ავტორი:

რა მეთოდით ჩატარდა ე.წ. რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი, რომელსაც ხმაური მოჰყვა? - "სიტყვა "აგენტი“ ამოღებულია, მაგრამ "უცხოური ინტერესების გამტარებელი" სხვა არაფერია, თუ არა სინონიმური ფრაზა - აგენტი

რა მეთოდით ჩატარდა ე.წ. რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი, რომელსაც ხმაური მოჰყვა? - "სიტყვა "აგენტი“ ამოღებულია, მაგრამ "უცხოური ინტერესების გამტარებელი" სხვა არაფერია, თუ არა სინონიმური ფრაზა - აგენტი

სამმა ენათმეცნიერმა - მარინე ბერიძემ, კახაბერ გაბუნიამ და ზაქარია ფურცხვანიძემ, ასევე ენობრივი პოლიტიკისა და სოციო-ლინგვისტიკის მკვლევარმა, შალვა ტაბატაძემ საქართველოში მიღებული ე.წ. რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი ჩაატარეს. სამუშაო, რომელიც ავტორების ინფორმაციით, თითქმის 2 თვე გაგრძელდა, მოხალისეობრივად შეასრულეს ანაზღაურების გარეშე. კვლევის ინიციატორი ენათმეცნიერი მარინე ბერიძეა, რომელსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით გამოსვლა სთხოვეს.

31 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების კანონს განიხილავდნენ, მარინე ბერიძეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები, ასევე, მოსამართლეები. შეკითხვაზე, საზოგადოებაში, როგორ აღიქმება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მარინე ბერიძემ უპასუხა, რომ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფით, მძიმე, შემაშინებელ ეფექტს იძლევა.

"ინტერესების გამტარებელი, თუ მას არ დავუმატეთ რაიმე დადებითი მნიშვნელობის სიტყვა, ის ვერ ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას... ინტერესების გამტარებელი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცის, ან რაღაცის ინტერესების გამტარებელი“, - თქვა მან.

ენათმეცნიერმა დაამატა, რომ ტერმინი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი განმარტებები.

"რიგითი ქართველისთვის ეს ტერმინები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციის მონიშვნის საშუალება“, - აღნიშნა ბერიძემ და განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი აღქმა და დამყარებულია ემპირიული მასალის კვლევაზე.

შესაბამისი კვლევა უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და გამოქვეყნდება, მათ შორის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერი მარინა ბერიძის ჩვენებას და მის კვლევას "აგენტების კანონის“ ფორმალური დასახელების შესახებ. მაჭავარიანი ამბობს, რომ ბერიძის პოზიცია "არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას. ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, “რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე” და რომ ეს “არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული”.

ambebi.ge ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მეცნიერ ზაქარია ფურცხვანიძეს ესაუბრა, რომელიც ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ მარინე ბერიძესთან ერთად ერთ-ერთია იმ ოთხ მეცნიერს შორის, რომელმაც რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი ჩაატარა.

- ბატონო ზაქარია, რომელი მეთოდით ჩატარდა აღნიშნული კანონის კვლევა?

- მკვლევრების ჯგუფი ამ კვლევის გამო არ შეკრებილა, ჩვენ ქალბატონ მარინე ბერიძესთან, კახა გაბუნიასთან, შალვა ტაბატაძესთან ერთად პერმანენტულად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. ეს მეთოდოლოგია სპეციალურად ამის გამო არ გამოგვიყენებია, ზოგადად ვიყენებთ ჩვენს კვლევაში, ანუ ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია სემანტიკური ბადეების, პარადიგმების კვლევისათვის. მე ჩემი მხრიდან პასუხისმგებელი ვიყავი მხოლოდ ერთ მეთოდზე, რომელიც ძირთადად მონაცემთა ბაზებს ეფუძნება, ანუ ბაზას ვეკითხებით, როგორ აღიქვამს რამე სიტყვას. დიდი ბაზა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობოდით, შეიცავს 1,5 მილიარდ ქართულ სიტყვა-ფორმას. ამ წუთში ქართულ ენასთან მიმართებაში ღიად ხელმისაწვდომი უფრო დიდი ბაზა არ არსებობს. ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. სიტყვამნერგი - ინსტრუმენტს, რომელიც გოეთეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქართული ენისთვის შეიქმნა, დავარქვით სიტყვამნერგი, რომელიც ეყრდნობა 1,5 მილიარდ სიტყვას. მარინე ბერიძემ სასამართლოზე მაგალითი მოიყვანა ამ ინსტრუმენტიდან - თუკი "ტაქსისტს“ გამოაკლებ მანქანას, როგორც სემანტიკურ კომპონენტს, მონაცემთა ბაზა გიტოვებს სიტყვა "ორდიპლომიანს“, ანუ თვითონ ბაზა ხვდება. მაგ. თუკი სისტემაში სიტყვა "მტევანს“ შეიყვანთ, ცალკე ამოგიგდებთ მევენახეობასთან დაკავშირებულ სიტყვებს, ცალკე - ანატომიასთან დაკავშირებულს. ანუ ეს სისტემა აზროვნებს პარადიგმებში.

კანონმდებელს შეუძლია გამოიგონოს სიტყვა, მაგრამ ვერ გამოიგონებს პარადიგმას. მას შეუძლია ჩაანაცვლოს სიტყვა, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს პარადიგმას. სიტყვა "აგენტის“ ჩანაცვლებას არანაირი ეფექტი არ აქვს იმიტომ, რომ მისი პარადიგმა კანონში ყველგანაა. ალგორითმისთვის სულ ერთია ენა, მას ვერც შეაშინებთ, ვერც დაამუნათებთ, ვერც ზეგავლენას მოახდენთ, ეს გაძლევთ ყველანაირი სენტიმენტისგან, აბსოლუტურად, ნეიტრალურ შედეგს.

რაღაც სიტყვა ყოველთვის შედგება სემანტიკური კომპონენტებისაგან, რასაც ჩვენ ვუძახით პარადიგმას. 1,5 მილიარდი სიტყვა-ფორმა არის როგორც ბადე, რომლის კვანძები სიტყვებია და ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, ერთი კვანძის გააქტიურება იწვევს მისი პარადიგმის გააქტიურებას. ის, რასაც ცდილობდნენ მარინე ბერიძის მოწინააღმდეგეები, ქსელიდან ცალკე აღებული კვანძის ანალიზია. მათემატიკურმა ალგორითმმა აჩვენა, რომ თქვენ შეგიძლიათ კვანძზე ჩუმად იყოთ, მაგრამ მთელ ქსელზე ვერ იქნებით ჩუმად. ჩვენ არ გადავდივართ ინტერპრეტაციების სფეროს, ეს ენათმეცნიერების საქმე არ არის, მაგრამ ვრჩებით მათემატიკურად უზრუნველყოფილი ენობრივი ანალიზის შედეგის ფარგლებში. ეს ახლა ვინმეს მოსწონს თუ არა, ეს მათი პირადი საქმეა. ის, რაც მარინე ბერიძემ ამ მეთოდით აჩვენა, იყო სწორედ ეს, მეტი არაფერი.

მარინე ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

- ლინგვისტურად "უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი“ რა კონოტაციისაა და როგორ აღიქვამს მას საზოგადოება, ეს ოთხი სიტყვა ერთობლიობაში რა შინაარსს გამოხატავს?

- 1,5 მილიარდიანი მონაცემი აჩვენებს სტატისტიკურ ყალიბს და ვვარაუდობთ, რომ ეს ყალიბი არ არის შემთხვევითი. ის, რომ სიტყვა - უცხო ძალა, ინტერესი და გამტარებელი ყალიბის მატარებელი კოლოკაციაა, არ არის შემთხვევითი, ანუ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სიხშირე იმდენად სიგნიპიკანტურია, რომ როგორც ჩანს, ტექსტისთვის რელევანტური კავშირია - ეს ჩვენ არ გვითქვამს, ეს ალგორითმმა თქვა, ეს სიტყვები ჩვენ არ შეგვირჩევია, ალგორითმმა შემოგვთავაზა როგორც სემანტიკური, ყველაზე რელევანტური კვანძი მთელს ამ ბადეში. სიტყვების "უცხო“ და "ძალას“ კავშირი სტატისტიკურად, მათემატიკურად არის გაზომილი, სიტყვა ძალა უკავშირდება ზმნას - გამტარებელს, ასევე, მათემატიკური სტატისტიკით სიტყვა "გამტარებლის“ ყველაზე ხშირი მოდიფიკატორი არის "ინტერესები“. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 4 კვანძი, ამ 4 კვანძს აქვს 4 დამოუკიდებელი პარადიგმა, რომელიც მთლიანად ნეგატიური კონტექსტია. წარმოიდგინეთ შავი ღრუბელი, რომლის ყველაზე გამოკვეთილი კვანძია ეს ოთხი სიტყვა. მაგ. "ძალა“ რომ ავიღოთ ოლიმპიელ სპორტსმენთა მიმართებაში, ის დადებითი კონოტაციაა, მაგრამ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს არა ცალკე კვანძებზე, არამედ 4 მთავარი კვანძის პარადიგმაზე. ერთ ადამიანს საკუთარი ენის აღქმის ფარგლებში არ შეუძლია ამგვარი დასკვნის გამოტანა, 1,5 მილიარდი ბაზის მათემატიკური ალგორითმის ფარგლებში ეს შესაძლებელია.

- რის საფუძველზე გაემიჯნა კვლევას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი? მისი თქმით,“რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე” და რომ ეს “არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული”...

- ეს ენათმეცნიერებაა, რა თქმა უნდა, ფლანგირებული სხვადასხვა დარგთან. ერთი ადამიანის ფარგლებში შეიძლება იყოს განწყობა, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი ერთ ცნებას - პრაიმინგის ექსპერიმენტი ფსიქოლოგიაში არის ენობრივი ექსპერიმენტი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ამგვარი პარადიგმების შესახებ, ოღონდ, ფსიქოლოგიის ექსპერიმენტის ფორმით. პრაიმინგის ექსპერიმენტი სხვა არაფერია, რასაც ჩვენ ახლა მათემატიკური სიზუსტით ვიძლევით. ჩვენ ემპირიული ენათმეცნიერები ვართ, ემპირიული მონაცემების ბაზაზე ვაჩვენებთ ამას და ეს არის მედლის ერთი მხარე. მეორე მხარეა ფსიქოლინგვისტიკა, ოღონდ, როგორც წესი, გვაქვს ასპროცენტიანი თანხვედრა. გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ქალბატონი ნანას ეს პოზიცია. მინდოდა წამეკითხა არგუმენტაცია, მაგრამ ის ან შეამოკლეს, ან საერთოდ არ ყოფილა. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ვინაიდან ვიცნობ მის სხვა ნაშრომებს. რაც შეეხება მარინე ბერიძეს, ის ჩვენს წრეში, ჩვენს საზოგადოებაში არის მეცნიერული მორალური სიცხადის მაგალითი და მასთან ურთიერთობა - ლაკმუსის ქაღალდი შავსა და თეთრს შორის. ის მიკერძოებული არასდროს იქნება, სწორედ ეს არის მარინე ბერიძის მაგალითზე თვალსაჩინო, სად ივლება საზღვარი პირუთვნელ მეცნიერსა და ანგაჟირებულ მოქალაქეს შორის. მეცნიერული ჭეშმარიტება ყველა დანარჩენზე მაღლა დგას.

მე, უბრალოდ, მართლა დამაინტერესებდა ქალბატონი ნანას მეცნიერული არგუმენტები. საერთოდ, მტკიცებულებას ყოველთვის მოსდევს მეცნიერული არგუმენტაცია, ეს არგუმენტაცია ან არ დაიწერა, ან არ ახლდა. ერთიც და მეორეც საკვირველია. მეცნიერება იძლევა საკმაოდ დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ეს დისკუსია არ გასცდეს მეცნიერებას, თუკი ამას ვინმე ხელოვნურად არ გააკეთებს. პრობლემა იცით კიდევ რაშია? ეს საზოგადოებრივი განსჯის საგანი მიტომაც გახდა, რომ ყველა ადამიანი ფლობს ენას და ჰგონია, ამავე დროს შეიძლება ენათმეცნიერიც იყოს. ეს იგივეა, რომ ყველა განვიცდით გრავიტაციას, მაგრამ ყველანი ფიზიკოსობას ვერ დავიბრალებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ კანონის სახელწოდებიდან სიტყვა "აგენტი“ ამოღებულია, რამ შეუწყო ამ ტერმინების უარყოფითი მნიშვნელობით დამკვიდრებას საზოგადოებაში, თავად კანონმდებლებმა და ხელისუფლებამ ხომ არა?

- გერმანული ენის მაგალითს მოგიყვანთ: როცა 70-იანი წლების გერმანულში სიტყვა "ტერორიზმის“ კოლოკაციები გაიზომა, მის ირგვლივ დალაგდა წითელი არმია, კაპიტალიზმი, ინდუსტრიალიზაცია და ამგვარი ცნებები. როცა იგივე სიტყვა ჩაინერგა 30 წლის შემდეგ, მის ირგვლივ დალაგდა - ისლამი, ისლამური ქვეყნები, შუა აზია, წინა აზია... იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებრივი დისკურსი ქმნის ამ პარადიგმას. გარდა ამისა, ამგვარი დისკურსების ჩამოყალიბებას, სუფთა ლინგვისტური თვალსაზრისით, თაობები სჭირდება. ამ კანონის სახელწოდებაში სიტყვა "აგენტი“ ამოღებულია, მაგრამ ამ სიტყვის ქსელი იქ დატოვებულია, უცხოური ინტერესების გამტარებელი სხვა არაფერია, თუ არა სინონიმური ფრაზა - აგენტი. კანონმდებელმა შეიძლება ჩაანაცვლოს სიტყვა, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს პარადიგმას, ამას სჭირდება თაობები. მან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს დისკურსზე, მაგრამ მთელი ქართული ენის მოხმარებაზე ზეგავლენას ხომ ვერ მოახდენს? შესაბამისად, ამას ვერ გააკეთილშობილებ, რადგან მისი სულისკვეთება და მიზანდასახულობა არის იმთავითვე გარკვეული პოლიტიკური ნიშნით მონიშვნა. ეს ქსელი ან არსებობს, ან - არა, გარდამავალი გრადაცია არ აქვს, ან ერთია, ან მეორე. საერთოდ, მონაცემზე დაყრდნობით კვლევა იმიტომაა სიმშვიდის საწინდარი და ემპირიულ ენათმეცნიერებს ღამით იმიტომ სძინავთ მშვიდად, რომ მათი არგუმენტაციის წყარო მე კი არ ვარ, არამედ მონაცემი. ამის გაქარწყლების ერთადერთი გზაა ვინმემ მოიტანოს 1,5 მილიარდ მონაცემზე უფრო დიდი ბაზა და მიიღოს სხვა შედეგი. მხოლოდ მაშინ ავწევთ ხელებს და ვიტყვით - ჩვენ ვცდებით. სანამ ამაზე დიდი რეპრეზენტაციული მონაცემი არ არსებობს, მაშინ ეს შედეგი დგას და რაც უნდა ინტერპრეტაცია მოუძებნო, შედეგს ვერ შეცვლი. ამწუთას ჩვენ ვსაუბრობთ არა აბსტრაქტულ რაღაცაზე, არამედ ემპირიულად გამყარებულ მონაცემზე. აქამდე, რაც მარინე ბერიძემ აჩვენა, არის ფაქტი, ამის გაუნებელყოფა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ფაქტით, თორემ ინტერპრეტაციიებისთვის, ვისაც რომელ მხარეს უნდა, იმ მხარეს მოაბამს ყურს. ფაქტი ფაქტად რჩება, ინტერპრეტაციებისთვის კი საზღვარი არ არსებობს.

ქართული ენა მოიხმარება ზეპირი და წერითი ფორმით. დღესდღეობით, ენის ყველა მომხმარებელი ამ ოთხ სიტყვას და მათ ირგვლივ დალაგებულ სემანტიკურ პარადიგმას ეჭვის გარეშე უარყოფით კონტექსტში განიხილავს. თუკი თქვენ რაიმე ორგანიზაციას, პიროვნებას, ან ინსტიტუციას დაახასიათებთ როგორც უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელ ძალად, ეს ორგანიზაცია, მსუბუქად რომ ვთქვა, ჯილდოს არ მიიღებს, თუნდაც ეს ძალა იყოს მაგ. გაერო ან იუნისეფი. ის უფრო ტენდენციურად ნეგატიურ კონტექსტშია და დასჯის საგანი შეიძლება გახდეს, ვიდრე დაჯილდოების. ეს არის ფაქტი და ეს არა ჩემი, არამედ ქართული ენის მომხმარებლის ფაქტია, მათემატიკურად გამყარებული. ჩვენ ამ შემთხვევაში 1,5 მილიარდ სიტყვას დავეყრდენით.

ჩვენი მთელი ნაშრომი არა მხოლოდ ამას, კიდევ 2 მეთოდს ეყრდნობა - ლექსიკოგრაფიულს და დისკურსულს. ეს სამივე მეთოდი ძაბრის ფორმით იყრის თავს და ერთმანეთს ამყარებს. ჩვენ ვმუშაობდით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მერე, როცა ჩვენი მონაცემები წარმოვადგინეთ, დავასკვენით, რომ ერთმანეთის აბსოლუტური დაფარვა ჰქონდათ.