ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის კლინტონისთვის მიწერილი წერილი, საქართველოს ინტერესებს და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც აგენტურასთან საერთო არაფერი აქვს.
"მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი იქნება თუ ნებისმიერი მისი გამოსვლა, მიმართვა თუ მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, ემსახურება საქართველოს ინტერესს და სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, ჩვენ გავაძლიეროთ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი და არა ის აგენტურა, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, არანაირად არ უკავშირდება აგენტურას." - აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, ტელეკომაპნია "ფორმულას" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი ასაჯაროებს მის მიერ მოპოვებულ წერილს, რომლითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 2012 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მიმართავდა.
"თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება იყო ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის წინ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სამწუხაროდ, ძველი ჩვევების გადალახვა რთულია. ჩვენს ერს ჯერ კიდევ აკონტროლებენ ერთპარტიული ინსტიტუტები ისეთი ლიდერის ხელში, რომელიც უარყოფს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - რომ ერთ დღეს უნდა დატოვოს თანამდებობა. ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკას ესმის და მხარს უჭერს მათ ოცნებებს. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით სასარგებლოა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის", - წერდა ივანიშვილი 2012 წელს.