საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას” სურს, რომ მისი ყველანაირი კვალი წაშალოს.
როგორც სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "საქართველოს ისტორიაში ბოლო დღეების, თვეების თუ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა”.
"თავდაპირველად, მინდა, მივესალმო გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც დარბაზში იმყოფება. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო და მათ შორის, არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს რუსული ხელისუფლება საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობა დღეს, აი ამ დარბაზში მასამართლებს საქართველოში კი არა, ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ხელისუფლების ლიდერს. მსოფლიო ბანკს დაწერილი აქვს წიგნები, როგორ დავამარცხეთ კორუფცია და ამას მთელს მსოფლიოში ვასწავლიდით.
საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბოლო დღეებში, თვეებში წლებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს არის UNICEF-ის მონაცემი. [ბანკები] ხალხს ჯიბიდან ბოლო კაპიკებს გვაცლის საპენსიო სესხების მეშვეობით და ამ ფულით ყიდულობს და აშენებს უზარმაზარ სასახლეებს და ყიდულობს პორშეებს. ეს არის ქვეყანა, სადაც ფასები მონოპოლიზებულია და კორუფციამ ყველაფერი წალეკა. ამ კორუფციის გამო, ხშირად ფასები ორჯერ და სამჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაანგრია ბათუმის ჭაჭის კოშკი, რომელიც სხვათა შორის ძველი მარკიდან ავიღეთ და საბჭოთა კავშირმა დაანგრია. ისევ საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან. დააჟანგეს ალი და ნინოს შენობა. ამზადებენ მშვიდობის ხიდის და რიყის თეატრის დანგრევასაც. მათ უნდათ, რომ ჩემი ყველანაირი კვალი ამოშალონ. როგორ დაანგრიეს ჩემ მიერ აშენებული ინსტიტუტები. უკლებლივ ყველგან დააბრუნეს კორუფცია. მაგრამ არ გამოუვათ. ამისათვის ძალიან ცოტა დრო აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც რასაც ეხება, ყველაფერს ანგრევს. წარმოგიდგენიათ, მე მეთქვა, რომ ცენტრალურ პარკს ავაშენებდი თბილისში ან ლაგუნა ვერეს გავაკეთებდი და იქ ათი წელი არაფერი გაკეთებულიყო? როგორც კი ვამბობდი სამ, ოთხ, ხუთ თვეში, წელიწადში ან მაქსიმუმ წელიწად ნახევარში ყველაფერი სრულდებოდა და ბარდებოდა პირადად ჩვენს ხალხს”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იხილეთ ასევე: