ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის დროს სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.