ავტორი:

"ივანიშვილის მიზანი ქვეყნის იზოლაციაა... ევროკავშირში სერიოზულად არის საუბარი ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე" -  ექსპერტი

"ივანიშვილის მიზანი ქვეყნის იზოლაციაა... ევროკავშირში სერიოზულად არის საუბარი ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე" -  ექსპერტი

ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყნის იზოლაციაა, მაგრამ ვერ იტყვის, რომ "მე მინდა ეს“, იტყვის "მაიძულეს“, კანდიდატის სტატუსიც ასე ვთქვათ, შეეტენა, სხვა გზა არ ჰქონდა , - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ“ პროევროპულობის ილუზია დაკარგა და ახლა უკვე ამის აღარავის სჯერა.

“წყალგამყოფი არსებობს. 29 აპრილი არის ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური ტრანსფორმაციის დღე. მანამდე ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ფრთხილი ყოფილიყო, ხიდები არ დაეწვა, სხვების ხელებით ეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ 29 აპრილს გამოვიდა და ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რასაც დღეს ალბათ, ნანობს. "ქართულმა ოცნებამ“ პროევროპულობის ილუზია დაკარგა, რითაც ბევრი ადამიანი თავს იწყნარებდა და მაინც მათ აძლევდა ხმას, ან არ იყო პოლიტიკურად აქტიური საერთოდ. ახლა არავის აღარ სჯერა. ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც არ ჰქონდათ პოლიტიკური აფილიაცია, ამბობდა, რომ "ესენი იქნებიან, თუ ისინი, რა მოხდა?“. ეს დამოკიდებულება შეიცვალა. განსაკუთრებით ახალგაზრდები, როლებიც არჩევნებზე არ დადიოდნენ, ახლა მოვლენ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს დაემუქრა "ქართული ოცნება““, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

როგორც ნოდარ ხარშილაძემ გადაცემა "რეზიუმეში“ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ ევროკავშირში სერიოზული საუბრებია და ამ თემაზე განცხადებას სექტემბერში გააკეთებენ.

"უკვე გააქტიურებულია და სამწუხაროდ საკმაოდ ბოლოსკენაა გასული ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება კონსენსუსი, ტექნიკურ დონეზე შსს მინისტრებს შორის შეხვედრა იმართება და თუ არ ვცდები ორი მესამედიც საკმარისია. ძალიან სერიოზულადაა საუბარი ამაზე. ერთ-ერთი პროპონენტი ამ საუბრის ზუსტად ის ქვეყანაა, რომლის კანცლერსაც შეურაცხყოფა მიაყენეს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. თქვეს, არ წარმოადგენს გერმანელ ხალხს შოლციო და რა აღარ ილაპარაკეს. დიდი შანსია, რომ სექტემბერში ამაზე განცხადება გაკეთდეს. შეიძლება არ გაგვიჩერონ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ განცხადება გაკეთდება აუცილებლად, რომ ამაზე ფიქრობენ“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.