პარტნიორები:
    ავტორი:

    ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მოკლულს ბავშვობიდან იცნობდა - რა დაადგინა სასამართლომ?

    ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მოკლულს ბავშვობიდან იცნობდა -  რა დაადგინა სასამართლომ?

    თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა.

    2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა ბაზილარ მაჰმუდოვმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა.

    "პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, გასულ წელს მომხდარ დანაშაულს 29 წლის ჯავიდ მამედოვი შეეწირა, რომელიც სოფელ ლამბალოდან იყო და მეზობელ სოფელში ქორწილში იმყოფებოდა.

    იმჟამად, მოკლულის მამა აცხადებდა, რომ მის შვილს ბრალდებულის ვალი ჰქონდა - ლაპარაკი იყო, დაახლოებით, 150 ათას ლარზე. ამის სანაცვლოდ ოჯახმა კაცს საკუთარი სასადილო გადაუფორმა და დარჩენილი იყო მცირეოდენი ვალი, რის გამოც, სავარაუდოდ, მხარეებს შორის დაპირისპირება ქორწილში დაიწყო.

    მოკლულის მამა ასევე ამბობდა, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავდა ერთი პირი, თუმცა, მისი ვარაუდით, მის შვილს დაახლოებით 6 პირი უსწორდებოდა და ყველას დასჯას ითხოვდა. მოკლულის დედა კი ამბობდა: "ჩემს შვილს სასტიკად გაუსწორდნენ, 6 ადამიანი სცემდა, თავში ურტყამდნენ და შემდეგ დანა დაარტყეს, ყველა დასაჭერია."