სიახლე არ არის, რომ თამბაქო დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. კონკრეტულად რა დაავადებებს იწვევს მწეველის ორგანიზმში თამბაქოს აქტიური მოხმარება, რამდენი ადამიანი იღუპება სასუნთქი სისტემის დაავადებებით მსოფლიოში, რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ე.წ. აიქოსი და არის თუ არა ის ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლების ალტერნატივა?
რაშია ზოგადად ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ამ თემაზე გვესაუბრება ფთიზიატრი, პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე.
- სასუნთქი სისტემის დაავადებები მსოფლიოში ლიდერ პოზიციას იკავებს. სიკვდილიანობის კუთხით პირველ ათეულშია ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ფილტვის კიბო, ტუბერკულოზი, პნევმონია, ბრონქო ექტაზიური დაავადება, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი, ფქოდი (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ხოლო ამ ჩამონათვალში მესამე ადგილზეა ფქოდი და სტატისტიკურად 3-დან 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა და მუდმივად მზარდი. ამას თუ დავუმატებთ ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობას, მილიონ ნახევრიდან 2 მილიონ-ნახევრამდე პნევმონიას, ფილტვის კიბოს და ფილტვების იდეოპათიურ ფიბროზს, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც ფილტვის კიბოს დროს, 1-დან 5 წელს არ აღემატება, საკმაოდ მძიმე სურათი იქმნება. კონკრეტულად ტუბერკულოზით სიკვდილიანობა, ინფექციურ დაავადებებს შორის, პირველ ადგილზეა, ხოლო არაინფექციურ და ინფექციურ დაავადებებს შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მე-6-მე-7 ადგილი უკავია. ჯამში კი მსოფლიო მოსახლეობას ეს დაავადებები დღეს მძიმე ტვირთად აწევს.
- ამ ყველაფერს არაერთი მიზეზი აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ მათი მაპროვოცირებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - თამბაქოს მოხმარებაა...
- დიახ. მსოფლიოში ყოველი მერვე-მეათე მოქალაქე მწეველია. სამწუხაროდ ამ კუთხით საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. სასუნთქი სისტემის დაავადებების სიკვდილიანობა მსოფლიოში ტოტალურად 6-დან 8%-მდეა. მერე მნიშვნელოვანია, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში უზარმაზარი ფინანსები იხარჯება - აშშ-სა და ევროპაში დაახლოებით 30-32 მილიარდ დოლარამდე. თუმცა შედეგი ნაკლებ კეთილსაიმედოა. გაწეული თანხების დაახლოებით 50-56% ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზეა. პაციენტები ძალიან მძიმე მიმდინარეობით - სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით იღუპებიან. დაავადების ერთ-ერთი მიზეზი მწეველებში ფილტვების ობსტრუქციული დაავადებაა. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების 80% მწეველია. თამბაქო უშუალოდ სასუნთქ გზებში ხვდება და აანაგურებს მთელ სისტემას.
- თამბაქოს მწეველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ზიანს აყენებენ თავის ორგანიზმს და არა სხვებს...
- რეალურად კი ასეა - მოწეული თამბაქოს მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებები 25% ქრება, 25% ორგანიზმში რჩება და 50% გარეთ გამოიყოფა. მწველი ზიანს აყენებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებს. ესენი არიან ოჯახის წევრები, თანამშრომლები, რომლებიც პასიური მწველები ხდებიან. პასიურ მწეველად ის პიროვნება ითვლება, რომელიც არ ეწევა, მაგრამ მეორადი ბოლით ზიანდება.
- მოწევას ადამიანი ძირითადად თინეიჯერობის ასაკში იწყებენ. რა ხდება იმ დროს 12-13 წლის ახალგაზრდის ორგანიზმში?
- ფილტვების განვითარება და ფუნქციონალური ჩამოყალიბება 30 წლის ასაკში სრულდება. ამ დროს მწეველობა მართლაც 12-13 წლის ასაკში იწყება. ეს კატასტროფაა, რადგან ფილტვებს გაძლიერებისა და ფუნქციონალური ჩამოყალიბების პერიოდში ფესვებს ვუჭრით. თამბაქოს მოხმარებით ადამიანი ფაქტობრივად მზადდება მძიმე და ხანგრძლივი მკურნალობისთვის, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ამასთან ინვალიდდებიან კიდეც. არსებობს კვლევა, რომელიც რამდენიმე ასეულ პაციენტზე ჩაატარეს, რომლებიც ფქოდითა და ფილტვის კიბოთი იყვნენ დაავადებული. აღმოჩნდა, რომ ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტები სოციუმში უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ფქოდით დაავადებულები. ვინაიდან ფქოდის შემთხვევებში პაციენტები ვერც მოძრაობენ, ისინი მიჯაჭვულები არიან სტატიკურ მდგომარეობას, ვინაიდან ეწყებათ მძიმე ქოშინი, ხოლო მათი შემდგომი ეტაპი ჟანგბად დამოკიდებულებაა. შემდეგ არის უკვე ინტენსიური თერაპიის პალატა, რეანიმაცია, მართვითი სუნთქვა და შემდეგი გამოსავალი კი უკვე გარდაცვალება.
- მწეველების რიცხვი განვითარებად ქვეყნებში სხვაა და განვითარებულში - სხვა?
- განვითარებად ქვეყნებში მწეველების რიცხვი 80%-ია, განვითარებულში - 20%. აქედან გამომდინარე - სად ჯობია ყოფნა?! როდესაც გეზი ევროპისკენ გვაქვს აღებული, ცხადია, წარმატებული ქვეყნების მაგალითის გაზიარებაა მნიშვნელოვანი. ამასთან, წამყვან ქვეყნებში მწეველების რაოდენობა მცირდება. ყველა წარმატებული ქვეყნის კურორტი, მაშინაა მიმზიდველი, სადაც მოსახლეობა არამწეველია და ელექტრომობილებია გამოყენებული... ჩვენთან სასუნთქი გზების დაავადებების გავრცელებაში დიდი როლი გამონაბოლქვმაც ითამაშა. უხარისხო საწვავის შედეგად გამოიყოფა მძიმე მეტალები, კანცეროგენები, სხვადასხვა მინარევები და ადამიანის ორგანიზმში სწორედ ის ილექება. სასუნთქი სისტემა კი საკმაოდ ფაფუკია...ჩვენი სასუნთქ სისტემას, კვებისა და სასმელის გარეშე შეუძლია რამდენიმე კვირა გაძლოს, სოლო სუნთქვის გარეშე 5 წუთზე მეტს ვერ გაძლებს.
- მწეველები ბოლო დროს თამბაოს ე.წ. აიქოსს ანაცვლებენ. რა რისკებს შეიცავს ის?
- მწეველობის დროს ორგანიზმში შედის 8000-მდე უცხო ნივთიერება. აქედან 800 კანცეროგენია, სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებები. ამიტომ, თამბაქოს მწარმოებლებმა იგრძნეს საფრთხე და გადაწყვიტეს ტაქტიკა შეეცვალათ, შეინიღბნენ როგორც თამბაქოს ჩამნაცვლებელი საშუალებების შემქმნელები. დაიწყეს ახალი ორიგინალური მოწყობილობების გამოშვება, რომელმაც ახალგაზრდებში მყისიერი გამოხმაურება ნახა. თან გაკეთდა ცრუ რეკლამა, რომ ეს საშუალებები უსაფრთხოა. საბოლოოდ მათი მავნებლობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ამ მოწყობილობების გამოყენება ტრენდული გახდა. მინდა, ხაზი გავუსვა ამ მავნე ჩვევას განსაკუთრებით ქალბატონებშიც. ქალის სასუნთქი სისტემა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მამაკაცის. ამიტომაც უფრო იოლად ზიანდება. ფქოდის დაავადებებმა მოიმატა წამყვან ევროპულ ქვეყნებში, ქალებში, განვითარებად ქვეყნებზე აღარ არის ლაპარაკი. ამდენად, ქალების მწეველეობა გაუთანასწორდა მამაკაცების დონეს.
- ფილტვის მდგომარეობის შესახებ რა კვლევა გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას?
- თუ მწეველები ჩაიტარებენ ისეთ კვლევას, როგორიცაა სპირომეტრია, დავადგენთ, რომ ფილტვის ასაკი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ადამიანის ბიოლოგიური ასაკი. თუ მწეველი 50 წლისაა, სპირომეტრიის კვლევით მისი მაჩვენებელი 70 წლის იქნება.
- ეს კვლევა რამდენად ხელმისაწვდომია?
- ფასიდან გამომდინარე ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან, ის რუტინული კვლევა უნდა იყოს, როგორიც სისხლის საერთო ანალიზია. მწეველ ასეთ ადამიანებში ორი ფაქტორი თამაშობს დიდ როლს. ერთი - რადიოლოგიური, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დიაგნოსტიკაში გადამწვეტი როლი მაინც სპირომეტრიულ კვლევას ენიჭება. ფქოდი და ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი - ეს უმძიმესი რამაა.
- მოსახლეობამ "კოვიდ 19"-თან ურთიერთობისას კარგად გაიგო სასუნთქი დაავადებების სირთულეების შესახებ...
- კი. საქართველოში 17.000 მოქალაქე კოვიდით დაიღუპა, ხოლო მსოფლიოში - 7 მილიონი ადამიანი. ის ფაქტი, რომ მწველებს კოვიდი არ ემართებათ, მითი იყო. მით უმეტეს, რომ ყველა ორგანო, რომელიც ჩვენს ორგანიზმშია, ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის სამიზნე გახლავთ. ხშირად ისმის ჩვენი ჯიუტი და ურწმუნო პაციენტებისგან, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან, მაგრამ მაინც აქვთ ეს დაავადებები. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მაგალითად, შეფმზარეულების პროფესიული დაავადებაა. ამ დროს ხდება ტრაექო ბრონქიალური გზით ამა თუ იმ დაავადების გავრცელება. სხვადასხვა უჯრედი გამოყოფს ლორწოს...მოკლედ, მაინც მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ თამბაქოზე და მის შემცვლელებზე.
ეს ახალგაზრდებსაც უნდა შევაგნებინოთ და ისიც ავუხნათ, რომ თამბაქოს შემცვლელებს არანაკლები ზიანი მოაქვთ. ვისაც ჰგონია, რომ ეს გარდამავალი ეტაპი იქნება და მოგვიანებით სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს, სცდება, რადგან ეს მითია... თამბაქო და მისი შემცვლელი ამასთან ძალიან დიდ წნეხად აწევს სახელმწიფოს და თითოეულ ოჯახს. საშუალოდ მწველი თვეში 300-დან 500 ლარამდე ხარჯავს, რაც ფინანსური თვალსაზრისით უმძიმესი მაჩვენებელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით თამბაქო მიჩნეულია ერთ-ერთ სასიკვდილო პროდუქტად, რომელსაც ადამიანები ნებაყოფლობით ყიდულობენ. ეს სამწუხარო რეალობაა.
- ფაქტია, რომ თამბაქო ცუდია, მისგან თავის დახსნა ურთულესი რამ... საპირისპიროდ რას ვუნაცვლებთ, რას ვთავაზობთ?
- თამბაქოს მომხმარებლები ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებად ითვლებიან. თამბაქოში და იმ ელექტრონულ მოსაწევ მოწყობილობებში ნარკოტიკი ოფიციალურად შედის. იმავე „აიქოსში“ თამბაქოს მცირე პროცენტია. საერთოდ კი ნიკოტინს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორისაა - კუპრი. 200-მდე, რომელიც კანცეროგენია და ეს მინარევები იწვევს სწორედ მიჩვევას. მოქმედება კი ისეთი აქვს, როგორც ნარკოტიკების მიღების დროს, ხოლო დანებების დროს ჩნდება ასპინეზის სინდრომი. ეს ზუსტად ისაა, რაც ნარკოტიკებისთვის თავის დანებების დროს ხდება. გამოსავალი რაშიაო, მკითხეთ.
მოგეხსენებათ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი პაციენტები გვყავს, მედიკოსები დიდ დროს ვუთმობთ მათთან ფსიქოლოგიურ საუბარს. განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმაში, რომ პაციენტმა თვითონ შეიგნოს ამ ყელაფრის მავნებლობის შესახებ. რაც შეეხება მითებს, რომ ფილტვის დაავადებები არამწეველსაც ემართებათ, კი ემართებათ, მაგრამ მათ შორის ძალიან დიდია პროცენტული შეფარდება. ერთ არამწეველზე ასეულობით და ათასეულობით მწეველი მოდის. სტატისტიკაში ასეა. ამიტომ გამოსავალი ჯანსაღი ცხოვრების წესია. პაციენტები, რომლებსაც ვაფრთხილებთ, არ მოწიონ, ხოლო შემდეგ უვითარდებათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი, ამ შემთხვევაში, თამბაქოს მოწევას მეორე დღესვე თავს ანებებენ.
გამოდის, შესაძლებელი ყოფილა, ხომ? წყვეტენ თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ უკვე დაგვიანებულია, მათ ორგანოები დაიზიანეს. ყველაზე მთავარია უპირველესად თამბაქოსთვის თავის დანებება, ექიმთან მუდმივი მონიტორინგი და ვიზიტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აქტიური ცხოვრების წესი, სუნთქვით ვარჯიშები და მაქსიმალურად აქტიურობა. ობსტრუქციულ დაავადებებში შედის ასთმაც, რისიც პაციენტებს ძალიან ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ის ყველაზე მძიმე დაავადებაა, მაგრამ ასე არ არის. ფქოდია შეუქცევადი, რომლის დროსაც ლეტალობა დაახლოებით 3-დან 5.000.000-მდე აღწევს. მაშინ როცა ასთმის დროს 500.000-დან 1 მილიონამდეა. ამ ყველაფრიდან მნიშვნელოვანი გამოსავალი მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესია!