ოლიმპიელი სპორტსმენი რებეკა ჩეპტეგეი, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 33 წლის უგანდელი მარათონელი მორბენალი პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობდა.
კენიის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ათლეტი ამ ეტაპზე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, მომხდარი თავდასხმის შედეგად მიღებული მძიმე დამწვრობების გამო, სპორტსმენი ვერ გადაარჩინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩეპტეგეისა და მის ყოფილ პარტნიორს მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ დავა.
სპორტსმენი თავდასხმის დროს შვილებთან ერთად, ეკლესიიდან შინ ბრუნდებოდა. პოლიციის განცხადებით, გამოძიება მალე დაიწყება.
მომხდარის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა ის საფრთხე, რაც კენიაში ქალ სპორტსმენებზე ძალადობის მზარდ შემთხვევებს უკავშირდება. ჩეპტეგეი მესამე ქალი სპორტსმენია, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მოკლეს.
რებეკას მამამ, ჯოზეფ ჩეპტეგეიმ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მან "საოცრად მზრუნველი შვილი" დაკარგა და მთავრობას სამართლის აღსრულებისკენ მოუწოდა.
უგანდელმა სპორტსმენმა ჯეიმს კირვამ კი BBC-ს განუცხადა, თუ როგორი გულუხვი იყო რებეკა და როგორ ეხმარებოდა სხვა მორბენალებს ფინანსურად.
ექიმების ცნობით, სპორტსმენი ყველა ორგანოს ფუნქციონირების შეწყვეტამ იმსხვერპლა.
დამწვრობა მიიღო ჩეპტეგეის ყოფილმა შეყვარებულმაც, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო მსუბუქია. ქვეყანაში გენდერული ძალადობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.