კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ადგილია. ეროვნული პარკის ნაკრძალი, რომელსაც ნაჰანის ველი ჰქვია, რამდენიმე უცნაური მითისა და საიდუმლოების "თავშესაფარია“. ეს შორეული ველური ხეობა უხეში რელიეფით, ექსტრემალური ამინდითა და მტაცებლების სიუხვის გამო, საკმაოდ საშიშ ზონად არის მიჩნეული. ათწლეულების განმავლობაში, აქ ბევრი მოგზაური და მკვლევარი დაიკარგა, თუმცა ყველაფერი იმით რთულდება, რომ გარდაცვლილებს თავმოკვეთილებს პოულობდნენ. ნაჰანის ხეობას, იქ აღმოჩენილი თავმოკვეთილი სხეულების გამო, "უთავო კაცების ველი" უწოდეს.
ნაჰანის ველი ერთგვარი გამოწვევაა - შესაძლოა, თითზე ჩამოსათვლელად იყოს მიზეზები, აქ მოგზაურობის სურვილისთვის. არის ძნელად მისადგომი ადგილი, აქ მოგიწევთ გრძელი სახმელეთო მოგზაურობა მიტოვებულ სოფელ ვოლფრამიდან. აქ გადარჩენა გამოცდილი მოგზაურისთვისაც კი ურთულესია, გამოუცდელისთვის კი შესაძლოა საბედისწეროდ იქცეს.
თავისი საოცარი ბუნებრივი სილამაზის, უნიკალური გეოგრაფიის, მახასიათებლებისა და ფლორისა და ფაუნის სიმდიდრის წყალობით, 1978 წელს ნაჰანის ველი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ).
ნაჰანის ველი საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებელი იყო. აქ ცხოვრობს მრავალი სახეობის ცხოველი, რომელთაგან ბევრი მტაცებელია. მსხვილი გრიზლი დათვები და ხის მგლები აქ მთავარი მტაცებლები არიან.
ამის ასახსნელად წლების განმავლობაში მრავალი ისტორია გაჩნდა - ზოგი საუბრობდა მტრულად განწყობილ მაძიებლებზე, რომლებიც ერთმანეთს კლავდნენ, სხვები სიკვდილს მიაწერდნენ გარეულ ცხოველებს, ზოგი კი საუბრობდა არასტუმართმოყვარე მეომარ ადგილობრივებზე, რომლებიც ტოვებდნენ უთავო გვამებს, როგორც გაფრთხილებას სხვა დამრღვევებისთვის.
ერთ-ერთი პირველები, ვისი თავმოკვეთილი ცხედრები იპოვეს, ოქროს მაძიებელები ჯორჯენსონი და ძმები მაკლეოდები იყვნენ.
1917 წელს, ხეობაში შვეიცარიელი მაძიებლის, სახელად მარტინ იორგენსონის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს .
ხეობის თაობაზე სტატია 1947 წლის 15 თებერვლის გაზეთის "Deseret News"-ის ნომრიდან, სათაურით: " Headless Valley Myths Dispeled", ცდილობს გაანადგუროს მთელი საიდუმლო და ხეობაში მომხდარი მკვლელობების ლოგიკა გამონახოს. სტატიის შინაარსის დიდი ნაწილი დაუსაბუთებელი და უბრალო ვარაუდია. მასში ნათქვამია, რომ ჯორჯენსონი და ძმები მაკლეოდები მოკლეს მათ მიერ აღმოჩენილი ოქროს გამო. თუმცა არასოდეს ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება აღარ მოძებნილა.
1927 წელს ნაჰანიში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ცხედარი, რომელიც ეკუთვნოდა კაცს მეტსახელად "იუკონ" ფიშერს. ამ კაცს, რომელსაც სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ეძებდა კანადის სამეფო პოლიცია. ოფიციალურმა პირებმა მისი ჩონჩხი იპოვეს ბენეტ კრიკის ნაპირზე, საკმაოდ ახლოს იმ ადგილას, სადაც 1908 წელს იპოვეს ძმები მაკლეოდების ცხედრები. მისი სიკვდილის მიზეზი არასოდეს გარკვეულა.
ბევრი ადამიანი კი უბრალოდ უკვალოდ გაქრა ნაჰანის ველის წიაღში. 1928 წელს, ერთი მაძიებელი, სახელად ანგუს ჰოლი, რომელმაც სასიკვდილო ველში მოგზაურობა გაბედა, აღარასოდეს არავის უნახავს. მაძიებელთა კიდევ ერთი წყვილი, ჯო მალჰოლლანდი და ბილ ეპიერი, 1936 წელს გაუჩინარდა. მრავალი წლის განმავლობაში მათ ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს.
საბოლოო ჯამში, ვერავინ იტყვის ზუსტად რა ხდება იდუმალ ნაჰანის ველში. 1908 წლიდან დაწყებული მასში 44-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა - და ეს საოცრად მაღალი მაჩვენებელია მხოლოდ ერთი, თუმცა უზარმაზარი ხეობისთვის. უამრავი უცნაური ფაქტი ჯერ კიდევ ხელს უწყობს აქ გაბატონებულ იდუმალებას.
პარკი შვიდ მილიონ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, რომელიც ყინულის ველებიდან, მთებიდან, ალპური ტუნდრადან და ბორეალური ტყიდან კონტინენტური დაყოფის საზღვართან გამოდის, რომელიც იუკონისა და ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებს ყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ მდინარეზე გასეირნება რეკომენდირებულია მხოლოდ გამოცდილი მესაზღვრეებისთვის ან მათთვის, ვინც მოგზაურობს ლიცენზირებული ეკიპირებით, ყველა ასაკის ვიზიტორს შეუძლია ფრენა ვირჯინიის ჩანჩქერზე, რომელიც ნიაგარას სიმაღლეს ორჯერ აღემატება.
გზების ან სეისმური ხაზების გარეშე, ნაჰანი იყო, იელოუსტოუნთან ერთად, ერთ-ერთი პირველი პარკი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე დღის წინ Forbes-ზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "რატომ არის ჯომარდობა მდინარე ნაჰანზე სასიცოცხლო თავგადასავალი“. სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს იმ საფრთხეებსა და დაბრკოლებებს, რომლებიც მას და მის მეგობარს ამ იდუმალებით მოცულ ადგილზე მოგზაურობის დროს შეხვდათ.
ისინი აღიარებენ, რომ ეს არის ადგილი, რომელიც ისეთი მოგზაურებისთვისაც ზედმეტია, რომლებიც მუდმივად მისტიური და შეუცნობელი ობიექტებისადმი მიისწრაფიან, რადგან ნაჰანის ველი არ არის რიგითი ადგილი ან პარკი, ეს არის საშუალება, საკუთარი თავი ადრენალინის ზღვაში გამოსცადო, საიდანაც თავის დაღწევა ერთეულებს შეუძლიათ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი