვინც ინგლისური არ იციან. ამ ადამიანებმა სპეციფიკური გამოცდა უნდა გაიარონ, რომ მათ რუსულად ტური ჩავუტარო.

- ეს საქმე დღეს რა არის შენთვის?

- ყველაზე დიდი საშუალება, საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე. აქ საუბარი მაქვს ქართულ საზოგადოებაზეც, რადგან ვცხოვრობთ ბევრი მითისა და ზღაპრის გარემოცვაში. ეს თავისთავად ცუდი არ არის, რადგან საზღვარგარეთ ტურზე ათასი საინტერესო ლეგენდა მომისმენია, მაგრამ საქართველოში ლეგენდების რეალობისგან გამიჯვნა არ შეგვიძლია. ქართულ ტურებს უფრო იმიტომ ვატარებ, რომ უკეთეს საზოგადოებაში ვიცხოვროთ. მატერიალური დაინტერესება ქართულ ტურებთან დაკავშირებით ნაკლებად მაქვს. ეს ტურები იმისთვისაა, რომ ჩემნაირ ადამიანებს ამ ქვეყანაში დაედგომებოდეს.

- ქართულ საზოგადოებაში ამ ტურების მიმართ რამდენად არის?

- არის. ალბათ ამას გარკვეული დოზით ჩემი ფაქტორიც განსაზღვრავს. ცნობადობა ტელევიზიიდან, ტურებთან მუშაობით და სოციალურ ქსელებში აქტივობებისგან დამიგროვდა. "ტიკ-ტოკზე" 82.000 გამომწერი მყავს, „ინსტაგრამზე“ – 47.000, "ფეისბუქზეც" საკმაოდ. ამან იმაში დამარწმუნა, რომ შევძელი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დამერწმუნებინა, რომ თბილისი იმაზე მეტად ამოუცნობია, ვიდრე ადგილობრივს, ე.წ. კარენოი თბილისელს ჰგონია.

- და როგორია შენი თვალით დანახული თბილისი?

- ქუთაისში დავიბადე. როდესაც აქ ჩამოვედი, თბილისი დიდი, უზარმაზარი იყო, მეშინოდა, არ გადავეყლაპე. თან იმ დროს ჩამოვედი, რომ ალა-ალაგ კრიმინალური კუდები კიდევ იყო შემორჩენილი, ბევრი საშიში რამ ხდებოდა... თბილისის გაცნობა ყველა შრით დავიწყე. ჩემთვის ერეკლეს დროინდელი თბილისი, ილია ჭავჭავაძის დროინდელი, გორგასლის დროინდელიც, ერთნაირად საინტერესო და სასურველია. მიჯაჭვულობა კონკრეტულ მონაკვეთთან არ მაქვს. ჩემი ბავშვობის წლები და თბილი მოგონებები თბილისს არ უკავშირდება, რადგან ეგ პერიოდი აქ არ გამივლია. თბილისის გაცნობა უფრო სტუდენტობიდან დავიწყე. ქალაქში ჩემი გამორჩეული ადგილები მაქვს, მაგალითად, მარცხენა სანაპირო ჩემთვის მეტად საინტერესოა, რადგან კონკრეტულ მოგონებებს უკავშირდება და ცხოვრებისეულ გამოწვევებს, მაგრამ ეს 0,1%-ია, დანარჩენი ყველა შრე ერთნაირად მიყვარს.

- გამოდის, საბოლოოდ თბილისმა მიგიღო...

- ამ ქალაქმა ჩამომაყალიბა და მომცა ყველაფერი, რაც დღეს მაქვს. მეც ვცდილობ, მეტად შევიცნო, აღმოვაჩინო და რაც მთავარია, მერე ამის შესახებ მოვუყვე სხვას. ეს ისარის, რითაც თბილისი სხვას არ ჰგავს... თბილისში ტურისტები იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებშიც ასეთი რეალობა არ არის, რაც აქ ხვდებათ - მრავალფეროვნება, სამზარეულო, მთები, არქიტექტურა, თუნდაც პოსტსაბჭოთა, გაქვავებული ბეტონის ჯუნგლები. მათ საბჭოთა მემკვიდრეობაც კი აინტერესებთ. რაც ჩვენთვის ტრაგედია და მენტალური კლიშეა, მათთვის ძალიან საინტერესო, უცნობი და უცხოა...

- თბილისის ისტორიიდან რამდენადმე უცნობი დეტალი იქნებ ჩვენს მკითხველსაც მოვუთხროთ?

- თუკი გავივლით რუსთაველის გამზირზე, მაგალითად, შენობას, სადაც ლაღიძის წყლები იყო, კომუნისტებმა მეოთხე სართული დაადგეს. როდესაც მიშენება-დაშენებებზე ვსაუბრობთ, ძველი თბილისის არქიტექტურის დამახინჯება სწორედ გასაბჭოების შემდეგ დაიწყო. დიდწილად მათ დააზიანეს, მაგრამ თუ დღევანდელს შევადრით, ის ქალაქის წინაშე ორგანიზებული დანაშაული იყო, ახლა კი - ქალაქის არქიტექტურის წინააღმდეგ არაორგანიზებული დანაშაულის მოწმეები ვართ. ოპერის თეატრის ეზოში დგას რუსთაველის გამზირისთვის შექმნილი პირველი ბიუსტი, ამაზე ძველი ამ გამზირზე არ არის. მეორე ძველი ბიუსტი ეგნატე ნინოშვილისაა. იაკობ ნიკოლაძემ აკაკი წერეთელი ეგნატე ნინოშვილზე ერთი წლით გვიან კი შექმნა, მაგრამ ჯერ ნინოშვილი დადგეს. აკაკის ქანდაკებას დიდი კრიტიკა შეხვდა, რადგან არის ჰერკულესის ტანზე, სახეა კი ძალიან ხანდაზმულის აქვს, თვალები კი - დახუჭული.

ეს ავტორმა იმ თვალსაზრისით გააკეთა, რომ მგოსანს თვალის ქუთუთოები ფაქტობრივად დახურული ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო ხანებში თვალებს ბოლომდე კარგად ვერ ახელდა. თავს მაღლა სწევდა და ისე იყურებოდა. თუკი ოპერის თეატრის ფასადს შევხედავთ, - მეორე სართულის აივნის თაღს აქვს სამი რგოლი - შუაში, მარჯვნივ და მარცხნივ. მარცხენა რგოლის თავზე 18-ია ჩაწერილი, მარჯვენა რგოლის თავზე - 87. ეს იმას ნიშნავს, რომ 1887 წელს გაიჭრა ოპერის თეატრის საძირკველი. ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია, იქვე კუთხეში „ქოსების დუქანი“ ყოფილა, სადაც თურმე ძმები ხელაშვილები გემრიელი საჭმელებს აკეთებდნენ... ილია ჭავჭავაძე სახლიდან ქვემოთ კალათას უშვებდა, რომელშიც მედუქნეები გემრიელ კერძებს უწყობდნენ. ვაჟა-ფშაველა კი იქ ჩადიოდა და ქეიფობდა. მისთვის ქეიფის დროს ვიღაცას უთქვამს - ეს ხელაშვილები რა კარგი ბიჭები არიან, ახლა რომ ასეთ კერძებს ამზადებენ, ასაკში რომ შევლენ და დაღვინდებიან, მერე რას იზამენო. ვაჟას უხუმრია, ეგენი ახალგაზრდები არ არიან, უბრალოდ ქოსები არიაო. ასე შეარქვეს იმ დუქანს „ქოსების დუქანი“.

- საინტერესოა... რა თვისებები სჭირდება გიდს?

- პუნქტუალურობა, გასაგებად ახსნისა და დიდი მოთმინების უნარი. უნდა იცოდეს არა მარტო ის თემა, რაზეც საუბრობს, არამედ ზოგადი თემებიც. გიდობა ძალიან ჰგავს ჟურნალისტიკას, რადგან აუდიტორიაზე პირდაპირ ხარ დამოკიდებულ. თუ აუდიტორიას შენი არ ესმის, ხალხი არ მოგყვება ე.ი. ეს შენი საქმე არ არის. გერმანელ, დანიელ და ნიდერლანდ ტურისტებს აინტერესებს საქართველოს მთები. ამიტომ საქართველოს მთიან რეგიონებს ყველაზე მეტად გერმანელები, ან გერმანულენოვანი ხალხი სტუმრობს. იქ ლაშქრობა უყვართ. ზამთარში როგორც კი მოთოვს, ფილიპინელები თოვლის სანახავად ჩამოდიან. იმავე გერმანელებს, ასევე ამერიკელებს, ინგლისელებს, ებრაელებს ძალიან აინტერესებთ საბჭოეთის ისტორია. ყველაზე ინტერესიანი ხალხია ჩრდილო-დასავლეთი ევროპელები. მათ გასახსნელად დიდი დრო გჭირდება, მაგ მხრივ ესპანელებთან, იტალიელებთან, კომუნიკაციას უფრო ადვილად და მალე ამყარებ.

- უმეტესად ფეხით დადიხართ, მაგრამ გადასაადგილებლად მეტროს ხომ არ იყენებთ?

- გვაქვს ასეთი ტურებიც, როცა მეტროსაც ვიყენებთ, ანუ მეტრო როგორც ცალკე ატრაქცია და თავგადასავალი - ასეა შესული. იქვე ვუყვები მეტროს ისტორიას, ბევრ საინტერესო ამბავს და წარმოიდგინეთ ისიც კი მოსწონთ, გვირაბში მიმავალი ვაგონები რომ ჯანჯღარებს. ვიღაცებისთვის ესეც კი საინტერესოა.

- ტელევიზიაში საქმიანობა არ გენატრება?

- მენატრება, მაგრამ მონატრებისთვის დრო არც მაქვს. იმ ყველაფერს თუნდაც სოციალურ ქსელებში აქტივობით ვაკომპენსირებ. აუდიტორიასთან კონტაქტის დეფიციტი არ მაქვს. ისე არ არის, რომ პროფესიიდან წამოვედი და სახლში დავჯექი. კი, იქ, იმ აუდიტორიისთვის რასაც ვაკეთებდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. შედეგსაც ვხედავდი... ძირეულად რომ ვთქვათ, პროფესიიდან არსად წავსულვარ. იმავეს ვაკეთებ, ოღონდ, სხვა გზებით...