ჩინეთისა და ფილიპინების გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადავო წყლებთან ახლოს კონფრონტაციის დროს, ერთმანეთს შეეჯახნენ. ამის შესახებ ორივე ქვეყანამ განაცხადა - ჩინეთმა და ფილიპინებმა ინციდენტი ერთმანეთს დააბრალეს.
ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის წყალსატევში ჩინეთსა და ფილიპინებს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი კონფრონტაცია ჰქონდათ. პეკინი განაგრძობს თავისი პრეტენზიების დაფიქსირებას სამხრეთ ჩინეთის ზღვის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებისა, რომ მის მტკიცებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ჩინეთის სანაპირო დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა გენგ იუმ განაცხადა, რომ ორშაბათს დილით ფილიპინების გემი ჩინურ გემს "განზრახ შეეჯახა".
"ფილიპინების სანაპირო დაცვის გემებმა, ჩინეთის მთავრობის ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეაღწიეს ნანშას კუნძულებზე, სიანბინის რიფთან ახლოს მდებარე წყლებში... ჩინეთის სანაპირო დაცვამ ფილიპინების გემების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად საკონტროლო ზომები გაატარა", - განაცხადა გენგმა.
ჩინეთის სანაპირო დაცვის პრესსპიკერმა ბრალი დასდო ფილიპინების გემებს "არაპროფესიონალურ და საშიშ მოქმედებაში, რამაც შეტაკება გამოიწვია".
"ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ფილიპინების მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დარღვევები და პროვოკაციები", - განაცხადა გენგმა.
მანილას დასავლეთ ფილიპინების ზღვის ეროვნულმა სამუშაო ჯგუფმა კი განაცხადა, რომ მისი სანაპირო დაცვის ორი გემი ჩინურ გემებთან შეჯახებისას დაზიანდა, რომლებიც საბინას მეჩეჩთან ახლოს "უკანონო და აგრესიულ მანევრებს" ახორციელებდნენ.
კონფრონტაციამ "გამოიწვია შეჯახებები, რამაც სტრუქტურული ზიანი მიაყენა ფილიპინების სანაპირო დაცვის ორივე გემს", - განაცხადა ოფიციალურმა მანილამ.
მანილამ ბრალი პეკინს დასდო. ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, ჯონათან მალაიამ განაცხადა, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვის გემის "აგრესიული მანევრების" შედეგად გამოწვეული შეჯახების შემდეგ ფილიპინების BRP Cape Engano-ს მარჯვენა ძელზე 13 სმ-იანი ხვრელი გაუჩნდა.
მალაიას თქმით, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ჩინეთის სანაპირო დაცვის გემი "ორჯერ დაეჯახა" ფილიპინების სანაპირო დაცვის მეორე გემს, BRP Bagacay-ს და მან "მცირე სტრუქტურული დაზიანება" მიიღო.
როგორც მან დასძინა, ფილიპინელი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და სპრატლის ჯგუფის კუნძულებზე ფილიპინების გარნიზონების მომარაგებისთვის თავიანთი მისია განაგრძეს.