ავტორი:

"ომის დღეებში ჩემს შვილსა და მის კოლეგებს იმის დროც არ ჰქონდათ, დაესვენათ, კედელს მიეყუდებოდნენ და 10 წუთით ატყუებდნენ თვალს" - რუსულ აგრესიას შეწირული ქართველი ექიმის გმირობის ამბავი

"ომის დღეებში ჩემს შვილსა და მის კოლეგებს იმის დროც არ ჰქონდათ, დაესვენათ, კედელს მიეყუდებოდნენ და 10 წუთით ატყუებდნენ თვალს" - რუსულ აგრესიას შეწირული ქართველი ექიმის გმირობის ამბავი

2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზო... ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდის. რამდენიმე წამი და, "დაწექით!" - ისმის ყვირილი. ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთი არ იძვრის. ჰოსპიტლის ეზო წამში კვამლში ეხვევა. გადარჩენილი მედპერსონალი ერთმანეთს ეხმიანება. მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებს ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავს... მაშინ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ დაიბადა აგვისტოს ომის გმირი გოგა აბრამიშვილი! ექიმი, რომელმაც არ დატოვა გორის ჰოსპიტალი და რუსული ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა. დღეს გორის ჰოსპიტალი მისი სახელობისაა. გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" აქრივიდან:

ნანა გვერდწითელი, გოგა აბრამიშვილის მეუღლე:

"გოგას ხშირად უწევდა მივლინებაში წასვლა, ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელს ველოდი, რომ დაბრუნდებოდა. ახლა აღარ ველოდები, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას".

ნათელა მირიანაშვილი, გოგა აბრამიშვილის დედა:

"მხოლოდ შვიდი თვე გაატარა ჩემმა შვილმა გორში და ყველას დაამახსოვრა თავი. დღეს მისი კაბინეტი ხელუხლებელია, მისი კუთხე, კანდელი, სურათი და ის გადაჭრილი ხეც, რომელიც საჰაერო იერიშის დროს ჩემს შვილს დაეცა და წამში გაათავა. ვანთებ სანთელს და ვლოცულობ იქ, საიდანაც ჩემმა შვილმა ვერ გამოაღწია. სულ უცხო ადამიანები მოდიან და ისეთ რამეებს მიყვებიან გოგაზე, ნანამ, ჩემმა რძალმა მითხრა, რა საოცარია, გოგა სახლში არაფერს ამბობდა, თუ ამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული, არ ვიცოდიო. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ვხვდები, ჩემი შვილისთანა ადამიანები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიიწევენ სულიერი სრულყოფისკენ, რომ ამას არავის ახვევენ თავს, თავიანთი ცხოვრების წესით ახერხებენ ამას.

გოგას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად უწევდა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ერთხელ ყაზბეგის რაიონიდან ბეთლემის გამოქვაბულის ხილვით აღფრთოვანებულმა მომწერა: "მე ვარ მყინვარწვერზე. შეგეწიოს უფალი ოთხი ათასი მეტრის სიმაღლიდან", - ამ წერილის გამოგზავნიდან ძალიან მალე დაიღუპა.

ბავშვები არასოდეს სხდებიან მამის მოსახსენიებელ სუფრასთან. საფლავზე რომ გავდივართ, მაშინაც არ ვსაუბრობთ გოგაზე როგორც გარდაცვლილზე.

ჩემი შვილი 1967 წელს სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეორე კურსიდან ჯარში გაიწვიეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქირურგად მუშაობდა ჯერ რესპუბლიკურში, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს საველე-სამედიცინო ბატალიონის უფროსად. ერთხანს ეუთოში მუშაობდა, 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგად".

ნანა გვერდწითელი:

"სანამ ომი დაიწყებოდა, მე და ჩემი შვილები ჩემი დის ოჯახთან ერთად ვიყავით ზღვაზე. გოგა ვერ წამოგვყვა, შვებულება ვერ აიღო. 10 აგვისტოს რუსები ფოთშიც შემოვიდნენ და ჩვენ შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ. კოშმარი იყო, შვიდი ბავშვი გვახლდა. გზიდან გორში დავრეკეთ და გვითხრეს, გორის მაგისტრალზე, რუისთან, სამგზავრო-სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს და არც იფიქროთ ჩამოსვლაზეო, ამიტომ ახლობლებთან ჩავედით ხარაგაულში. დროდადრო გოგას ვურეკავდით და სულ ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, არ გაბედოთ და არ გამოიაროთ გორზეო". გაგრძელეთ კითხვა