"მას დიდი სანაცნობო ჰყავს და დასაქმების კუთხით პრობლემები შემექმნა" - გაუპატიურების მცდელობა და ბრალი ცნობილ პროდიუსერს : როგორ ცხოვრობს მარტა ბარამიძე სკანდალის შემდეგ?
მარტა ბარამიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მალე ცნობილი გახდა, რომ გოგონას, გამორჩეული გარეგნობით, რომელიც ადვილად იპყრობდა მაყურებლის ყურადღებას, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გადატანილი. მარტამ პირველად საჯაროდ ისაუბრა, რომ ნაშვილები იყო, აღმზრდელი მშობლები კი მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
მარტა აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა კაცზე, რომელმაც წლების წინ 16 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მაშინ მარტა გადარჩა, მაგრამ ვერ გადაურჩა გადატანილ სტრესს და დღემდე მკურნალობს. მოძალადის სახელი გადაცემაში ღიად დაასახელა, მეორე დღეს კი საჩივარი შეიტანა, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. რა ეტაპზეა პროცესი "მარტა ბარამიძე ბიკო ბირბიჩაძის წინააღმდეგ" და რატომ ცდილობდა, სავარაუდოდ, დამნაშავე ქვეყნის დატოვებას, ამ თემებზე ჩვენი რესპონდენტი ვრცლად საუბრობს:
- მარტა, 2023 წელს, ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრეთ ადამიანზე, რომელმაც თქვენი სახლში ჩაკეტვა და გაუპატიურება სცადა. მაშინ 16 წლის იყავით. როგორ განვითარდა მოვლენები აღიარების შემდეგ.
- გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს, პოლიციაში მივედი და ამ ადამიანის წინააღმდეგ საჩივარი დავწერე, სადაც დეტალურად მოვყევი მომხდარის შესახებ. ჩვენებაში ასევე დავასახელე მოწმეების ვინაობა, მოვიპოვე ამ ადამიანების კონტაქტები, რათა დაეკითხა ისინი. ჩემი ინფორმაციით, ყველა დაკითხულია და დაადასტურეს მომხდარი. მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ვისაუბრე, უამრავმა ადამიანმა გამომიცხადა მხარდაჭერა. ბიკო ბირბიჩაძე პრომოუტერი იყო და მსოფლიოს მასშტაბით დიჯეები ჩამოჰყავდა. ჩემი მონაყოლის შემდეგ, ყველა ფესტივალმა შეუჩერა ხელშეკრულება, არავინ აღარ გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. მას მხოლოდ ჩემი განცხადების საფუძველზე შეუჩერეს თანამშრომლობა. ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ მათაც გარკვეული ეჭვები ჰქონდათ ან შემჩნეული ჰყავდათ მსგავს ქმედებებში.
- აღიარების შემდეგ თავად ბიკო ბირბიჩაძე თუ გამოგეხმაურათ ან მისი წრიდან თუ ჰქონდა ვინმეს კომუნიკაციის მცდელობა?
- ბიკო არ დამკავშირებია, არც მისი ახლობლები. ერთადერთი, ვისაც ვესაუბრე და მხარდაჭერა გამომიცხადეს, დღეს უკვე მისი ყოფილი მეგობრები არიან. ბიკოსთან უკვე აღარ მეგობრობენ, რადგან შიდა მცირე გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს არაერთი გოგონა, რომლის მიმართაც ბიკომ იძალადა. ბიკო ტრიალებდა ისეთ წრეში, სადაც ე.წ. ბაბლია თავმოყრილი. მათგან ბევრმა თქვა, რომ შემჩნეული ჰყავდათ მსგავს ქცევებში და ყველა მზად არის მხარში დამიდგეს, სასამართლოშიც კი. მიგზავნიდნენ ასევე მიმოწერებს, სადაც გოგონები აღიარებდნენ, რომ ბიკოს მათთანაც ჰქონდათ მსგავსი რაღაცების მცდელობა. გამოდის, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. არავინ იყო მზად, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრათ და ეს ადამიანი შეეჩერებინათ. სამწუხაროდ, სანამ ჩვენ არ შეგვეხება ან ჩვენს ახლობელს, ადამიანებს არ სტკივათ სხვისი სატკივარი.
- ბიკო ბირბიჩაძე თუ დაიკითხა?
- დიახ, ყველაფერს უარყოფს. ასევე საზღვრის დატოვების მცდელობა ჰქონდა. პირველად, გადაცემის გასვლისა და ჩემს მიერ საჩივრის დაწერიდან მეორე დღეს. თუ ის უდანაშაულოა, რატომ ტოვებდა ქვეყანას. თავიდან არ უშვებდნენ, თუმცა მას ჰყავს სამთავრობო წრეებში ახლობლები და რამდენიმე მაღალჩინოსანმაც კი დარეკა, რომ საზღვარზე გაეშვათ. ახლა არ მაქვს ინფორმაცია სად არის, გამოძიება დააზუსტებს. ცოტა ხნის წინ საქმის პროკურორს შევხვდი. ახლა სხვა პიროვნებაა, წინა შეიცვალა და ძალიან დამაიმედებელი საუბარი გვქონდა. ველოდები რა შედეგი დადგება, ვნახოთ, იმედს არ ვკარგავ და ძალისხმევას არ დავიშურებ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან.
- ენდობით გამოძიებას?
- უიმედოდ არ ვარ, ამ შემთხვევაში სარჩელსაც აზრი არ ექნებოდა. მომხდარიდან დიდი დროა გასული, მაგრამ იმდენად მყარი ფაქტები მაქვს თავისი მოწმეებით, რომ იმედი მაქვს ჩემს მხარეს და სიმართლის მხარეს დადგება გამოძიება. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ შედეგი არ დადგება. ეს ადამიანი ასე მარტივად არ უნდა გადაადგილდებოდეს. ყველას ერთი ფსიქიკა არ აქვს და არავინ იცის, ვისთვის რა დროს ამოხეთქავს ეს და რა ფორმით. ამის გამო, მე დღესაც გავდივარ ფსიქოთერაპიას.
- როგორია ახლა თქვენი მენტალური მდგომარეობა?
- ახლაც გავდივარ ფსიქოთერაპიას. მთელი ცხოვრების განმავლობაში მამძიმებს მომხდარი, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად. მთავარია თუ დახმარება გჭირდება, ამაზე ხმამაღლა თქვა, არაფერი სათაკილო ამაში არ არის. მინდა მივმართო, ვისაც ამ ადამიანის მხრიდან მსგავსი რამ აქვს გადატანილი, ხმა ამოიღონ, აღიარონ, თუ საჯაროდ არა, პროკურატურას მაინც მიაწოდონ ინფორმაცია.
- მარტა, ფინანსურად როგორ უმკლავდებით მკურნალობის ხარჯებს, ფაქტობრივად, მარტო ხართ.
- ამის შესაძლებლობა არც მქონია, ძალიან დამეხმარა ერთ-ერთი ცენტრი და უსასყიდლოდ შემომთავაზა თერაპია. დღემდე იქ გავდივარ ფსიქორეაბილიტაციის პროცესს.
- დღეს როგორ ცხოვრობთ, სად მუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ შოუში მიიღეთ მონაწილეობა, სამსახური არ გაქვთ.
- გარდა იმისა, რომ ამ ადამიანმა მენტალური კუთხით შემიქმნა პრობლემები, არამედ კარიერის კუთხითაც. მას დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, რის გამოც, დასაქმების კუთხითაც შემექმნა პრობლემები. საქართველოში უმეტესად კაცები არიან ხელმძღვანელები და მეამბოხე და გამპროტესტებელი ადამიანები სამსახურში არ სჭირდებათ. რატომღაც ჰგონიათ, რომ პატარა გადაცდენაზეც მარტა იყვირებს. ხუმრობითაც უთქვამს, არა, შენთან ამას როგორ ვიზამ, სარჩელს გამიშანშალებო. მარტა ყოველთვის აპროტესტებდა უსამართლობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ჯერზე პოლიციაში გავრბოდი. საკუთარი პროექტის წერა დავიწყე ადამიანების ჯგუფთან ერთად და თუ ახლაც არაფერი გამომივა, ალბათ საზღვარგარეთ წავალ.
- მარტა, ამაზე საჯაროდ არაერთხელ გისაუბრიათ, რომ წლების წინ გიშვილეს. დღეს მშვილებელი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. რა ინფორმაცია გაქვთ ბიოლოგიურ მშობლებზე?
- მიცდია მათი მოძებნა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა. ახლახან ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს, დნმ-ის ტესტის გაკეთებას ვგეგმავ. აქამდე არქივებში ვეძებდი, მაგრამ ყველა საბუთი გამქრალია. შეუძლებელია ადამიანი არ ეძებდეს ბიოლოგიურ მშობლებს. ჩემი მიზანია, რომ ამ ადამიანებს ვაპატიო, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. თუ არ მეცოდინება სიმართლე, რა უნდა ვაპატიო. მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში ვცხოვრობ. ჩემი ინფორმაციით, მოყოლილიდან ვიცი, რომ ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად სლავი.
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან უამრავი ტრაგედია გაქვთ გადატანილი, მუდმივად კარგავდით ადამიანებს, გულს გტკენდნენ, მაინც გაწონასწორებულ ადამიანად დარჩით, მძიმე თემებზეც კი მშვიდად საუბრობთ.
- ბავშვობიდან მარტოობაშიც კი საკუთარ თავზე ვმუშაობდი, ვსწავლობდი, როგორი არ მინდოდა ვყოფილიყავი. ეს სიმშვიდე ჩემი დიდი შრომით არის მოპოვებული.
- ინტერვიუს დროს ახსენეთ, რომ თუ არაფერი გამოვიდა, ქვეყნიდან წახვალთ, აქამდე არასოდეს გქონიათ მცდელობა?
- ცხადია, მიფიქრია, შეიძლება ვინმემ თქვას კიდეც, რომ არავინ მყავს დასატოვებელი, მარტო ვარ. მაგრამ იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა, რომ მინდა ჩემი წვლილი შევიტანო, თუნდაც ერთი აგური მაინც დავდო. ახლა თუ მართლა არაფერი გამოვა, ალბათ სხვა გზა აღარ მექნება. იმედგაცრუებას მირჩევნია, ყველაფერი თავიდან დავიწყო. არ მეშინია მიზნების დასახვის, სიახლის, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საქმეს, რომელზეც სარჩელი მაქვს შეტანილი, ამ საქმეს აუცილებლად დავასრულებ. კარიერული კუთხით კი, თუ ისევ არაფერი გამომივა, გადაწყვეტილი მაქვს დავტოვო ქვეყანა და წავიდე.
წაიკითხეთ ასევე: