"გორბის” კვლევა ყველა კვლევებს შორის, ალბათ, ყველაზე არასერიოზულად გამოიყურება. კიდევ უფრო არასერიოზული, მგონი, NDI-ის სატელეფონო გამოკითხვები იყო ხოლმე,- ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, “გორბის” კვლევების შედეგები ნებისმიერ შედეგებს აცდენილია.
"გორბის” კვლევა ყველა კვლევებს შორის, ალბათ, ყველაზე არასერიოზულად გამოიყურება. კიდევ უფრო არასერიოზული, მგონი, NDI-ის სატელეფონო გამოკითხვები იყო ხოლმე. ეჭვი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ფულს ზოგავს ამ კვლევებზე და უბრალოდ, პრეზენტაციის დღეს, პირდაპირ რიცხვებს წერენ. სხვანაირად ვერ ახსნი, იმდენად აცდენილია ნებისმიერ შედეგებს, თუ გავითვალისწინებთ “გორბის” წინა კვლევებს. ხოლო, კონკრეტული პარტიების შედეგებს რაც ეხება, ვინაიდან არ მგონია, ეს კვლევა რომ მართლა იყო [ჩატარებული], არც შეიძლება რეალურად შეფასება. თუმცა უცნაურად გამოიყურება ის, რომ ყველაზე მზარდი რეიტინგი ჩვენ გვაქვს. 66%-ით გაგვეზარდა რეიტინგი და თუ ასე გავაგრძელებთ, ამ კვლევაშიც კი, 5%-ზე მეტი უნდა გვქონდეს”, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
გარდა ამ თემისა, რაქვიაშვილმა ისაუბრა, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ 2008 წლის ომის გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ გამაოგნებელია ის, რომ ამის გარდა მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ვერაფერი იპოვა.
"სრულად გამაოგნებელია, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მეტი ვერაფერი იპოვა წინასაარჩევნოდ და დაიწყო 16 წლის წინანდელ ისტორიაზე გამოძიების დაანონსება მით უმეტეს, საბაბით, რომ თურმე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ჯარი, ჩვენი საზოგადოება მტყუანია ამ სიტუაციაში და გასაგებია, რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუ რამე ამ ისტორიაში ღალატს ჰგავს, არის თვითონ ასეთი ფორმით ამ ისტორიის წამოწყება და გამოძიების დაანონსება. ცხადია, რომ როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებ, ამას შენი მტერი თავის ინტერესებში გამოიყენებს. ძლივს გადავხარშეთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, რომელიც რუსებმა არაერთხელ ახსენეს. როცა ახლა ეს მთავრობის მხრიდან კეთდება, ძალიან დამაზიანებელი იქნება. თუ ეს ისტორია გაგრძელდა, რთულად პროგნოზირებადია, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ საერთაშორისო ასპარეზზე”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%; კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 5.8%; კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - 5.5%; „საქართველოსთვის“ - 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%; „ევროპული საქართველო“ - 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%; სხვა - 4.2%.