ავტორი:

“უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის; კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია“ - უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

“უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის; კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია“ - უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

“უკრაინას კურსკის აღების არანაირი ზრახვა არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის თავდასხმებისგან დაცვას ვცდილობთ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.

ტიხის თქმით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შესვლის მიზანი არა უცხო ტერიტორიების დაკავება, არამედ უკრაინელების სიცოცხლის შენარჩუნება და საკუთარი ტერიტორიის რუსული თავდასხმებისგან დაცვაა“.

მან, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ქმედებები სრულიად ლეგიტიმურია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არ არღვევს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება რამე, რაც სხვას ეკუთვნის. უკრაინას კურსკის რეგიონის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა გვსურს”, - განაცხადა ტიხიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან რუსეთმა 2,000-ზე მეტი დარტყმა განახორციელა სწორედ კურსკის რეგიონიდან და სამიზნედ, როგორც წესი, უკრაინის სუმის რეგიონს იღებდა.

“ეს არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არტილერია, დრონები, 250 ფრთოსანი ბომბა, ასზე მეტი რაკეტა… სამწუხაროდ, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს ხელმისაწვდომი იარაღით ამ ტერორისგან თავის დასაცავად შორი მანძილის დარტყმებისთვის - ჯერ არ არის შესაბამისი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მოვითხოვთ. ასე რომ, არსებობს ამ სასაზღვრო ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საჭიროება, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინას ან თავშესაფარს აძლევენ უკრაინის წინააღმდეგ ტერორს.

გავაგრძელებთ ამის კეთებას როგორც საჭიროდ ჩავთვლით, რათა უზრუნველ იყოს უსაფრთხოება და უკრაინის დაცვა,” - განაცხადა ტიხიმ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა. საუბრის ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.

ამასთან, მისი თქმით, რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” - განაცხადა სირსკიმ.

იხილეთ ასევე: