საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის ბილეთები ერთ საათში გაიყიდა.
მატჩი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ("ლოკომოტივი") გაიმართება. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები დაახლოებით 25 000 მაყურებელზეა გათვლილი, რაც თბილისის "დინამოს" სტადიონის ნახევარია. ამან ფეხბურთის გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. უბილეთოდ დარჩენილი ფანები სოციალურ ქსელში საკუთარ აღშფოთებას ვერ მალავენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
- "ქვეყნის "პრემიერ-მინისტრმა" რომ დაუსაბუთებელი სისულელე თქვა ამის გამო ატარებთ თამაშს მესხზე? თან რა დროს ძლივს ხალხმა სტადიონზე სიარული რო დაიწყო?"
- "საინტერესოა ეროვნული სტადიონის დანიშნულება შეიცვალა?! რა მესხი, ხომ არ გაგიჟდით, ეს ხომ ქართველი გულშემატკივრის დაცინვაა!!!"
- "სადმე უბნის სტადიონზე ჩაეტარებინათ ბარემ, 55 ათასში არ ხვდებოდა ხალხს ბილეთი და 25 -ში როგორ?? გვაწამებენ რა..."
- "ამ თამაშის "დინამოზე" არ ჩატარების ინიციატორები ხართ მავნებლები, ისევე როგორც თავის დროზე მაკედონიასთან მაყურებლების არ დაშვების"
- "ვაჟაზე, მე-6 კვარტალში “მარაკანას” სტადიონი გვაქვს. შემდეგი თამაში აქ შეგიძლიათ ჩაატაროთ. ჩემს ბავშვობაში ერთი 5 000 კაცი კი ვეტეოდით. ზოგი კორპუსებიდან უყურებდა"
- "საქართველოში ალბათ მართლა ერთადერთია ფეხბურთი,რომელიც ერს გვაერთიანებს და ლაპარაკი, რომ "დინამოს" რესტავრაცია სჭირდება, ყველამ ვიცით რომ აბსურდია. არცერთი თეთრი არ ღირს იმად, რომ ამ ემოციის გამოხატვის საშუალებას სტადიონზე არ გვაძლევენ. უბრალოდ, სირცხვილია"
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ ორი კვირის წინ განაცხადა, - "დინამო არენა" ამორტიზებულიაო და ვაზიანში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. გულშემატკივარი მომხდარს სწორედ ამას უკავშირებს. მეტი განმარტება ამ თემზე არ გაკეთებულა.
წაიკითხეთ კობახიძის განცხადება