ავტორი:

ანწლი, ბროწეული, თუთა და... - როგორ ქმნიან მცენარეებისგან სხვადასხვა ფერის საღებავებს? უნიკალური მეთოდი

ანწლი, ბროწეული, თუთა და... - როგორ ქმნიან მცენარეებისგან სხვადასხვა ფერის საღებავებს? უნიკალური მეთოდი

ალბათ, არც გვიფიქრია იმაზე, ესა თუ ის მცენარე როგორ წარმატებით ასრულებს საღებავის ფუნქციას. მცენარეთა ამ უნარს საქართველოს სხვადასხვა მხარეში ადგილობრივი მოსახლეობა ადრეული საუკუნეებიდან აქტიურად იყენებდა და შესაბამისად ზედმიწევნით ფლობდა მცენარეული საღებავების შექმნისა, თუ გამოყენების ტექნოლოგიებს. ეს ცოდნა ადამიანების მცირე ნაწილში ჯერ კიდევ შემორჩენილია, რასაც ხალხურ რეწვაში აქტიურად იყენებენ. ამ თემას ამჯერად ფშავის მაგალთზე განვიხილავთ.

  • "ფშავში რეწვა მეცხვარეობის მდიდარი ტრადიციების ნაწილია, რაც საკმაოდ გრძელი პროცესს მოიცავს მატყლის გარეცხვიდან - მოქსოვამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბუნებრივი საღებავების მიღებაა. ეს ფერები ფშაური ხელსაქმის ხარისხს და სილამაზეს განსაზღვრავს და ქიმიური საღებავებით ჩანაცვლება დაუშვებელია,“ - აღნიშნავს თინა ნაყეური-დათაშვილი, ქალბატონი, რომელიც 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენას. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული და გამორჩეულად ლამაზ ფშაურ ნიმუშებს ქმნის. ამასთან, საკუთარ გამოცდილებას უშურველად სხვებსაც უზიარებს.

"ფშავში დავიბადე და გავიზარდე. ბებიები ხელსაქმის ოსტატები იყვნენ. დედამ - ქეთევან ჭამაურმა მაღაროსკარის სკოლაში ხელსაქმის პირველი სახელოსნო დააარსა. მეც ამ საქმიანობით ბავშვობიდან დავინტერესდი, შემდგომში კი რეწვისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ მასალების მოძიება დავიწყე, ყველა უხუცესი მოვინახულე და რაც ახსოვდათ, ჩავწერე. თავიანთი ცოდნა-გამოცდილება გამიზიარეს ხელსაქმის გამორჩეულმა ოსტატებმა... ინფორმაციის შეგროვებისას განსაკუთრებული წვლილი მამაჩემს, მიხეილ ნაყეურს მიუძღვის. მასთან ერთად ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად, თითქმის დავიწყებული რეცეპტები ხელახლა შეიქმნა,“ - ამბობს ქალბატონი თინა, რომელმაც ამ ყველაფერს წიგნიც კი მიუძღვნა ""ცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში“.

  • თინა ნაყეურის თქმით, ტრადიციული რეწვის შესახებ საქართველოში ხელმისაწვდომია საინტერესო სამეცნიერო ლიტერატურა (ივანე ჯავახიშვილი, სერგი მაკალათია, ნანული აზიკური და სხვ.), მაგრამ მათ ნამუშევრებში ფშაური ხელსაქმის შესახებ სამწუხაროდ მწირია ინფორმაცია. ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი მოძიებული მასალები მოეწესრიგებინა, დაეხარისხებინა და საზოგადოებისთვის გაეცნო. საღებავისა და შესაღები მასალების დოზებს კი დაინტერესებულ ადამიანებს წლების მანძილზე საკუთარი ექსპერიმენტებიდან და პრაქტიკიდან სთავაზობს.

"ფერების მიღება სუბიექტურ და ობიექტური ფაქტორების ერთობლიობაზეა დამოკიდებული.

ამინდი, მცენარის მოკრეფის დრო, ფერმჭერის ხარისხი, ღებვის რეჟიმი - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ასევე გამოცდილება და გემოვნებაა განმსაზღვრელი. ამიტომ ყოველთვის ერთნაირი შედეგი ვერ გვექნება, მაგრამ შემოქმედების მთელი ხიბლიც ესაა...

მცენარეული საღებავების შეგროვებისა და ღებვის ტრადიციას, მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ საქართველოს ყველა კუთხეში მისდევენ... ბუნებრივი საღებავების წარმოება საქართველოს ცალკეული კუთხეების კულტურისა და ავთენტურობის ნაწილია. მთაში დღემდე შემორჩენილ ტრადიციულ მეურნეობაში ქსოვილი არა მხოლოდ იღებება, არამედ ადგილზევე იქმნება...

კაკლის, თრიმლის, ენდროს, თავშავას, კრაზანას და ბევრი სხვა მცენარის ფოთლებით ყვავილებით, მერქნით, თუ ფესვებით მიღებული ბუნებრივი ფერებიდან გამოყოფდნენ წითელს, შავს, მწვანეს, ყავისფერს, ლურჯს, ყვითელს. ცალკე გამოიყოფა გარდამავალი ფერები - ალისფერი, რუხი (ნაცრისფერი), წყლისფერი, მტრედისფერი, ნავთისფერი, ლილისფერი და შინდისფერი,“ - განმარტავს თინა ნაყეური. ხოლო თუ რაზეა დამოკიდებული ღებვის ხარისხი, ამაზე მისი მოსაზრება ასეთია:

  • "ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რით იღებება, არამედ იმაზეც, თუ რა იღებება. ამ შემთხვევაში მატყლის სამ სახეობას განასხვავებენ - გაზაფხულის (რისვი), შემოდგომისა და ბატკნის მატყლს (კრაველი). რისვი და კრაველი ღებვას კარგად ემორჩილება. კრაველი ყველაზე უკეთ იღებება და ხარისხიანი ძაფი მიიღება.

საღებავი და მცენარეები ივლისიდან ყინვების დაწყებამდე გროვდება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნედლეულის შეგროვების, შრობისა და შენახვის ტექნოლოგიას. აუცილებელია, ნედლეული გაშრეს ჩრდილში და ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება, მაგალითად, სხვენში, ან ფარდულში. საღებავად გამოსაყენებელი მცენარე ინახება 1-2 წელი, რის მერეც ფერის ინტენსივობა იკლებს. საუკეთესო შედეგი მიიღება ახლად მოკრეფილ ნედლეულში შეღებვით. სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული ფერმჭერი და დოზირება სჭირდება.

ფერმჭერებია: ნაცართვალა (მზადდება ნებისმიერი ხის ნაცრისგან. საუკეთესოა არყის ხის ნაცარი), თეთრი შაბი, შაბიამანი, ძროხის შარდი, ძაღა (რკინის შაბიამანი), ტუტა (მზადდება ნაცრით, არყის ხის ნაცარი საუკეთესოა).

ფერმჭერის დახმარებით შეღებილი მასალა, აღარ ხუნდება. ღია ფერის მისაღებად თეთრი შაბი გამოიყენება. მუქი ფერებისთვის - ნაცართვალი ამ ძაღა“ - დასძენს ოსტატი.

  • მისსავე წიგნში ვკითხულობთ, რომ "ნაცართვალი შემდეგნაირად მზადდება: წყალში ყრიან ნაცარს და მიჰყავთ ადუღებამდე. კარგად მოურევენ და გააჩერებენ, მანამ, სანამ ნაცარი არ დაილექება, ზემოდან კი სუფთა წყალი არ დარჩება. სწორედ ეს სუფთა წყალია ნაცართვალი. იმისთვის, რომ ზედმეტად ინტენსიურმა (ცხარე) ნაცართვალმა ძაფი არ დაწვას, შემოწმება და სუფთა წყლის დამატებაა საჭირო. გასათვალისწინებელია, რომ ფერმჭერი ყველა მცენარეს არ სჭირდება, მაგალითად, კაკლის წენგოსა და ვაშლის ქერქში ღებვას და სხვა. შავი ფერი ყოველთვის ორჯერ ღებვით მიიღება, მაგალითად, თავშავასა და ღაძაში“.

თავშავაში შეღებვას "დედება“ ჰქვია. პირველ ეტაპზე ქსოვილს "ადედებენ“ და შემდეგ ძაღას დამატებით, უკვე შავად ღებავენ. შესაღები ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს მომინანქრებული, ან თუჯის. შავად ან ყავისფრად შეღებვის დროს, ასევე გამოდგება სპილენძის ქვაბი, სხვა ფერის მისაღებად კი - მოკალული ქვაბი. ღებვის წინ ძაფს ხიფებად (შულოებად) ახვევენ, შემდეგ კი ნაცვართვალში ან თეთრ შაბიან წყალში წამოადუღებენ ამ ადუღებამდე მიჰყავთ.

თინა ნაყეური გთავაზობს მცენარეების არასრულ სიას, რომელიც გამოიყენება შალის, აბრეშუმისა და მატყლის ბუნებრივი საღებავებით ღებვისას:

ანწლი, ბროწეული, გვირილა, დეკა, ენდრო, ვირისტერფა, თავშავა, თუთა, თრიმლი, კაკალი, ჩვეულებრივი კოწახური, კრაზანა, მოცვი, მურყანი, მუხა, სოსანი, ყაყაჩო, ცაცხვი, ჭინჭარი, ხახვის ფურცელი...

ანწილი

ანწლი (ღებავს ლურჯად და რუხად), ის შემოდის სექტემბერ-ოქტომბერში. შესაღებად გამოიყენება მწიფე ნაყოფი.

შეღებვის წესი: მოკრეფილ ნაყოფს ჭყლეტენ, ასხამენ წყალს, აღუღებენ, შემდეგ დოლბანდის პარკში იმდენს წურავებ, რამდენიც ძაფს ეყოფა. ჩაყრიან ძაღას და შეღებავენ. სასურველი ფერის მიღების შემდეგ აგდებენ გამდინარე ცივ წყალში და აშრობენ ჩრდილში.

ბროწეული

ის ზაფხულში ყვავის და აქვს ალისფერი ყვავილები. ნაყოფს გვიან შემოდგომით იძლევა. საღებავად გამოიყენება როგორც მცენარის ქერქი, ასევე ნაყოფი. ნაყოფისა და ღერო ტოტების ნახარში გამოიყენება შალის ნაწარმის შავად შესაღებად.

შეღებვის წესი:

ბროწეულის ქერქს მოხარშავენ, მდუღარეში ჩადებენ შაბში წინასწარ გამოყვანილ შესახებ მასალას (ძაფი, მატყლი), დატოვებენ ერთი დღე ღამის განმავლობაში და კიდევ მოადუღებენ, მიიღება ყავისფერი, თუ შაბის ნაცვლად დავუმატებთ ძაღას, მივიღებთ შავს.

გვირილა

გვირილა რამდენიმეა - სამედიცინო, დეკორატიული, ვარდისფერი და სხვა. ღებვაში გამოიყენება სამედიცინო გვირილა - მრავლად დატოტვილი, უხვყვავილიანი, ღებავს ღია ყვითლად, ან კანისფრად თეთრ შაბთან ერთად.

შეღებვის წესი:

მომინანქრებულ ჭურჭელში ფენა-ფენა ალაგებენ გვირილას და შესაღებ მასალას. ძაფი ან მატყლი უნდა იყოს დადედვილი (გამოხარშული), შაბ-წყალში. დგამენ ცეცხლზე და აღუღებენ სასურველი ფერის მიღებამდე. შემდეგ ავლებენ გამდინარე წყალში და ჩრდილში აშრობენ.

თუთა

გამოიყენება თუთის ახალმოკრეფილი ფოთოლი. შეღებვის წესი: დაახლოებით 2 კილოგრამ თუთის ფოთოლს ასხამენ 7-8 ლიტრ წყალს და ხარშავენ. ფოთლის ამოღების შემდეგ იმავე ნახარშში ყრიან იმავე რაოდენობის ფოთოლს, ასევე იქცევიან მესამედაც. ბოლოს ნახარშში ყრიან ტუტაში (ნაცართვალში გახსნილი საპონი) ან თეთრ შაბწყალში გამოხარშულ ძაფს, ან მატყლს და სასურველი ფერის მიღებამდე ადუღებენ. ყვითლის სხვადასხვა ტონის მისაღებად, შესახებ მასალას, სხვადასხვა დროს იღებენ საღებავიდან. წურავენ, რეცხავენ და ჩრდილში აშრობენ.

ყაყაჩო

ყაყაჩო ყვავის მაისსა და ივნისში საღებავად გამოიყენება მხოლოდ ყვავილის ფურცლები. მიიღება რუხი და მისი ტონები, განსაკუთრებით მოლურჯო რუხი. ფერმჭერად გამოიყენება თეთრი შაბი.

შეღებვის წესი:

ყაყაჩოს ყვავილს ფენა-ფენა ალაგებენ მომინანქრებულ ჭურჭელში. ასხამენ იმდენ წყალს, რომ კარგად დაფაროს მთელი ეს ნარევი და ადუღებენ 30 წუთს. შემდეგ იღებენ, აწყობენ ქვაბზე დადებულ ლახტზე (წნელის წნულზე) და თბილად ფუთავენ. ბოლოს რეცხავენ და ჩრდილში აშრობენ.