მესამე დღეა, რაც უკრაინელები კურსკის ოლქზე შეტევას ახორციელებენ. 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს და ამ დრომდე წარმატებით მიწევენ წინ.
რა ვითარებაა ახლა კურსკში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამის შესახებ ცნობებს ვანო ნადირაძე გვაწვდის:
- მიმდინარეობს ტერიტორიის გაფართოება, ჩემი ბიჭები გუშინ, სადღაც 15 კილომეტრის სიღრმეზე იყვნენ შესულები და 10 კილომეტრის სიგანის ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ახლა ეს 20 კილომეტრამდე გაიზარდა. ქალაქი სუჯას ადმინისტრაციულ შენობაზე უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს. ამაღამ კიდევ გაგრძელდება გაფართოება.
- ერთია ის, რომ სუჯაზე შეტევისთვის მზადება გამოეპარა რუსულ დაზვერვას, მაგრამ მეორეა ის, რომ უკრაინელებმა წარმატებით გადაიარეს დანაღმული საზღვარი, როგორ მოხდა ეს?
- ამ ოპერაციისთვის საკმაოდ დიდხანს ვემზადებოდით, მე პირადად ვიყავი ჩართული რიგი საკითხების დაგეგმვაში. თავი მოვუყარეთ დაზვერვითი სამუშაოების, ასევე უპილოტოების საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციებს - რუსების საცეცხლე წერტილებისა და სამხედროების განლაგების შესახებ. რა თქმა უნდა, ვიცოდით რომ საზღვარი დანაღმული იყო. ბიჭებმა ძალიან დიდი სიფრთხილით ჩაატარეს განაღმვითი სამუშაოები. ამ ყველაფერს ორი თვის განმავლობაში ვამუშავებდით. .
- როგორც გავიგეთ, მთელი ამ ამბის ავანგარდი ქართველები არიან...
- უფრო სწორად ქართველი. დიახ, დაზვერვის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პირველი შევიდა კურსკში და განაღმვითი სამუშაოები აწარმოა ქართველი - გიორგი ფარცვანია გახლდათ. ის მუდმივ სატელეფონო კონტაქტზე იყო ჩემთან და საჭიროების მიხედვით ვაძლევდი რჩევებს. გიორგიმ სწავლება გაიარა ლონდონში და ვფიქრობ წინ კიდევ კარიერული წინსვლა ელის.
- ალბათ უკვე ელით რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს. მედვედევი ამბობს, რომ დიპლომატიური რევერანსების დრო აღარ არის და ამიერიდან, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი მხოლოდ "ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯა კი არა, არამედ უკრაინის მიწებისკენ წასვლაა
- მედვედევი ამას რომ ამბობდა, ალბათ სამი ბოთლი არაყი უკვე ჰქონდა დალეული. ეგენი უკვე იყვნენ მოსულები კიევთან, სამ დღეში აპირებდნენ დედაქალაქის აღებას, მაგრამ მერე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. თქვენც ნახავდით, პუტინის მიერ მოწვეულ საგანგებო თათბირს, მე ახლაც თვალწინ მიდგას მისი შეშლილი სახე, არანაირად არ ელოდნენ, იმას რაც ახლა ხდება. ალბათ იცით, პაკროვსკის როგორ უტევენ, ამის ფონზე ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენ პირიქით, მათ ტერიტორიაზე შევიჭრებოდით. სხვათა შორის, 29 ივლისისთვის ჩვენ აქეთ ველოდით რუსების შეტევას, მერე რატომღაც, რაც კი ბრძოლისუნარიანი ძალები ჰყავდათ, ყველა ხარკოვის მიმართულებით გადაისროლეს. ჩვენ ეს მომენტი ხელიდან არ გავუშვით. "ახმატ ჩაი" პირველივე შეტევისას უკანმოუხედავად გაიქცა და მობილიზებულები ჩვენ შეგვატოვეს. .
- ჯერ კიდევ გუშინ ამბობდით, რომ 40 ტყვე ჩაიგდეთ ხელთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეთა რაოდენობამ სამასს მიაღწია. საინტერესოა, მათ შორის თუ არიან ისეთი პერსონები, ვინც რუსეთისთვის ძვირად ფასობს?
- პირველ რიგში გეტყვით, რომ ტყვეთა რაოდენობამ სამასს უკვე გადააჭარბა და 390-მდე გაზიარდა. ეს ის ხალხი იყო, ვინც წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრეს.
- არის თუ არა კურსკზე შეტევის მთავარი მიზანი ატომური სადგურის ხელში ჩაგდება?
- ეს ვერსია რეალობას არ შეესაბამება, კურშატოვოს ატომური სადგური ნამდვილად არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე. უკრაინა, რუსეთის მსგავსი ტერორისტული სახელმწიფო არ არის, ეს რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მთელი მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით. უკრაინა ამას არ აპირებს.
- მაშინ რა უპირატესობას აძლევს უკრაინას ახლა კურსკის დაკავება?
- მხოლოდ ერთი მიზნის დასახელება შემიძლია, მეტის უფლება ახლა არ მაქვს. ამ შეტევის ერთ-ერთი მიზანი პაკრივსკზე და ტორეცკიზე შეტევების შენელებაა. რუსეთს ამ ეტაპზე სერიოზული რეზერვი არ გააჩნია, რაც კი ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავს, ყველა მიმართულია ჩასივ-იარის, პაკროვსკიზე, ტოლეცკის მიმართულებით. იძულებული გახდება, იქიდან რაღაც ნაწილები მაინც გამოიყვანოს, კურსკის გასამაგრებლად და სხვათა შორის, არამარტო კურსკის. ორ დღეში ბელგოროდის გამაგრებაც მოუწევთ.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენ არ ვაპირებთ კურსკით დავკმაყოფილდეთ, შემდეგი იქნება ბელგოროდი.
წაიკითხეთ ასევე: