ავტორი:

"მიყვარხარ ჯო" - კამალა ჰარისის დაუგეგმავი გამოსვლა ბაიდენის მიმართვის შემდეგ: რა ხდებოდა პარტიის ეროვნულ ყრილობაზე?

"მიყვარხარ ჯო" - კამალა ჰარისის დაუგეგმავი გამოსვლა ბაიდენის მიმართვის შემდეგ: რა ხდებოდა  პარტიის ეროვნულ ყრილობაზე?

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის კამპანიისთვის საუკეთესო მოხალისე იქნება.

  • "გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

"მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზეც ისაუბრა, როდესაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განხორციელდა.

"ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თქვათ, რომ გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც იმარჯვებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერი გასცა მისთვის, რაც შეეძლო.

"ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს სცენაზე კამალა ჰარისი შეუერთდა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

"მიყვარხარ" - მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენს. კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, პარტიის ეროვნულ ყრილობას დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

"ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი", - განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ერთად იბრძოლონ იმ იდეალებისთვის, რომლებიც მათთვის ძვირფასია.

"მოდით, ვიბრძოლოთ იმ იდეალებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, - აღნიშნა ჰარისმა.

ცნობისთვის, ჰარისი კანდიდატურის ოფიციალურად მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.