დიაბეტის დადასტურებისთანავე ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია - შოთა თადუმაძე დიაბეტურ რეტინოპათიასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე

დიაბეტის დადასტურებისთანავე ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია - შოთა თადუმაძე დიაბეტურ რეტინოპათიასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე

International Diabetes Federation-ის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლისთვის ყოველი 8 ადამიანიდან 1 დიაბეტით იქნება დაავადებული. ეს გახლავთ თითქმის 46%-იანი ზრდა. აღნიშნული პერიოდისთვის 783 მილიონამდე ადამიანი იქნება დიაბეტით დაავადებული.

დიაბეტი მისთვის დამახასიათებელი პირდაპირი გართულებების გარდა, სხვა უამრავ დაავადებასთან არის კავშირში. ერთ-ერთი გახლავთ დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც მხედველობისთვის საფრთხის შემცველი თვალის დაავადება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე განმარტავს, რომ სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურას სისხლძარღვების დაზიანებას. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა.

ოფთალმოლოგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე, მის ტიპებსა და მკურნალობის გზაზე დეტალურად გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა დიაბეტური რეტინოპათია?

დიაბეტური რეტინოპათია არის მხედველობისთვის საფრთხის შემცველი თვალის დაავადება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. მისი არსებობისას მხედველობის თანდათან უარესდება და შორსწასულ ფაზაში შესაძლოა სიბრმავეც კი გამოიწვიოს. დიაბეტური რეტინოპათიის დროს ნეიროსენსორულ ქსოვილში - ბადურაში არსებული სისხლძარღვების ზიანდება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ბადურას ფუნქციას.

განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის 2 ფორმას. ესენია: პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული.

რა განსხვავებაა დაავადების 2 ტიპს შორის?

ადრეული დიაბეტური რეტინოპათიის, იგივე არაპროლიფერაციული ფორმის დროს ბადურას სისხლძარღვები სუსტდება, თავს იჩენს პატარა ზომის სისხლჩაქცევები და მიკრო ანევრიზმები. შედარებით დიდი ზომის სისხლძარღვები იცვლიან ფორმას, დიამეტრი ნორმასთან შედარებით იმატებს. ამ ყველაფერს თან სდევს სისხლძარღვებიდან ზედმეტი სითხის გამოსვლა და ჯანმრთელი ქსოვილის შეშუპება. შედეგად მხედველობის სიმახვილე და ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.

პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია დაავადების უფრო მწვავე გამოვლინებაა. ამ დროს ბადურაში თავს იჩენს ე.წ ნეოვასკულარიზაცია. ეს ნიშნავს, რომ წარმოიქმნება ახალი, არანორმალური სისხლძარღვები. ამ ახლადწარმოქმნილი სისხლძარღვების კედელი ძალზე სუსტია, რის გამოც ადვილად ირღვევა მათი მთლიანობა. შედეგად კი ვითარდება მასიური სისხლჩაქცევა თვალის გამჭვირვალე ქსოვილში, მინისებრ სხეულში. დროთა განმავლობაში ახალი სისხლძარღვების მიმდებარედ წარმოიქმნება ახალი არანორმალური ქსოვილი, ფიბროპროლიფერაციული მემბრანა. მემბრანა მექანიკური ზემოქმედებით ქაჩავს ბადურას და შესაძლოა მისი ჩამოცლა გამოიწვიოს.

ცხადია, რომ დაავადება დიაბეტთანაა პირდაპირ კავშირში. თუმცა თუ არსებობს კონკრეტული რისკჯგუფი, ვისაც დიაბეტური რეტინოპათია განსაკუთრებით ემუქრება?

ზოგადად, რისკჯგუფში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც დიაბეტი დაუდგინდება. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ტიპი 1, ტიპ 2 თუ გესტაციური (ორსულობისას გამოვლენილი) დიაბეტი. დიაბეტის ხანგრძლივი არსებობისას, რეტინოპათიის გაჩენის რისკიც მეტად იზრდება. პოტენციურად რეტინოპათიის განვითარების რისკი მეტად მაღალია იმ პაციენტებთან, რომლებთანაც გართულებულია გლიკემიის (სისხლში შაქრის დონის) კონტროლი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტის ასაკი და გენეტიკური ფაქტორი.

როგორია დაავადების სიმპტომები?

დაავადება საწყის ფაზაში შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დროთა განმავლობაში ხდება მხედველობის თანდათან ან მოკლე დროში მკვეთრად გაუარესება. ასევე დამახასიათებელია მხედველობის ველში მცურავი მრავლობითი წერტილის თუ სხვადასხვა ზომის ლაქების გაჩენა.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ოფთალმოლოგს?

ოფთალმოლოგთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს დიაბეტის გამოვლენისთანავე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა წელიწადში ერთხელ გაიარონ ოფთალმოლოგის შემოწმება. ამით უზრუნველვყოფთ დიაბეტური რეტინოპათიის გამორიცხვას ან მის დროულ გამოვლენას. დროულად გამოვლენის შემთხვევაში საშუალება გვაქვს, დავიწყოთ საჭირო მკურნალობა, რაც დაავადების პროგრესირების და შესაბამისად, მხედველობის დაქვეითების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება „ნიუ ჰოსპიტალსში“? ამისთვის საჭიროა თუ არა თანამედროვე აპარატურა?

დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად ძირითადი კვლევის მეთოდია ფუნდუსკოპია ანუ ბადურა გარსის მიკროსკოპული გამოკვლევა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვალის ფსკერის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიაც. იგი იძლევა საშუალებას ჩატარდეს ბადურა გარსის შრეობრივი ანალიზი და გამოავლინოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მიკროსკოპული კვლევისას არ ჩანს. ინფორმაციულ კვლევას წარმოადგენს ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, რომელიც ბადურას სისხლძარღვებიდან სითხის პათოლოგიურ ჟონვადობას გამოავლენს. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც თვალის ფუნქციას განსაზღვრავენ. ესენია: ვიზომეტრია - მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, პერიმეტრია - მხედველობის ველის დადგენა და მხედველობის შემოწმება ამსლერის ბადით, რაც გამოავლენს ბადურას ცენტრის მაკულის ფუნქციის მოშლას.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ წარმოდგენილია თანამედროვე აპარატურის სრული სპექტრი, რომელიც, ერთი მხრივ, დაავადების დიაგნოსტიკის, მეორე მხრივ, კი მისი მკურნალობის საშუალებას იძლევა.

დიაბეტური რეტინოპათია განკურნებადი დაავადებაა? როგორ ხდება მისი მკურნალობა?

საწყის ეტაპზე მკურნალობა ლაზერულ თერაპიას გულისხმობს. დაზიანებული სისხლძარღვები და ბადურა გარსი ლაზერის საშუალებით უნდა მოიწვას. ასევე ტარდება მედიკამენტის ინიექციები თვალის კაკალში, რაც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს. ამ პროცესში აუცილებელია ენდოკრინოლოგის, თერაპევტის და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ჩართვაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე შორს წასულ სტადიაში თვალის შიგნით ვითარდება სისხლჩაქცევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბადურას ჩამოცლასაც. ამ დროს ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ქირურგიული ჩარევის დროს თვალის შიგნით ჩაქცეული სისხლის მოშორება ხდება. თუ ადგილი აქვს ბადურას ჩამოცლას, ბადურა დაბრუნდება თავის ადგილზე, ჩატარდება მისი ლაზერით გამაგრება (კოაგულაცია), რათა სამომავლოდ მნიშვნელოვნად შემცირდეს ბადურას ჩამოცლის რისკი. ხშირ შემთხვევაში დიაბეტური რეტინოპათიის დროს ბადურა გარსის ზედაპირზე ჩნდება მასთან მჭიდრო კონტაქტის მქონე პათოლოგიური ქსოვილი - „პროლიფერაციული მემბრანა“, რომელიც ასევე ქირურგიული ჩარევის დროს უნდა მოსცილდეს.

R