დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ, გამარჯვებისკენ! - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ კოალიციას ქვეყნისთვის ევროკავშირთან ერთად კეთილდღეობა მოაქვს, "ქართულ ოცნებას” კი, სურს, რომ ქვეყნისთვის სიღატაკე მოიტანოს.
„ისინი მზად არიან გაყიდონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ. ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, ისინი ფიქრობენ საკუთარ თავზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ღირსეულად, ბედნიერად ცხოვრობდეს. მათ უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ დასაქმებულები და დანარჩენი ადამიანები სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ჰყავდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ამ შავი ზღვის აქეთ გადმოვიდეს ევროკავშირი და პირველი სწორედ აჭარა უნდა გახდეს. აქ შემოვა ევროკავშირი, ეს გვინდა ჩვენ“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” უნდა შავ ზღვაზე დიდი კედელი ააგოს და არ შემოუშვას ევროკავშირი, როგორც ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა.
„ეს არის ჩვენს და მათ შორის სხვაობა. მეგობრებო, 2012 წელს , როცა ამ ხალხმა მოიგო არჩევნები მე მახსოვს ივანიშვილის განცხადებები ქობულეთში უფასო ფულთან დაკავშირებით, დასაქმებასთან დაკავშირებით. კითხვას ვსვამ, ერთი პირობა მაინც შეასრულა ამ კაცმა? ერთი რამე მაინც გააკეთა? ზუსტად ამიტომ არის, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს 26 ოქტომბერს და თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს.
გუშინ ინტერნეტში ამომიგდო და ჩემს „ფეისბუქ“გვერდზეც დავდე, რას საუბრობდა ის ადამიანი მიშას რეფორმებზე, არაფერი არ გაკეთებულაო, იუსტიციის სახლზე ისაუბრა, არც ინფრასტრუქტურა გაკეთებულა და არც სხვა დანარჩენიო. ამ ადამიანს, რომელიც მიშაზე ამ ყველაფერს საუბრობდა, აქვს ამის უფლება? თვითონ რა გააკეთა, მხოლოდ 9 წელზე, რომ ლაპარაკობს, 12 წელია ხელისუფლებაშია.
გარდა იმისა, რომ მილიონი ქართველი გაასახლა ქვეყნიდან, სხვა რა გააკეთა? გაჭირვებაში მყოფი ადამიანები კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო. ფასების მონოპოლია შექმნა და დღითიდღე ძარცვავს საქართველოს. ოჯახები დაყოფილია, ბავშვები ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებიან. დედა ერთ ქვეყანაშია გადახვეწილი, მამა მეორე ქვეყანაშია გადახვეწილი. რომ არა ემიგრაცია შიმშილით ამოგვხდებოდა სული, ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე ცხოვრობს ქართველი მოსახლეობა.
რამდენი ოჯახია, საიდანაც ერთი წევრი მაინც არის ემიგრაციაში. რატომ? როცა ასეთი ქვეყანა გვაქვს, დავდივართ, ყველგან სადაც არ უნდა ჩახვიდე უზარმაზარი შესაძლებლობაა, კარგი მიწა გვაქვს, წიაღისეული, კარგი გამრჯე ხალხი გვყავს, ინტელექტუალური პოტენციალი გვყავს, არაჩვეულებრივი პოტენციალი. კითხვას ვსვამ, რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა გაჭირვებული? ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაჭირვებული, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად. ჩვენ ამის პირობას გაძლევთ, რომ საქართველო იქნება ძლიერი და თქვენ ყველანი იქნებით ამაყი.
დაგვიბრუნდებიან ემიგრანტები, ჩამოვლენ ჩვენი თანამემამულეები და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვისაც მოუნდება ჩვენი რუსეთისკენ წაყვანა და ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. 26 ოქტომბერი იყოს დღე გამარჯვებისა, წინსვლისა და ევროკავშირში გაერთიანებისა და დღე ოჯახების გაერთიანებისა.
არ გვაქვს ჩვენ არაფერი გასაყოფი. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ბოღმა და ზიზღია, დაჭერაზე საუბარი, ანგარიშსწორებაზე საუბარი. არ დაიღალეთ ხალხო? როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩვენ ახლა დიდი შეთანხმება და შერიგება გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და მყისიერად გამოვუშვებთ მიშას საპატიმრო დაწესებულებიდან და ეროვნულ შეთანხმებას მიშა ჩაუდგება სათავეში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.