ავტორი:

"საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ" - რა თქვა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე?

"საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ" - რა თქვა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე?

ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც "ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

  • მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ გაასამართლოს “ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ივანიშვილის თქმით, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს დღესაც ომისა და არეულობისკენ ექაჩება.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება, "ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი".

მისი განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, საჭირო გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თუმცა, ასეთ დროსაც კი, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დაბრკოლება არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას.

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს.

როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, "რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება, მანამდე კი, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ უნდა დავუშვათ".

  • ივანიშვილის განცხადებითვე, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს მმართველი პარტია 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა და ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

"საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.