ავტორი:

"ფარული ვნების" პერსონაჟებს გვადარებენ... გვიწერენ, მართლა აკეთებთ საქმეს თუ გადაღებისთვისო?" - როგორია"ტიკტოკზე" პოპულარული სვანი ბიჭების რეალური ცხოვრება

"ფარული ვნების" პერსონაჟებს გვადარებენ... გვიწერენ, მართლა აკეთებთ საქმეს თუ გადაღებისთვისო?" - როგორია"ტიკტოკზე" პოპულარული სვანი ბიჭების რეალური ცხოვრება

ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმამ ფართო საზოგადოებას არაერთი ადამიანი გააცნო. ზოგიერთი ძალიან შეიყვარეს კიდეც, ქუჩაში აჩერებენ, მათთან ფოტოებს იღებენ, თბილად ესალმებიან. მათ შორის არიან სვანი ბიჭები - ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე, რომლებიც "ტიკ-ტოკის" საშუალებით გაიცნეს. ისინი სოფელ ლახამულაში რანჩოს აშენებენ და მათი ვიდეოებიც ძირითადად ამ თემას ეძღვნება.

  • ბიჭების ინტერნეტვარსკვლავობა კი ასე დაიწყო - ერთხელ ლევანის მიერ "ტიკ-ტოკზე" სასინჯად ატვირთულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ბიჭებს ამ კუთხით შემდგომი აქტივობისთვის მეტი გასაქანი მისცა. არც ისე დიდ დროში უკვე 17.000-მდე გამომწერი ჰყავთ. ყოველდღიურად ყოველ ახალ ვიდეოს, ბოლო 2 კვირაა, ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს...

სანამ AMBEBI.GE-სთვის მათთან ჩაწერილ ინტერვიუს წაიკითხავთ, მანამდე მათ შესახებ მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით.

დავითი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, სამართლის განხრით სწავლობს, მეოთხე კურსზეა. პარალელურად ფიტნესინსტრუქტორია, მოსწავლეებს ავარჯიშებს. ერთ-ერთი პრესტიჟული დარბაზის მთავარი მწვრთნელია. ამ ყველაფრის ფონზე აქტიურადაა დაკავებული სვანეთში რანჩოს მშენებლობის საქმეებით, სადაც მეგობარ ლევანთან ერთად, სხვადასხვა ვიდეოს იღებს.

"წარმოშობით სვანი ვარ, კოშკიანი სვანი, იქ დავიბადე და გავიზარდე" - გვეუბნება დავითი.

ლევან მაღრაძე პროფესიით მხატვარ-არქიტექტორია, რაღაც პერიოდში მომღერალიც იყო და ბენდშიც უკრავდა. ამ კუთხით უმეტესად საზღვარგარეთ მუშაობდა. ბოლო დროს ფიტნეს-ინსტრუქტორიც იყო.

"მერე საკუთარი გამოფენებისთვის დავიწყე მუშაობა. რამდენიმე გამოფენა მქონდა დუბაიში, ავსტრიაში. ახლა რანჩოს საქმიანობებში ვარ ჩაბმული და პარალელურად ვგეგმავ რამდენიმე გამოფენას საქართველოში და საზღვარგარეთ".

- ბევრს ძმები ჰგონიხართ, იმიჯიც ერთნაირი გაქვთ, როდის გაიცანით და დაუკავშირდით ერთმანეთს?

დავითი:

- რეალურად ძმები არ ვართ, მაგრამ იმდენი ხანია ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობთ და იმდენი ხანია, ერთ საქმეში ვართ, უკვე ძმები ვართ... 2014 წელს სპორტულ დარბაზში გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ვმეგობრობთ.

ლევანი:

- მესტიაში დავიბადე და მულახში გავიზარდე. დედა ნავერიანი მყავს... რაც შეეხება იმიჯს, სვანეთში როცა ვმუშაობთ, რანჩოს თემატიკიდან და სამუშაოებიდან გამომდინარე, სულ ასეთი ტანსაცმლით ვიყავით და ვმოძრაობდით... ვიდეოს გადაღება შარშან გადავწყვიტე, მერე "ტიკ-ტოკიზე" ჩემი გვერდიც შევქმენი. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ჩვენმა გამომწერებმა კომენტარებში სერიალის გმირებთან დაგვაკავშირეს, რამაც დამატებით კიდევ საინტერესო გახადა ჩვენი ვიდეოები.

- სვანეთში, სადაც რანჩოს სამუშაოებს ატარებთ და ვიდეოებსაც იღებთ, ის ტერიტორია ვის ეკუთვნის?

დავითი:

- ტერიტორია, რომელზეც რანჩოა, ჩემი ოჯახისაა, წარმოშობით იქიდან ვარ, მშობლებიც სვანეთში ცხოვრობენ. იქ დამკვიდრებული ოჯახი ვართ. შესაბამისად, მიწებიც დიდი რაოდენობით გვაქვს. როცა ამ კოტეჯის აშენება გადავწყვიტეთ, სხვაგან რატომ უნდა წავსულიყავით და ჩემს მიწაზე ავაშენეთ... სოფელი ლახამულა მესტიამდეა. აქ ტურიზმი არასდროს ყოფილა. გადავწყვიტეთ, მესტიის ცენტრიდან აქეთაც ჩვენებურად გადმოგვეწია ტურიზმის ცენტრი და ეს სფერო ლახამულაშიც გაგვეაქტიურებინა. ადამიანებისთვის გაგვეცნო აქაური ლამაზი ადგილები, ხედები. კოტეჯების აშენება ამიტომ დავიწყეთ.

- მას მერე, რაც თქვენს საქმიანობას "ტიკ-ტოკზე" ასაჯაროებთ, მაყურებელმა შეგიყვარათ და მუდმივად თქვენს ვიდეოებს ელოდება...

დავითი:

- რასაც ვაშუქებთ, იმას სოციალური ქსელისთვის არ ვაკეთებთ. იმას ვაშუქებთ, რასაც რანჩოზე საერთოდ ვსაქმიანობთ. ვინაიდან ხალხს ამაზე კარგი რეაქცია აქვს და სულ კარგი კომენტარები იწერება, ჩვენც ჩვენი ცხოვრებიდან პატარა ფრაგმენტებს ვთავაზობ... კოტეჯი სამსართულიანია, ფართობი 400 კვადრატს შეადგენს, ჩვეულებრივი ვილაა, ეზოც სოლიდური და დიდი აქვს, საპარკინგე სივრცეც მიწის ქვეშ გვაქვს გაკეთებული. მშენებლობაც 2 წელია მიმდინარეობს და ბოლოში გავდივართ. ეზოს დასუფთავება, დალაგება და მოწყობაა დარჩენილი, სახლი დამთავრებულია. მიწის ფართობი სრულად ნახევარ ჰექტარზე ნაკლებ მიწაზე დგას. მშენებლობის მიმართულება მთლიანად ეყრდნობა მამაჩემის დიდ ცოდნას, რაც წლების განმავლობაში მშენებლობის დარგში დააგროვა. ჩვენი სახლიც, სადაც ვცხოვრობთ, ისიც მამაჩემის აშენებულია. მუშახელიც გვყავს დაქირავებული, რომლებიც აშენებენ, მამაჩემი კი თავზე ადგას და მითითებებს გასცემს. აქტიური სამუშაო სეზონზე, ზაფხულში ჩვენც იქ ვართ. დანარჩენ დროს - თბილისსა და რუსთავში.

დავითი

- მთის დიდი სიყვარული გაქვთ, ჯანსაღი ცხოვრებაა თქვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, სოფლის ცხოვრების მიმართაც დიდ ინტერესს იჩენთ. თქვენთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

დავითი:

- ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც ბავშვობიდან ჩამოგვიყალიბდა მშობლების აღზრდის წყალობით. როგორებიც აღგვაზარდეს და როგორ გზაზეც დაგვაყენეს, იმ გზას მივყვებით. ერთხელაც ჩვენი გზები გადაიკვეთა და გავაგრძელეთ ისე, როგორც დაწყებული გქვონდა.

ლევანი:

- მულახში როცა ბიძაჩემებთან ვიზრდებოდი (მათთან ერთად ვცხოვრობ), ისინიც ანალოგიურად ცხოვრობდნენ. ორივე ბიძა სპორტსმენი იყო. ერთი მოჭიდავე, მეორე - მოკრივე. სამუშაო სეზონზე ყოველთვის ბავშვობიდან სვანეთში ვიყავით. ისინიც სახლში იყვნენ და იმავე საქმიანობას ეწეოდნენ. პარალელურად სპორტული კარიერა ჰქონდათ, გასვლა სხვა ქვეყნებშიც უწევდათ. შეჯიბრებებზე ქალაქშიც ჩამოდიოდნენ. დღეს ჩვენც ასე ვცხოვრობთ.

- სანამ "ტიკ-ტოკზე" თქვენს ვიდეოებს ატვირთავდით, ფიქრობდით, რომ ამას თქვენი ასეთი პოპულარობა მოჰყვებოდა? რა შეცვალა პოპულარობამ თქვენს ცხოვრებაში?

ლევანი:

- არ ველოდი, მაგრამ რადგანაც თავიდან ატვირთული ვიდეო ხალხს ასე მოეწონა, მერე სხვების ვიდეოებსაც გადავხედე. ვნახე, რომ ყველა მთლად ჯანსაღ გარემოს არ ქმნიდა. ჩემს გვერდზე სიჯანსაღე და ნორმალური სიტუაცია მინდოდა შემექმნა... ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო, აქამდე თუ ქუჩაში თავისუფლად გავდიოდით და ნაცნობების გარდა არავინ გვესალმებოდა, ახლა თითქმის ყველა გვესალმება, ჩვენთან ერთად ფოტოს იღებს, სასიამოვნო პროცესია...

ლევანი

- რა გეგმები გაქვთ ამ რანჩო-კოტეჯების დასრულების შემდეგ? რას გააკეთებთ შემდეგში?

დავითი:

- რა გეგმაც გვაქვს გაწერილი, იმას შევასრულებთ. სოფელ ლახამულაში პატარა ტურისტული კომპლექსი შეიქნება, რომელიც ჩვენს რანჩოს და კოტეჯებს მოიცავს. ასევე ჩავატარებთ ტურებს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მასშტაბურ სახეს შეიძენს. დაინტერესება უკვე წამოვიდა. ამ გეგმის განხორციელებას აქტიურად ვაპირებთ. ფინანსებს რაც შეეხება, რა მიზნებიც გვაქვს, მაგისთვის ახლა ვეძებთ ადამიანებს, ვინც თანამშრომლობას გაგვიწევს...

- თიბვა, თივის შეგროვება და სოფლის სხვადასხვა სამუშაო, როგორც ჩანს, იცით და მისი კეთებაც გსიამოვნებთ, ხომ?

ლევანი:

- კი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ვთიბავთ, სოფლის სხვა საქმეებიც ვიცით და ვაკეთებთ კიდეც.

დავითი:

- ვიდეოებზე გვიწერენ, მართლა აკეთებთ ამ საქმეებს თუ გადაღებისთვისო? მინდა, მაყურებლებს თქვენი საშუალებითაც ვუთხრა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენს ვიდეოებში ნახულობენ, რეალურია. დიდ მადლობას ვუხდი ყველას პოზიტიური კომენტარისთვის. რატომღაც ისე მოხდა, რომ სოციალურ პლატფორმებზე ზრდილობიანი ხალხი შემოვიკრიბეთ - თითოეული თავის აზრს იუმორის ფარგლებში წერს.

დავითი

- ნორმა და ხიმენაზე რას გვეტყვით, ვინ არიან და რატომ ახსენებთ ასე ხშირად, ჩვენს მკითხველსაც რომ ავუხსნათ?

- 2000 წელს გადიოდა სერიალი "ფარული ვნება", სადაც მთავარი პერსონაჟი 3 ძმა იყო. მათ 3 და უყვარდათ. იმ დებიდან 2-ს ხიმენა და ნორმა ერქვათ. ჩვენი გარეგნობა და იმიჯი რადგან იმ პერსონაჟებს შეადარეს, გამომწერები გვიწერდნენ, რომ გოგოები სად გყავთო. ჰოდა, ნორმა და ხიმენაც ასე გამოჩნდნენ, რაზეც იგება მერე მთელი ამბები. რეალურად კი ასეთი გოგოები ჩვენს სამყაროში არ არსებობენ, მაგრამ თუ გამოჩნდებიან, რანჩოს საქმეები უნდა იცოდნენ (იცინიან)...

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

ლევანი:

- მუდმივად ისეთი მესიჯების გაგზავნა გვინდა, რომ ჩვენს მაყურებლებს მეტი დადებითი ენერგია გადავცეთ. დადებით ემოციებს აუცილებლად დადებითი გამოხმაურება მოჰყვება, რომელიც გაზრდის გაცემულ ენერგიას და ჩვენც მეტი მამოძრავებელი ძალა გვექნება. ამის დამსახურებით ისეთ საქმეებს გავაკეთებთ, რომელიც წაგვადგება არა მარტო ჩვენ, არამედ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მათაც, ვისაც სიამოვნებს ჩვენთან ურთიერთობა.

ლევანი

დავითი:

- მინდა, გვიყურონ აქტიურად ბევრ საინტერესო რამეს ნახავენ. ახლა ისეთი გეგმები გვაქვს, ისეთ სამუშაოების გაშუქებას ვაპირებთ, რომ ალბათ დიდად ისიამოვნებენ. ამიტომ აქტიურად გვადევნონ თვალი. ჩვენ მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ, რაც არ გვინდა, რომ უყურადღებოდ დავტოვოთ. ამიტომ, როცა კოტეჯებს გავხსნით, დამსვენებლებს, სტუმრებს, ვინც ჩვენთან ჩამოვა, აუცილებლად დავხვდებით, ვუმასპინძლებთ, პირადად მივიღებთ, ვიზრუნებთ მათ კომფორტზე. აგრეთვე გავაკეთებთ გათამაშებებს და სრულიად უფასოდაც შეეძლება ხალხს ჩამოსვლა და რამდენიმე დღის ჩვენს რანჩოზე გატარება.

სექტემბრის დასაწყისში ვფიქრობთ, რომ სამუშაოები დამთავრდება. თუმცა როდის გავიხსნებით, ჯერ არ ვართ თარიღზე შეჯერებული. სახელზე გვეკითხებოდნენ, რანჩოს რა ჰქვიაო? სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია და გვინდა, რომ მაყურებელმა შეგვირჩიოს. თუ თქვენი მკითხველიც ჩაერთვება ამაში, მაგას რა სჯობია. იმასაც გეტყვით, რომ სხვა სოციალურ პლატფორმებზე ვაპირებთ გააქტიურებას, სადაც უშგულიდან, მესტიიდანაც საინტერესო ვიდეოებს შევთავაზებთ. ეს იმისთვის, ვინც არ არის სვანეთში ნამყოფი, მეტად დავაინტერესოთ და ჩვენი კუთხის ნახვის სურვილი გაუჩნდეთ.