ახლახან საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - გოგონები სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიასთან ითამაშებენ. პლეი ოფის მატჩების პირველი რაუნდი შემოდგომაზე, 23 -29 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თათია გაბუნიაა, რომელიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კარს იცავს. მისი საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთის "ლანჩხუთში“ იწყება და კლუბ "კვარტალში“ გრძელდება. ის ერთი მათგანია, ვინც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთი ქალის საქმეცაა.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი სპორტს მშვენივრად უთავსებს სწავლას და აქვს ოცნება - რომელიმე ევროპულ კლუბში ითამაშოს, ამისთვის კი, როგორც მეუბნება, ბევრი უნდა იშრომოს და განვითარდეს. მისთვის დიდი პატივია, ბოლო დროს "ქალი მამარდა“, და "დედარდა“ რომ შეარქვეს. ცნობისათვის, თათიას მწვრთნელი გიორგის მამა - დავით მამარდაშვილია.
- ჩოხატაურში დავიბადე, ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, მუსიკალურ სკოლაში... ფეხბურთის თამაში ეზოში დავიწყე, ძირითადად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მივხვდი, რომ მაინტერესებდა ფეხბურთი, მინდოდა მეთამაშა და გავყოლოდი ამ სპორტს, უბრალოდ, არ ვიცოდი, იყო თუ არა ქალთა გუნდი. ხშირად არ ვამბობ, მრცხვენია იმის თქმა, რომ ფეხბურთის ყურებით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული, ახლაც იშვიათად ვუყურებ... უბრალოდ, მომწონდა კარში ბურთის დარტყმა, ის ხალისი, რაც თამაშს ახლავს, მიყვარდა ბავშვებთან ერთად გართობა. ბავშვობაში, ძირითადად, თავდასხმაში ვთამაშობდი. ერთ დღეს, მამას მეგობარი იყო ჩვენთან მოსული და მითხრა, ლანჩხუთშია ქალთა გუნდი, რომელიც საქართველოში პირველიაო და ამ დღიდან მომივიდა აზრი, რომ იქ წავსულიყავი. სურვილი ოჯახში გამოვთქვი, რასაც მშობლების მხრიდან დიდი ნეგატივი მოჰყვა, მეუბნებოდნენ: შენ გოგო ხარ და არ შეგშვენის ფეხბურთის თამაში, სხვა საქმით უნდა დაკავდე, სწავლას უნდა მიხედოო და ა.შ. მაინც არ დავიშალე... დავიწყე ფეხბურთის თამაში "ლანჩხუთში“, სკოლიდან მინი ტურნირებზე მომიწია გასვლა. ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და შემომთავაზა, მასთან მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და გუნდს დავხმარებოდი. მან ნაკრებში მიმიწვია, როგორც თავდამსხმელი. დროთა განმავლობაში დამაინტერესა, როგორი იქნებოდა მეკარის პოზიცია, მეკარის თვალით დანახული ფეხბურთის თამაში, თამაზმაც შემომთავაზა, მეკარეობა სინჯე, იქნებ უკეთესად გამოგივიდესო და ასე აღმოვჩნდი თავდასხმიდან - კარში.
- სიმაღლით 173სმ. ვარ, სურვილი მექნებოდა, მეტის ვყოფილიყავი... ზოგადად, მეკარეს სიმაღლე და ბევრი სხვა რამ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უწევს ბევრი სირბილი, მაინც ისევე იღლება, როგორც ყველა ფეხბურთელი. ვარჯიშზე შეიძლება მეკარე უფრო დაიღალოს, ვიდრე ფეხბურთელი, რადგან ამ სფეროს სხვა სპეციფიკა აქვს. მას სჭირდება გამძლეობა, სიზუსტე, ხტომა, სისწრაფე, სისხარტე, კონცენტრაცია და ყველაფერი. ნაკრებში 17 წლამდელებში, შემდეგ 19 წლამდელებშიც კაპიტანი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. მეკარე გუნდის 50%-ს წარმოადგენს, თუ სიტყვაზე, მთელი გუნდი ცდილობს გოლი გაიტანოს, დაცვა ცდილობს კარი დაიცვას, შენც მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მოგებული თამაში არ შეტრიალდეს და კარი შეინარჩუნო.
როცა მეკარის პოზიციაზე იწყებ თამაშს, ამას თავიდან მოსდევს ტრავმები, პატარ-პატარა მოტეხილობა, სილურჯეები, ნაღრძობი... ზოგადად, სპორტი ტრავმის გარეშე არ არსებობს. თავიდან ეს ყველაფერი მკვეთრად იჩენს თავს და ნელ-ნელა სწავლობ სწორად გადახტომას, სწორად დაწოლას, სიმაღლეში ახტომას და მერე ყველაფერი გიმარტივდება, ეგუები ამ ყველაფერს და ტკივილსაც იმდენად ვეღარ გრძნობ. შეიძლება მოგიწიოს თამაშში ტრავმის აკიდება, მაგრამ იმდენად აზარტში ხარ და იმხელა ადრენალინი გაქვს, იმ მომენტში ვერაფერს ამჩნევ. ეს ცუდი მომენტია იმიტომ, რომ შემდეგში ამ ყველაფერმა შეიძლება რამდენიმე თვე დაგაპაუზოს და იმდენის გაკეთება ვეღარ შეძლო, რასაც იქამდე აკეთებდი.
- "ლანჩხუთში“ 2014 წელს დავიწყე თამაში, 14 წლის ასაკში. როდესაც მინი ტურნირები ჩატარდა, მაშინ იქ იყო ლანჩხუთის გუნდიც, ჩვენი ნაკრების წარმომადგენლებიც და ჩემით ორივე მხარე დაინტერესდა. ბატონი დურმიშხან ჩხაიძე ("ლანჩხუთის“ დირექტორი) იყო მოსული და მითხრა, ლანჩხუთის გუნდში მეთამაშა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან ვიცოდი, რომ აქედან იწყებოდა ყველაფერი. პარალელურად, ნაკრებშიც გამომიძახეს და იმ დღიდან დაწყებული, 9 წელი "ლანჩხუთში“ გავატარე. ეს იყო ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში, იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაზ კოსტავას იმის გამო, რომ მომცა იმის საშუალება, უფრო სხვა კუთხით დამენახა ჩემი თავი, ჩამოვყალიბებულიყავი რისი გაკეთება მინდოდა, მეკარეობა მან დამაწყებინა და ვფიქრობ, ჩემი ადგილიც მაპოვნინა გუნდში.
- ვიდრე ქალთა საფეხბურთო კლუბ "კვარტალში“ გადავიდოდი, მანამდე თურქეთში წავედი, დაახლოებით 4-5 თვე მომიწია იქ გაჩერებამ და უკან დავბრუნდი. მე და ჩემი მეგობარი თეონა ბაქრაძე ერთად ვთამაშობდით "ლანჩხუთში“ და როცა საქართველოში სეზონი დამთავრდა (თურქეთში მაშინ იწყებოდა ახალი სეზონი), ერთად წავედით კლუბ Amedspor -ში. მოთხოვნა ძირითადად ბაქრაძეზე იყო და თან მეკარეც უნდოდათ. სამწუხაროდ, თამაში ვერ ვითამაშე, ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო. როცა მეკარე ჩადის და სხვა მეკარე ხვდება, ძალიან რთულია, უხეშად რომ ვთქვათ, ძირითადის მეკარე ამოაგდო. ამის გამო ლოდინი მომიწია და როცა გადაწყდა, უნდა მეთამაშა, თურქეთში დიდი უბედურება დატრიალდა - მიწისძვრა მოხდა და უკან ჩამოვედით. კიდევ 1 წელი ვითამაშე "ლანჩხუთში“ და შემდეგ გადავედი "კვარტალში“, სადაც სტაფიც და ბავშვებიც ძალიან დამეხმარნენ.
- სტერეოტიპები მართლაც დავამსხვრიეთ... ადრე თუ ყველას ეჩვენებოდა, ქალის ფეხბურთი სისულელეა, ახირებაა და მშობლები გოგონებს ამ სპორტზე არ უშვებდნენ, დღეს მათაც დაინახეს, რომ ეს ადამიანის თავისუფალი, ჯანსაღი მისწრაფებაა. ჩემს არჩევანს თავდაპირველად თუ აპროტესტებდნენ, დღეს ჩემი დედ-მამა, ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია.
ჩვენსა და ვაჟთა ნაკრებს შორის ის განსხვავებაა, რომ იქ სხვანაირი სისწრაფე, ფიზიკური მონაცემები და სხვა ხარისხია. ჩვენ უფრო ახალბედები ვართ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფეხბურთს ჩვენამდეც თამაშობდნენ. ჩვენთან ეს სპორტი იმდენად აქტუალური არ იყო, ბევრმა არ იცოდა მისი არსებობა, ქალთა ფეხბურთმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უფრო წამოიწია. ერთმანეთთან საერთო ის გვაქვს, რომ როგორც ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში არიან ერთიანნი და აქვთ შეკრული გუნდი, ჩვენც ისე გავდივართ მოედანზე, როგორც ერთი ოჯახი. ვთვლით, რომ ჩვენც და ბიჭებიც ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ.
- სამწუხაროდ, ამდენი წვალების და თავის გამოჩენის შემდეგ მაინც ხდება ისე, რომ ზოგიერთები ჩვენს მიმართ ნეგატიურ შეფასებას გამოთქვამენ. მესმის, ეს მათი შეხედულებაა და გემოვნება, ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ, თხოვნა მექნება, სანამ რამეს იტყოდნენ, გამოხატვის ფორმას დაუკვირდნენ, იცოდნენ, სად, რა და როგორ თქვან. მით უმეტეს ახლა, როცა ქალთა ნაკრებს მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს - წინ ერთა ლიგის პლეიოფია, ზუსტად ახლა გვჭირდება ელემენტარული გამხნევება - "აბა, თქვენ იცით, გოგონებო, წარმატებას გისურვებთ“ და არა ის, ქალებს რა გაწივლებთ და გაკივლებთო. ამასწინათ, თამაშის ბოლოს პენალტი რომ გავიტანეთ, ამის ვიდეო შემხვდა, რასაც ბევრი უხეში კომენტარი ახლდა - რა გაწივლებთ, პენალტი იყო, რა გააკეთეს და რა უხარიათ ამისთანა და მსგავსები. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო ნეგატივიც არ არის, ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა... ადრე, 5-6 წლის წინ, თამაშებს თუ ვაგებდით, მართლა გვაპარტახებდნენ, მოგებულ თამაშზეც კი საზიზღრობებს გვიწერდნენ. ახლა, ბოლოს ბელარუსთან რომ დავმარცხდით, პირიქით, ყველა პოზიტივს ასხივებდა, გულს გვიკეთებდნენ - არა უშავს, თქვენს გვერდით ვართო, გვამხნევებდნენ, რაც მართლა დიდ მუხტს გვძენს და "ჟილკას“ გვიმატებს, თამაში რომ მოვიგოთ.
გიორგი გველესიანის გამონათქვამი ყველას გვეწყინა, თან იმ დროს, როცა გვერდში დგომა გვჭირდებოდა. მესმის მისი დამოკიდებულება, არ მინდა რამე უხეშად გამომივიდეს, ყველას მოსაწონად ყველაფერს ვერ იტყვი, მაგრამ ცოტა მერეც შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. ეს ის პერიოდია, ქალებს სტილით წამყვან ვაჟ ფეხბურთელებს გვადარებენ, თან პლეიოფს ვთამაშობთ. შეიძლებოდა გიორგის ცოტა სხვა კომენტარი გაეკეთებინა და რასაც რეალურად ფიქრობდა, მისთვის დაეტოვებინა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისგან გვერდში დგომა გვინდოდა გვეგრძნო, ეს მომენტი გვაქვს, თორემ, მესმის, რასაც ფიქრობს და ყველანაირად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. გამიხარდებოდა, სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი.
- თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ ვცდილობ, ამ ყველაფერს თავი ავარიდო. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სიყვარულზე არ მიფიქრია, მინდა უფრო განვვითარდე, გავცდე თუნდაც საქართველოს ფარგლებს და უფრო დიდი ფეხბურთი ვითამაშო სადმე, ევროპულ კლუბში. ბოლო წლების განმავლობაში მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, იყო ცრუ დაპირებაც, ამიტომ გადავწყვიტე, სანამ ნორმალური და რეალური რაღაც არ გამოჩნდება, რასაც ჩავეჭიდებოდი და რაც ჩემს მომავალს განსაზღვრავდა, ვიმუშავო საკუთარ თავზე, უფრო გავძლიერდე. "დედარდა“ შემარქვეს (იცინის), ისე გაბუს მიძახიან. ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო, როცა ასეთი დონის მეკარეს გადარებენ და გეტყვით, რომ გიორგის დიდი გულშემატკივარი ვარ, მით უმეტეს, მამამისი მეკარეების მწვრთნელია ჩვენთან, ნაკრებში (სამი მეკარე ვართ ნაკრებში) და თითქმის 24/7-ზე მისი სახელი გვესმის.
- თავიდანვე, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ვიცოდი, რომ სწავლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ყველას ოჯახშია სიტუაცია, როცა ბავშვი სპორტს ჰკიდებს ხელს, უნდათ, რომ სწავლას არ ჩამოშორდეს, სწავლა და სპორტი ერთმანეთს შეუთავსოს. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, კულტურული ტურიზმის ფაკულტეტზე. პატარ-პატარა მიზეზების გამო მომიწია აკადემიურის აღება და წელს სწავლას დავასრულებ. სხვათა შორის, დეკანი და ლექტორებიც ძალიან მეხმარებიან და ხელს მიწყობენ, ქულა რომ არ დამაკლდეს, ამისთვის პერიოდულად ნაშრომებს ვაგზავნი. თავისუფალ დროს ყველაფერს "ვედები“, ხან კალათბურთს ვთამაშობ, მოყვარულის დონეზე ცოტ-ცოტა ყველაფერი შემიძლია. ჩემი პირველი დიდი ოცნება იყო, დიდი ფეხბურთი მეთამაშა და ეს შევძელი, ახლა მინდა, რომელიმე ევროპული გუნდის წარმომადგენელი ვიყო, გავიდე საქართველოს საზღვრებს გარეთ და უკვე იქედან წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, ჩემი პატარა რაიონი და ოჯახი. 3 წლით პატარა ძმა მყავს, ის ადრე რაგბს თამაშობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო სპორტს შეეშვა და დღეს რადგან თბილისში ვარ (ჩემები კი გურიაში), ჩემი ძმა იღებს თავზე პასუხისმგებლობას, თამაშებზე მოვიდეს და მიგულშემატკივროს.
წინ პლეიოფია, ოქტომბერში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელთანაც აქამდეც გვქონია შეხვედრა. წინა შეხვედრაში მათთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ამჯერად საუკეთესო შედეგს დავდებთ.