ავტორი:

ცნობილია საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა - "ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი"

ცნობილია საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა - "ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი"

საჩხერეში 18 წლის ბიჭი მოკლეს. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებულიც ასევე 18 წლის არის, ის პოლიციამ უკვე დააკავა.

  • მოკლული ახალგაზრდა გიორგი მაისურაძეა. მან გორისის საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.

"ვუთანაგრძნობთ ოჯახს და გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას გიორგის გარდაცვალების გამო. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი მისი მშობლიური სკოლისა და ყველა ახლობელი ადამიანისთვის, ვინც ერთჯერ მაინც შეხვედრია მის მომღიმარ და სიყვარულით სავსე თვალებს. ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი და კეთილი..." - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

AMBEBI.GE სკოლის დირექტორს ესაუბრა. მან თქვა, რომ მომხდარით შოკირებულია და საუბარი უჭირს.

"ჩვენი სკოლა წელს დაამთავრა, გიორგი მაისურაძეა მოკლული ახალგაზრდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო. დადებითად დავახასიათებ. ცუდის თქმა მასზე არ შემიძლია. მკვლელობაში ბრალდებულს არ ვიცნობ. აქ ცხოვრობდა თუ არა არ ვიცი. დაზუსტებით არ ვიცი რა ინციდენტი მოხდა. დღეს გავიგე ეს ამბავი და ძალიან განვიცდი. ამ წუთებში ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვარ რომ საუბარი მიჭირს, შოკში ვარ. ძალიან გთხოვთ არ მალაპარაკოთ. ძალიან დადებითი, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო გიორგი. წელს დაამთავრა ჩვენი სკოლა. მართლა უმძიმესი ფაქტია მომხდარი. სოფელში მოხდა ეს ფაქტი და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია ჯერ დეტალები არ ვიცი" - თქვა სკოლის დირექტორმა.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".