ავტორი:

“მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ!“ - ირაკლი ზარქუა

“მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ!“ - ირაკლი ზარქუა

“მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ!“ - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში "24-საათში დასრულებულ ომს", რა პროგნოზიც აშშ-ში ტრამპის არჩევის შემთხვევაში კეთდება.

ზარქუამ მედიის პასუხად განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოზე არავის უფიქრია.

"ჩვენ ვამბობთ, რომ 2030 წელს, თუ ევროკავშირის გაფართოება მოხდება, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც ევროკავშირის გაფართოება შეეხება. უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაფერხონ. ყველაფერს აკეთებენ, რათა შეეკრან აგენტურას, გლობალური ომის პარტიას, რათა ქვეყანა დაძაბონ. თუ აქ ტყვიას გაისვრი, სისხლი დაიღვრება, იმათ მიეცემათ საბაბი თქვან, რომ ქვეყანაში ომია და ევროკავშირში ვერ მიიღებენ. აი, ეს არის ამოცანა და მცდელობა! ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რათა აქ ქაოსი იყოს!

ჩვენ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვთქვით - ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ეს!

ასევე, ებრძვიან "შუა დერეფნის" პროექტს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რასაც ისტორიული ფუნქცია კიდევ უფრო აღმატებულ ნოტაზე გადაჰყავს. გარკვეულ იმპერიებს არ უნდათ, რომ ეს განხორციელდეს და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი საქართველოზე გადიოდეს!

როგორც კი ომი დამთავრდება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის წნეხი ჩვენს მიმართ მოიხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უსამშობლოებს რომ აფინანსებენ, რათა ჩვენ ჩამოგვაგდონ, საქართველოში მარიონეტი ხელისუფლება დასვან და მეორე ფრონტი გახსნან, ამათი დაფინანსებაც შეწყდება.

თქვენ გგონიათ, ლომჯარიას ან გიგაურს ფულს თუ არ მისცემენ, ხმას ამოიღებენ? - თავს არ შეიწუხებენ! მილიონობით დოლარით რომ აფინანსებენ, ამიტომაც იგიჟებენ თავს! ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თუ აშშ-ში "რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, როგორც ტრამპმა თქვა, ომი 24-საათში ანუ ადრე დამთავრდება, ხოლო თუ "დემოკრატები"გაიმარჯვებენ, ომი მომავალ წელს ყველა ვარიანტში დასრულდება, მაგრამ ცოტა გახანგრძლივდება, რადგან "დემოკრატების" მიდგომაა, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და ამარაგებენ მას იარაღითა და ფინანსებით.

როგორც არასდროს ერი და ბერი ერთნი ვართ - აქ არის მშვიდობა და მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. 26 ოქტომბერს მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს!", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.