კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ ბეტონის თავშესაფრების განთავსება დაიწყო. ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
“ჩემი დავალებით, ქალაქ კურსკის ადმინისტრაციამ ხალხმრავალ ადგილებში ბეტონის თავშესაფრების განთავსებისთვის ძირითადი პუნქტები გამოყო. თავშესაფრები 60-მდე ავტობუსის გაჩერებასთან განთავსდება“, - განაცხადა ალექსეი სმირნოვმა.
სმირნოვმა აღნიშნა, რომ თავშესაფრები ჟელეზნოგორსკსა და კურჩატოვშიც მოეწყობა.
რკინაბეტონის თავშესაფრები კურსკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე დამონტაჟდება. ბეტონის მოდულების განთავსება დაგეგმილია 60 მთავარ გაჩერებაზე.
ასევე დაგეგმილია თავშესაფრების განთავსება რეგიონის ორ სხვა ქალაქში: ჟელეზნოგორსკში (მოსახლეობა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი) და კურჩატოვში (მოსახლეობა დაახლოებით 40 ათასი ადამიანი).