"ტაო-კლარჯეთის შავშეთის "თიხის პირამიდები“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტოები ბურსაში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა - ეუპ უზუნმა (გრძელიძე), რასაც ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა... თუ რა არის ცნობილი ტაო-კლარჯეთის, შავშეთის თიხის პირამიდების შესახებ და სად არის საქართველოში მსგავსი ფორმები, გვესაუბრება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი...
- როგორიც არის ტაო-კლარჯეთის შავშეთის ე.წ. თიხის პირამიდები, ასეთი ფორმები საქართველოშიც გვაქვს. მაგალითად, მსგავსი ფორმა არის ხევსურეთში, შატილთან ახლოს, დავით-გარეჯის ზონაშიც, მრავალწყაროს ფერადი გორები... "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე...რაც შეეხება თიხის პირამიდებს, ეს არის - ტბიური ნალექები. ანუ სხვადასხვა პერიოდში ტბაში, ტბის ფსკერზე დალექვის შედეგად ასეთი ფენები წარმოიქმნა.
- რატომ უწოდებენ "თიხის პირამიდებს"?
- ხალხისგან შერქმეული სახელია, თორემ პირამიდა ნამდვილად არ არის. ეს არის გარეცხვის შედეგად წარმოშობილი ბუნებრივი რელიეფის ფორმა, წყალმა ჩარეცხა, ასეთი ფორმის წარმოიქმნა და ფორმა პირამიდას მიამსგავსეს. ეს ყველაფერი ბუნებრივადაა, ხელოვნური არაფერია, წყლის მოქმედების შედეგად ქმნიდა ბუნება და საბოლოო ჯამში ასეთი იქნა მიღებული...აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ის ეფექტი, რაც ასეთ ფორმებს ფოტოზე, ვიდეოზე აქვს, ადგილზე ზოგჯერ განსხვავებულია. ჩვენ თვითონაც გვქონია შემთხვევა, როცა მივსულვართ, ბუნებრივი განათება არ ყოფილა და სხვა კადრი დაგვხვედრია. შესაბამისად, ბევრი ფაქტორი უნდა იყოს ერთად თანხვედრაში, ადგილზე მონახულების დროს, იგივე ეფექტი ჰქონდეს და ემოცია გამოიწვიოს, რაც ფოტოზეა...რაც შეეხება შავშეთის "თიხის პირამიდებს", იქვე არის ძალიან ლამაზი ტბა ყარაგიოლი... ორიენტირებისთვის კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ეს "თიხის პირამიდები" კურორტ ბეშუმიდან დაახლოებით 15-20 კილომეტრშია... ფაქტობრივად, მდინარე ტბეთის წყლის აუზთან... ტაო-კლარჯეთის ამ კონკრეტული ადგილის გარდა, მსგავის ფორმები ფოცხოვშიც არის, სადაც მისადგომად რთული გზაა.
როდესაც შავშეთის შესახებ არსებულ მასალებს ვეცნობით, ეს "თიხის პირამიდები" ბევრგან ფიგურირებს... ბუნების ასეთი ფორმირების შემთხვევაში, ყველანაირი რჯულის ადამიანის ინტერესია. ვთქვათ, ტბეთის მონასტერს და ხანძთას ის ნახავს, ვინც ამ რელიგიასთან კავშირშია, მაგრამ როდესაც ბუნების ასეთი საოცრებაა, მისასვლელადაც ვიზიტორი ადვილად მივა, ამიტომაც ერთ-ერთ გამორჩეულ მოსანახულებელ ობიექტად მიიჩნევა... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეფუთავენ. მაგალითად, საქართველოში 2018-2020 წლებში ბევრად უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავდა პრომეთეს და მარტვილის კანიონს, ვიდრე ვთქვათ ვარძიას, უფლისციხეს, სხვა ობიექტებს... სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორებზეა გათვლილი.
რეკლამა შეიძლება ორივეს ერთნაირი დოზით ჰქონდეს, მაგრამ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძლება გარკვეულ ობიექტზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიოს ვიზიტი, ვიდრე სხვაგან. ფასიც კი ერთი ჰქონდა ერთ დროს ამ ობიექტებს და ვიზიტორებს შორის ამხელა განსხვავება იყო...
- ისევ "თიხის პირამიდებს" რომ დავუბრუნდეთ, სხვადასხვა ადგილებზე განსხვავებულია?
- ერთნაირები არ არის, მაგრამ წარმოშობის გეოლოგიურ ისტორიას თუ ერთმანეთს დავუკავშირებთ, სხვადასხვა ადგილებში მსგავსი ფორმებია... შავშეთის "თიხის პირამიდები" ბევრად უფრო სხვა პირობებშია, უფრო ვულკანია მოქმედებაში, ეს ყველაფერი, გეოლოგიურ წრასულში ვულკანმა შეცვალა. ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე დავით-გარეჯის. ერთ შემთხვევაში ვულკანმა წარმოქმნა, მეორე - ზღვაშია წარმოქმნილი...
შავშეთის "თიხის პირამიდები" იმ მხარეში გამორჩეული ფენომენია, დავით- გარეჯში ძალიან ბევრი ასეთი ბუნებრივი ფორმებია, ზოგი ფერადი, ჭრელი და ძალიან საინტერესო სანახავი... ბოლო ათი წელია დავით-გარეჯის ფერად უდაბნოებს უამრავი ვიზიტორი ჰყავს. ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია.
- დავით-გარეჯის ფერად უდაბნოებზე პირამიდებს არ ახსენებენ...
- ვიმეორებ, რომ ეს პირამიდა არ არის, თუ რაღაც ფორმით დააკავშირებ გარეცხილ ჩარეცხილ, ეროზირებულ ფორმას, ფორმით შეიძლება წააგავდეს.
შავშეთის შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არ იყოს ყარაგიოლის ტბა, იქვე საკურორტო, დაცული ტერიტორიები, ეს ქვის პირამიდებიც ცნობილი არ იქნებოდა... მწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს ტბასთან, ეროვნულ პარკთან, სასტუმროებთან, ლამაზ ტყესთან, ბუნებასთან უნდა გაიარო, კომპლექსში ყველაფერი ერთადაა... მარტო ეს პირამიდები რომ იყოს, ამხელა ინტერესი არ იქნებოდა. ამაზე ბევრად ლამაზებია ცოტა მოშორებით, სხვა ხეობებში, მაგრამ იქ რთული გზაა და ვინმე თუ გაივლის და ნახავს, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვიზიტები.
რაც შეეხება, სახელს - "თიხის პირამიდები", შემადგენლობაში მხოლოდ თიხა არ არის. სხვა ქანებიც არის...