დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დედა შოკში ჩავარდა, როდესაც უთხრეს, რომ მის 6 წლის ქალიშვილს საზღვარგარეთის პასპორტს ვერ მისცემდნენ, რადგან მას "სამეფო კარის თამაშების" პოპულარული პერსონაჟის სახელი ერქვა. ამის შესახებ BBC წერს.
ლუსის თქმით, 6 წლის კჰალისს უარი უთხრეს პასპორტზე, რადგან ამისთვის Warner Brothers-ის თანხმობა სჭირდებოდათ, რადგან სწორედ ისინი ფლობდნენ ამ სახელზე სასაქონლო ნიშანს.
39 წლის დედას შვილთან ერთად საოცნებო მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი პარიზის დისნეილენდში, როდესაც ცუდი ამბავი გაიგო.
"საპასპორტო განყოფილებიდან მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილის სახელი Warner Brothers-ის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენდა. პირველად გავიგე ამის შესახებ, გაოგნებული ვიყავი", - იხსენებს ლუსი.
იურიდიული რჩევის მიღების შემდეგ, იმედგაცრუებულმა დედამ შეიტყო, რომ მის ქალიშვილს ნამდვილად ჰქონდა სახელის გამოყენების უფლება და ეს ინფორმაცია საპასპორტოს გადასცა.
"მე არ მესმოდა რა ხდებოდა, იმედგაცრუებული ვიყავი. დაბადების მოწმობის აღების დროს პრობლემა არ შეგვქმნია: "არასოდეს მეგონა, რომ სახელი შეიძლებოდა ყოფილიყო სასაქონლო ნიშანი."
გავრცელებული ინფორმაციით, ლუსის მოგვიანებით დაურეკეს და ბოდიში მოუხადეს შეცდომისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პატარა კჰალისი შეძლებდა პასპორტის აღებას, ლუსი ამბობს, რომ პრობლემა იმიტომ მოგვარდა, რომ გამწარებულმა დედამ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
"მე რომ არ გამომექვეყნებინა ამის შესახებ სოციალურ მედიაში, არაფერს გააკეთებდნენ", - მისი თქმით, სტატუსის შემდეგ მას სხვებიც დაუკავშირდნენ, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ.
”იმედი მაქვს, რომ პასპორტს მალე მოგვცემენ. დამპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში დამირეკავენ, რომ ვნახოთ, რა იქნება”, - განუცხადა მან გამოცემას.
ლუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია სხვებსაც დაეხმარება, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება.