ავტორი:

“უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“ - ალექსანდრ სირსკი

“უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“ - ალექსანდრ სირსკი

“კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უახლეს მოხსენებაში განაცხადა.

“დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა იყო.

“ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა გადაყვანილი და ეს მაჩვენებელი იზრდება“, - აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.

მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრიც ავრცელებს.

დენის შმიგალის თქმით, რუსეთის ფედერაციამ 26 სექტემბერს უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით შეუტია, მაგრამ თავდაცვის წყალობით, დანაკარგი ძალიან მცირე იყო. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციამ, სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინის ქვესადგურების წინააღმდეგ კასეტური რაკეტები გამოიყენა.

“გუშინ, ათობით დარტყმიდან, ჩვენ დავკარგეთ ძალიან მცირე რაოდენობით აღჭურვილობა დაცვის პირველი და მეორე დონის წყალობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევის ჰიდროელექტროსადგური იყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს შეიჭრნენ. მას შემდეგ, გარკვეული მიმართულებით წინსვლა აქვთ. თუმცა, ბოლო ორი დღე კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქებისთვის მძიმეა.

რუსეთმა მათ ზებგერითი, ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ასევე: