ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება" - გიორგი ბარამიძე ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე

"მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება" - გიორგი ბარამიძე ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე

მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად რეალურია, რომ მათ პარტიაში სამომავლოდ გიგა ბოკერია ან თამარ ჩერგოლეიშვილი ვიხილოთ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, გიგა ბოკერიას ან თამარ ჩერგოლეიშვილს არ აქვთ სწორი განწყობა და დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი, ერთიანობისადმი და რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილისადმი.

"ალბათ, ხუმრობთ. არა. ისინი არავის აღარ წარმოადგენენ. ისინი ალბათ, უფრო მათთვის სამწუხაროდ, ივანიშვილის გინებაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის გინებით არიან დაკავებული, რაც მათი მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, ყველა გაგებით არასწორი საქციელია. არ მიმაჩნია, რომ ასეთი განწყობის მქონე ადამიანების ჩვენს გაერთიანებაში მოსვლასთან დაკავშირებით რაიმე შანსი იყოს იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სწორი განწყობა და დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი, ერთიანობისადმი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ივანიშვილის მთავარი ოპონენტი ლიდერისადმი, რომელიც დღეს საპატიმროშია. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება“,-განაცხადა ბარამიძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური პროდასავლური პარტიების ერთიანობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.

"მიგვაჩნია, რომ ერთი დიდი პროდასავლური ფრონტი ამ მოღალატე რეჟიმის წინააღმდეგ არის ჩვენი უფრო დიდი სხვაობით გამარჯვების გარანტი, ვიდრე რამდენიმე ცენტრის შექმნა, მაგრამ ჩვენი კოლეგა სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმატში მათთან ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა ბარამიძემ.

მან განმარტა, რომ პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

„ბუნებრივია, სათანამშრომლოდ ყველა პარტიასთან მზად ვართ, ყველა პატარა და მსხვილ პარტიასთან, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, მიგვაჩნია, რომ ერთი დიდი ფრონტის შექმნა მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ არის ყველაზე უფრო დიდი გარანტი ისეთი გამარჯვების, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ არა მარტო ეს მოღალატეობრივი რეჟიმი გავისტუმროთ, არამედ საქართველო სწრაფად დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“,- განაცხადა ბარამიძემ.